ძირითადად, მსხვილმა მედიასაშუალებებმა დაბალანსებულად გააშუქეს კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანია. გასულ წლებში, ქართული მედია მკვეთრად პოლარიზებული იყო პოლიტიკურ ჯგუფებს შორის, რაც წელს არ შეინიშნება. თუმცა, წინასაარჩევნო პერიოდში, მედიასაშუალებები, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, უმეტესწილად კანდიდატების განცხადებებს აშუქებდნენ, ჟურნალისტები კი იშვიათად უსვამდნენ კანდიდატებს კრიტიკულ კითხვებს, არ ახდენდნენ მათი დაპირებებისა თუ შემოთავაზებული პოლიტიკის სიღრმისეულ ანალიზს და არც კანდიდატების წარსულ საქმიანობაზე აწვდიდნენ საზოგადოებას ამომწურავ ინფორმაციას. მედიასაშუალებები წინასაარჩევნო პროცესის კარგი დამკვირვებლები აღმოჩნდნენ, თუმცა კამპანიების გაშუქებას თან მწირი ანალიზი ახლდა. მედიასაშუალებებმა ასევე ვერ შეძლეს პოლიტიკური დებატებისთვის შესაბამისი პლატფორმის შექმნა და ეს ფუნქცია პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო სექტორს მიანდეს.
ათიდან ცხრა მოქალაქისათვის ინფორმაციის მიღების პირველი წყარო კვლავ ტელევიზიაა. წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლებს დაუბრკოლებლად მიუწვდებოდათ ხელი მედიასაშუალებებზე, რომლებიც განსხვავებულად აშუქებდნენ კამპანიებს, რაც მოქალაქეებს კანდიდატებთან დაკავშირებით საკუთარი აზრის ჩამოყალიბებაში ეხმარებოდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით, კანდიდატები ამომრჩევლებთან კომუნიკაციისთვის სოციალურ მედიას ნაკლებად იყენებდნენ.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, მსხვილი ტელეარხები მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნი პოლიტიკურ პარტიებთან და მათგან (როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან,” ასევე კოალიცია “ქართული ოცნებისგან”) პირდაპირი და არაპირდაპირი გზებით დაფინანსებასაც იღებდნენ. 2013 წელს კი მდგომარეობა შეიცვალა და ტელევიზიებსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის მსგავსი ურთიერთობა აღარ შეინიშნება. თუ შარშან რამდენიმე ტელევიზია პოლიტიკურად სენსიტიურ მოვლენებს ერთმანეთთან შეთანხმებულად აშუქებდა, ახლა, ტელეარხები დამოუკიდებლად მოქმედებენ და ცდილობენ ერთმანეთს კონკურენცია გაუწიონ.
საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის დებატების ორი რაუნდი გამართა, თუმცა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ვერ შეძლო საკუთარი მისიის შესრულება და წინასაარჩევნო კამპანიის სიღრმისეულად გაშუქება, რაც მაუწყებელში მიმდინარე ფინანსური და მენეჯმენტის კრიზისითაა გამოწვეული. აღნიშნული კრიზისი, კი, თავის მხრივ, მაუწყებელში პოლიტიკურ ჯგუფებს შორის მიმდინარე დაპირისპირების შედეგია. სექტემბერში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ორმა მეურვემ დატოვა, რის შემდეგაც საბჭოს კვორუმი არ აქვს და მას არ შეუძლია გადაჭრას ფინანსური კრიზისი ან აირჩიოს ახალი გენერალური დირექტორი. თავის მხრივ, ხელისუფლებამ არ გამოიძია საბჭოს წევრების განცხადებები მათზე განხორცილებელი ზეწოლის შესახებ.
