სხვა პირის ნაცვლად ხმის მიცემა
ბათუმის ოლქის #66 უბანზე ამომრჩეველს ერთიან სიაში მისი გვარის გასწვრივ დახვდა ხელმოწერა.
ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული პრობლემები
საიას ცხელ ხაზზე შემოვიდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საბურთალოს ოლქის ამომრჩეველმა გიორგი ბერულავამ ვერ შეძლო არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ვინაიდან ის შეცდომით მიჩნეულ იქნა ქმედუუნარო პირად და არ იქნა შეტანილი ამომრჩეველთა ერთიან სიაში. შესაბამისად, მას წაერთვა არჩევნებში მონაწილეობის უფლება. იგი მიუთითებს, რომ სასამართლომ ცესკოს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა.
გადასატანი ყუთით ხმის მიცემის პროცედურული დარღვევები
ბაღდათის ოლქის მე-11 უბანზე გადასატან ყუთის წაღებისას კომისიის წევრებს გაატანეს 24 საარჩევნო ბიულეტენი. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 20 ამომრჩეველმა და საარჩევნო უბანში დაბრუნდა 3 გამოუყენებელი ბიულეტენი 4-ის ნაცვლად. კომისიის წევრების განმარტებით, ბიულეტენი დაეკარგათ. საიას დამკვირვებელმა აღნიშნულთან დაკავშრებით დაწერა საჩივარი და მოითხოვა საუბნო საარჩევნო კომისიის შესაბამისი წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება.
არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემა
გორის ოლქის 97-ე უბანზე ამომრჩეველმა პირადობის ასლით სცადა ხმის მიცემა. საიას დამკვირვებლის შენიშვნის საფუძველზე კომისიის თავმჯდომარემ აღმოფხვრა დარღვევა.
ასევე, გორის ოლქის მე-100 უბანზე დაფიქსირდა მსგავსი დარღვევა. დევნილი ამომრჩეველი მხოლოდ დევნილის მოწმობის საშუალებით ცდილობდა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, რაც ასევე აღმოიფხვრა.
მარტვილის მე-10 უბანზე ამომრჩეველმა მონაწილეობა მიიღო არჩევნებში პირადობის მოწმობის გარეშე, რაშიც მას კომისიის წევრები დაეხმარნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით საიას დამკვირვებელმა დააფიქსირა საჩივარი და მოითხოვა შესაბამისი წევრების დისციპლინური პასუხისმგებლობა.
ამ დროისთვის ზემოთ აღნიშნულ დარღვევებზე საიას დამკვირვებლებმა დაწერეს 30 საჩივარი და 47 შენიშვნა დააფიქსირეს ჩანაწერთა წიგნში.