საკაბელო ოპერატორებმა შეასრულეს მათზე 2012 წელს დაკისრებული სავალდებულო ტრანზიტის (must carry/must offer) ვალდებულება, რომლის მიხედვითც, ოპერატორებს ქსელში ყველა საერთო მაუწყებელი უნდა ჩაერთოთ. რეგიონების მოსახლეობას ხელი მიუწვდება უფრო მეტ საინფორმაციო არხსა და მრავალფეროვან ინფორმაციაზე, ვიდრე ეს შარშან ხდებოდა. მაგალითად, “მაესტრო” და “ტაბულა” მოსახლეობისთვის უკვე ჩვულებრივი ანტენითაც ხელმისაწვდომია. ეს ტელევიზიები სხვა არხების სამაუწყებლო სიხშირეებს იყენებენ, რომლებიც თავად არ მაუწყებლობენ. პრემიერ-მინისტრის ოჯახის კუთვნილი “მეცხრე არხის” სიგნალიც, დახურვამდე, (“მეცხრე არხმა” აგვისტოში შეწყვიტა მაუწყებლობა) სატელევიზიო ანტენით იყო ხელმისაწვდომი.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომელიც ტელეკომუნიკაციების სექტორის მეთვალყურეობას ახორციელებს, სრულად ვერ ასრულებს თავის ფუნქციებს. მარეგულირებლის საქმიანობას საპარლამენტო კომისია იკვლევს. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც პარლამეტი მუშაობას განაახლებს, მან კენჭი უნდა უყაროს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის კარლო კვიტაიშვილის იმპიჩმენტის საკითხს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მუდმივად იმყოფებიან როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელში, ასევე კომუკაციების ეროვნულ კომისიაში, რაც მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევაა. მსგავსი პრაქტიკა საქართველოში წლების მანძილზე არსებობდა.
პრემიერ-მინისტრის შეხვედრები ჟურნალისტებთან
პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საკუთარ რეზიდენციაში რამდენიმე შეხვედრა გამართა. შეხვედრები რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა და პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა. 2 ოქტომბერს გამართულ მსგავსი ტიპის შეხვედრაზე ივანიშვილმა ტელევიზიების წარმომადგენლები გააკრიტიკა. მან დამსწრე ჟურნალისტებს სტატიებიდან და სატელევიზიო გადაცემებიდან ის ამონარიდები წაუკითხა, რომლებიც თავად პრემიერ-მინისტრისთვის იყო მიუღებელი და მედიის წარმომადგენლებისგან მასალების შინაარსის გამო ახსნა-განმარტებები მოითხოვა. ივანიშვილმა მედიის წარმომადგენლებს რამდენიმე უნარ-ჩვევა დაუწუნა, მათ შორის, შეკითხვის დასმის, არგუმენტების მოყვანისა და რესპონდენტთა შერჩევის. მან ჟურნალისტთა მიერ ეკონომიკის სფეროს მწირი ცოდნაც გააკრიტიკა.
კრიზისი საზოგადოებრივ მაუწყებელში
საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე საზოგადოებრივი მაუწყებელი მწვავე კრიზისის წინაშე დადგა. მაუწყებელზე პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის დებატები გაიმართა, თუმცა დებატების ფარგლებში ერთმანეთს სამი ძირითადი კანდიდატი არ დაპირისპირებია. ნაკლებ სავარაუდოა აღნიშნულმა დებატებმა რაიმე გავლენა მოახდინოს ამომრჩევლების არჩევანზე და არჩევნების საბოლოო შედეგზე, თუ გავითვალისწინებთ გადაცემების ძალიან დაბალ რეიტინგებს: პირველ საპრეზიდენტო დებატებს მხოლოდ 57,602-მა ადამიანმა, დებატების მეორე ნაწილს კი კიდევ უფრო ნაკლებმა – 11,197 ადამიანმა უყურა (საუბარია საქართველოს ზრდასრულ ურბანულ მოსახლეობაზე).[1]
მაუწყებლის საბჭომ და მენეჯმენტმა, მათი წინამორბედების მსგავსად, ვერ შეძლეს ძლიერი, პროფესიონალური, დამოუკიდებელი და პოლიტიკური ჩარევისგან თავისუფალი მაუწყებლის შექმნა, რომელიც მასზე დაკისრებულ მისიას შეასრულებდა.
სექტემბერში, გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თამაზ ტყემელაძის გადაწყვეტილებით დავით პაიჭაძისა და ეკა კვესიტაძის პოლიტიკური თოქ შოუები – ორივე საზოგადოების ნაწილის მიერ ნაციონალური მოძრაობისადმი კეთილგანწყობილ ჟურნალისტად აღიქმებოდა – ეთერიდან მოიხსნა. ეს გადაწყვეტილება ბევრმა პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასა.
არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე მაუწყებელს ფინანსური პრობლემებიც შეექმნა. საბჭოს ინფორმაციით, საზოგადოებრივ მაუწყებელს 2.5 მლნ ლარი ესაჭიროება, შესაბამისად, ახალი პროგრამების მომზადებისთვის საჭირო თანხები არხს არ მოეპოვება და მაუწყებელი ახალ გადაცემებს 2014 წლამდე ვერ გაუშვებს ეთერში. ერთადერთი ახალი გადაცემა “პირველ არხზე” პოლიტიკური თოქ შოუ “პირველი სტუდიაა,” რომელიც 1 ოქტომბრიდან ყოველ სამუშაო დღეს გადის ეთერში. ამით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მასზე დაკისრებული ვალდებულების მინიმუმი შეასრულა, თუმცა ვერ შეძლო შესაბამისი რესურსების გამოყოფა და მრავალფეროვანი გადაცემების მომზადება კანდიდატებისა და მათი პროგრამების სრულფასოვანი გაშუქებისა და სიღრმისეული ანალიზისათვის.
სექტემბერში საზოგადოებრივი მაუწყებლის ორი წევრი თანამდებობიდან გადადგა, რის შემდეგაც საბჭოს 15 წევრიდან მხოლოდ შვიდი დარჩა. ამგვარად, მაუწყებლის საბჭოში კვორუმი ვეღარ შედგება, რის გამოც საბჭო გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს, მათ შორის, საბანკო სესხისა და ახალი გენერალური დირექტორის არჩევის თაობაზე. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ემზარ გოგუაძისა და საბჭოს წევრის ნინო დანელიას განცხადებით, საბჭოს წევრებზე ზეწოლა ხორციელდება, თუმცა არც ერთ მათგანს არ დაუკონკრეტებია, თუ ვისი მხრიდან ხდება ზეწოლა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი საბჭომ 6 სექტემბერს მოხსნა თანამდებობიდან. ბარათაშვილის გათავისუფლებას მხარი ცხრავე მეურვემ დაუჭირა. საბჭოს განმარტებით, ბარათაშვილმა მათ მაუწყებლის ბიუჯეტისა და პროგრამების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია არ მიაწოდა, რაც გახდა კიდეც მისი გათავისუფლების მიზეზი. ბარათაშვილი საბჭომ პირველად მარტში დაითხოვა სამსახურიდან, თუმცა სასამართლომ საბჭოს ეს გადაწყვეტილება უკანონოდ გამოაცხადა და გენერალური დირექტორი თაბამდებობაზე აღადგინეს.
პირველად, ბარათაშვილი საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსის ხათუნა ბერძენიშვილის განცხადების საფუძველზე გაათავისუფლეს, რომელიც, თავის მხრივ, ცოტა ხნით ადრე თავად ბარათაშვილის მიერ იქნა დათხოვილი. ბერძენიშვილი გენერალურ დირექტორს „ქართული ოცნების“ სასარგებლო სარედაქციო პოლიტიკის გატარების მიზნით მაუწყებლის თანამშრომლებზე ზეწოლაში ადანაშაულებდა (ბერძენიშვილი თბილისის მერმა გიგი უგულავამ მალევე დანიშნა კრწანისის რაიონის გამგებლად). ამჟამად კი, ბარათაშვილი უკვე მეორეჯერ იბრძვის სასამართლოში თანამდებობაზე დაბრუნებისთვის.
ბარათაშვილის მეორეჯერ გათავისუფლების შემდეგ გოგუაძემ განაცხადა, რომ მასზე ზეწოლას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ახდენდა (როგორც ჩანს, აღნიშნული პიროვნება პარალელურად საზოგადოებრივ მაუწყებელში უსაფრთხოების საკითხებში მენეჯმენტის მრჩევლად მუშაობდა) და მას შესაბამის სარგებელს სთავაზობდა, თუკი გოგუაძე ბარათაშვილის გათავისუფლებას მხარს არ დაუჭერდა. მაუწყებლობის შესახებ კანონის მე-18 მუხლის მიხედვით აკრძალულია “საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო, მმართველობითი და ფინანსური დამოუკიდებლობის ხელყოფა ან მასზე ზეწოლის სხვაგვარად განხორციელება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ.” აღნიშნული საკითხი ხელისუფლების მიერ გამოძიებული არ იქნა.
თამაზ ტყემალაძე, რომელიც აპრილში, ბარათაშვილის დირექტორობის პერიოდში, მის მოადგილედ დაინიშნა, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გახდა. ტყემალაძე სახელმწიფო ტელევიზიაში საბჭოთა დროიდან, 1978 წლიდან მუშაობდა. ვარდების რევოლუციის შემდეგ ის სამსახურიდან დაითხოვეს, ხოლო 2013 წელს ტყემალაძე კვლავ დაბრუნდა ტელევიზიაში. რადგანაც სამეურვეო საბჭო წევრთა არასაკმარისი ოდენობის გამო ახალ დირექტორს ვერ აირჩევს, ტყემალაძე მოვალეობის შემსრულებლად, სავარაუდოდ, 2014 წლამდე დარჩება. 2014 წლის დასაწყისში კი ახალი სამეურვეო საბჭო უნდა დაკომპლექტდეს.
“ნაციონალური მოძრაობის” სარეკლამო რგოლები საზოგადოებრივ მაუწყებელზე
ტყემალაძემ უარი თქვა “ქართული ოცნების” კრიტიკის შემცველი “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური რეკლამების ეთერში გაშვებაზე. როგორც ტყემალაძემ განაცხადა: “ეს რეკლამა სხვისი ანტირეკლამა კი არ უნდა იყოს, თავის თავზე თქვან, რა ვაჟკაცები არიან, რა გააკეთეს და ოცნებამ რა არ გააკეთა, ამას ეთერში არ მივცემ. თვითონ რას აპირებენ, როგორ აპირებენ, ეს გავა, შაჰ–აბასი რომ შემოიჭრა და ერეკლე მეფე ცუდი მეფე იყო, ამაზე მე ვერ მივცემ რეკლამას.”
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ტყემალაძის კომენტარი არაკორექტულად მიიჩნია და საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაციას მოუწოდა ემოქმედა კანონის დაცვით და თავი შეეკავებინა პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისაგან. “ნაციონალური მოძრაობის” რეკლამები რამდენიმე დღის შემდეგ მაინც გავიდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
კომუნიკაციების ეროვნული კომისია – გამოძიება, იმპიჩმენტი და შსს-ს არალეგალური ჩართულობა
საქართველოს სატელეკომუნიკაციო და მაუწყებლობის სექტორის მარეგულირებელი, კომუნიკაციების ეროვნული კომისია უფლებამოსილია მონიტორინგი გაუწიოს მაუწყებლების მიერ საარჩევნო კოდექსის შესრულებას წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე must-carry‑ის იმპლიმენტაციას, რომელიც საკაბელო და სატელიტურ ოპერატორებს ახალი ამბების არხების ჩართვას ავალდებულებს. კომისიის წარმომადგენელმა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განუცხადა, რომ კომისია კვალიფიციური სუბიექტებისთვის უფასო პოლიტიკური რეკლამის გამოყოფას, მთავრობის მიერ დაფინანსებულ გაზეთებში ფასიან პოლიტიკურ რეკლამას და პოლიტიკის სატელევიზიო გაშუქებაში ბალანსს აკვირდება.
კომისიას მონიტორინგის არც შუალედური და არც საბოლოო ანგარიშის მიგნებები და რეკომენდაციები გამოუქვეყნებია. კომისიის სპიკერის თქმით, კომისიამ ეს ვერ მოახერხა, რადგან ის გადატვირთულია მარეგულირებლის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის შეგროვებით და დამუშავებით.
გაზაფხულიდან მოყოლებული მარეგულირებლის საქმიანობას დროებითი საპარლამენტო კომისია სწავლობს. საპარლამენტო კომისიამ ბოლო საჯარო სხდომა საპრეზიდენტო არჩევნებამდე 3 დღით ადრე – 24 ოქტომბერს გამართა. სხდომაზე ახსნა-განმარტებების მისაღებად მარეგულირებელი კომისიის მოქმედი წევრები და თანამშრომლები არიან მიწვეულნი.
თავდაპირველად პარლამენტმა საგამოძიებო კომისია ირაკლი ჩიქოვანის (კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ყოფილი თავმჯდომარის) საქმიანობის შესასწავლად შექმნა. ჩიქოვანს, მისი კერძო სექტორში ინტერესების გამო, ინტერესთა კონფლიქტი ჰქონდა. ამ წლის ივლისში ჩიქოვანი კომისიის წევრის თანამდებობიდან გადადგა, ამ გზით მან თავიდან აიცილა იმპიჩმენტი.
მიუხედავად იმისა, რომ ჩიქოვანი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი საჯარო მოხელე იყო, (წელიწადში 295,000 ლარიანი შემოსავლით ის პრეზიდენტს და მთავრობის წევრებს უსწრებდა), ის სამსახურში 2012 წლის ნოემბრიდან 2013 წლის ივლისამდე არ გამოჩენილა, რითაც მან კომისიის საქმიანობა შეაფერხა. ხუთწევრიან კომისიაში ჩიქოვანის ადგილი დღემდე ვაკანტურია, პარლამენტმა პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან არც ერთი არ დაამტკიცა.
მარეგულირებელი კომისიის ამჟამინდელ თავმჯდომარეს – კარლო კვიტაიშვილს, მისი წინამორბედის მსგავსად, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როცა პარლამენტი მუშაობას განაახლებს, იმპიჩმენტის საფრთხე მოელის.
საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თინათინ ხიდაშელის თქმით, კვიტაიშვილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” წარმოადგენდა. ამით კვიტაიშვილმა დაარღვია კანონის ის ნორმა, რომლის მიხედვითაც კომისიონერს პოლიტიკური პარტიის წევრობა ეკრძალება. კვიტაიშვილი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ის საარჩევნო კომისიაში “ნაციონალურ მოძრაობას” მხოლოდ წარმოადგენდა და პარტიის წევრი არ ყოფილა.
მარეგულირებელი კომისიის დამოუკიდებლობა ხელყოფილია კომისიაში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის არსებობით, რომელსაც კომისიის თანამშრომლები მეტსახელად გენერალს ეძახიან. გენერალი მარეგულირებლის საქმიანობის და თანამშრომლების შესახებ ინფორმაციას აგროვებს, რაც მაუწყებლობის შესახებ კანონის (მუხლი 6. დამოუკიდებლობა და ხელშეუხებლობა) თვალსაჩინო დარღვევაა. “კომისია, კომისიის წევრი და კომისიის აპარატის თანამშრომელი საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისას დამოუკიდებელნი არიან და ემორჩილებიან მხოლოდ კანონს. მათ საქმიანობაზე უკანონო ზემოქმედება და ამ საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია.”
მაუწყებლები მარეგულირებელ კომისიას ფინანსური დეტალების მოთხოვნისთვის უჩივიან
რამდენიმე მაუწყებელმა, მათ შორის არიან ტელეკომპანიები “რუსთავი 2,” “მაესტრო,” “ტაბულა ტვ” და “საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია” (რომელიც 20-ზე მეტ მაუწყებელს აერთიანებს) მარეგულირებელი კომისიის წინააღმდეგ ერთობლივი საჩივრით საქალაქო სასამართლოს მიმართა. მაუწყებლები კომისიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც მათ დეტალური ფონანსური ინფორმაციის (შემოსავალის და დანახარჯების) გასაჯაროება უწევთ.
მაუწყებლები მოითხოვენ კომისიამ გააუქმოს 23 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, როგორც მომჩივანები ამბობენ, მარეგულირებელი იმაზე მეტი ინფორმაციის საჯაროობას ითხოვს, ვიდრე ამას ივლისში მიღებული კანონი მაუწყებლობის შესახებ ითვალისწინებს.[2]
ამ საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელებმა მარეგულირებელს უნდა წარუდგინონ და თავიანთ ვებ გვერდზე ატვირთონ მათი წლიური აქტივობების ანგარიში, დაფინანსების წყაროები და აუდიტის წერილი. მარეგულირებელმა კომისიამ თავის მხრივ უნდა გამოაქვეყნოს ყველა რეკლამის დამკვეთი, ვინც კვარტალში საეთერო დროში (სარეკლამო, სპონსორობა თუ ტელეშოპინგი) 7,000 (შვიდი ათას) ლარზე მეტი გადაიხადა.
ასევე უნდა გასაჯაროვდეს დაფინანსების ყველა წყარო და დონორი, რომელმაც ბოლო სამი თვის განმავლობაში მაუწყებელს 7,000 (შვიდი ათას) ლარზე მეტი გამოუყო. “ეროვნულმა მაუწყებლებმა”(ტერმინი კომუნიკაციების კომისიის ინტერპრეტაციის საგანი გახდა. ის ტელევიზიები კი, რომლებიც მთელი მოსახლეობის 20 პროცენტს ფარავენ მიწისზედა თუ საკაბელო მაუწყებლობით სავალდებულო ტრანზიტის უფლებით სარგებლობენ) მარეგულირებელს ასევე უნდა წარუდგინონ ინფორმაცია თავიანთი აქტივებისა და პასივების შესახებ. ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული ნორმა, შესაძლოა ბევრ მაუწყებელს შეეხოს.
მომჩივანმა ტელევიზიებმა თავად მოამზადეს ფინანსური ანგარშგების ფორმა და ის მარეგულირებელს წარუდგინეს. მარეგულირებლის წარმომადგენელმა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” უთხრა, რომ კომისია მზადაა შექმნას ჯგუფი, რომელიც დაფინანსების გასაჯაროების საკითხს და კანონმდებლობაში არსებულ იმ ბუნდოვან ასპექტებს განიხილავს, რომელთა ინტერპრეტაცია და იმპლიმენტაციაც ახლა კომისიას უწევს.[3]
“მეცხრე არხის” დახურვა
აგვისტოს ბოლოს – წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე – ივანიშვილმა “მეცხრე არხი” და “ინფო 9” დახურა. პრემიერ-მინისტრის ოჯახის კუთვნილ “მეცხრე არხზე” 700-მდე თანამშრომელი მუშაობდა, მისი დახურვის შესახებ ინფორმაცია კი მაუწყებლობის შეწყვეტამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა.[4] ივანიშვილმა განაცხადა, რომ “მეცხრე არხის” გაყიდვას დაახლოებით ათი თვის მანძილზე ცდილობდა, თუმცა მყიდველი არ გამოჩნდა.
“მეცხრე არხი” 2012 წლის აპრილში გაიხსნა და, გარკვეულწილად, ოპოზიციური ძალებისთვის კომუნიკაციის პლატფორმას წარმოადგენდა. არხს საკმარისი ოდენობის სარეკლამო შემოსავლები არ ჰქონდა და ივანიშვილის ოჯახის შემოწირულობებზე იყო დამოკიდებული. 2013 წლის პირველი ნახევრის დაბალმა ეკონომიკურმა მაჩვენებლებმა და შემცირებულმა სარეკლამო ბაზარმა “მეცხრე არხის” კომერციულად მომგებიან ტელევიზიად გარდაქმნაზე ასევე უარყოფითად იმოქმედა.
“მეცხრე არხის” დახურვის შემდეგ მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჯგუფმა სააქციო საზოგადოება “ტელევიზია” შექმნა, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს “მეცხრე არხის” კუთვნილი ტექნიკის გადაცემა სთხოვა. პრემიერ-მინისტრი ტექნიკის გადაცემაზე დათანხმდა და ახალი ტელევიზია მომავალი წლიდან გეგმავდა მაუწყებლობის დაწყებას. თუმცა, გაურკვეველია, მოხერხდება თუ არა ახალი მაუწყებლის შექმნა, რადგან “პირველი სტერეოს” სამაუწყებლო სიხშირეს, რომლითაც “მეცხრე არხი” სარგებლობდა, ახლა GDS იყენებს. სააქციო საზოგადოება “ტელევიზიის” დამფუძნებლები არიან: ია ანთაძე , ვასილ მაღლაფერიძე და ცოტნე გამსახურდია.
ახალი მოთამაშეები
TV3 (ყოფილი რეალ ტვ) 2013 წლის გაზაფხულზე გავიდა ეთერში. ტელეარხი ბიზნეს ამბების გაშუქებაზეა ფოკუსირებული და მისი ერთ-ერთი მფლობელი ყოფილი ფინანსთა მინისტრი (2009-2011 წლებში) კახა ბაინდურაშვილია. TV3 ტელეკომპანია „პიკის” კუთვნილი სამაუწყებლო სიხშირით მაუწყებლობს. (“პიკი” საზოგადოებრივი მაუწყებლის რუსულენოვანი არხი იყო)
TV3-ზე პოლიტიკური თოქ შოუ “დიდი პოლიტიკა” ცნობილ ტელეწამყვანს ინგა გრიგოლიას მიჰყავს. გრიგოლია თბილისის საკრებულოს წევრი იყო “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან” და TV3-ზე მუშაობა სექტემბერში დაიწყო. TV3-ის რამდენიმე თანამშრომელი ადრე “მეცხრე არხზე” მუშაობდა, მათ შორის, საინფორმაციოა სამსახურის უფროსი იმედა დარსალია და გადაცემა “ანატომიის” წამყვანი ნათია მიქიაშვილი.
GDS
GDS პრემიერ-მინისტრის ვაჟის ბერა ივანიშვილის კუთვნილი ტელევიზიაა, რომელიც გასართობ მაუწყებლობას ახორციელებს. “მეცხრე არხის” დახურვის შემდეგ GDS პრემიერ-მინისტრის ოჯახის საკუთრებაში მყოფი ერთადერთი ტელევიზიაა, თუმცა, ივანიშვილის ოჯახი გორის ტელევიზია “თრაილეთის” 10%-საც ფლობს. GDS თავდაპირველად ინტერნეტით და სატელიტური კომპანია “გლობალ TV”-ის მეშვეობით გადაიცემოდა(ეს უკანასკნელიც პრემიერ-მინისტრის ოჯახის საკუთრებაა). ივლისიდან კი, GDS-ის სიგნალის მიღება ჩვეულებრივი ანტენითაც შესაძლებელია – ტელეკომპანია “მზისა” და “პირველი სტერეოს” კუთვნილ სიხშირეებზე მაუწყებლობს, და, შესაბამისად, თბილისსა და საქართველოს ყველა დიდ ქალაქს ფარავს. GDS-მა მარგულირებელ კომისიას “მზის” სიხშირის გადაპირების მოთხოვნით მიმართა