_ როგორ შეაფასებთ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდს?
_ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგი საიამ არჩევნების დანიშვნის დღიდან დაიწყო. გურიის რეგიონში წინასაარჩევნო დარღვევების რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა, მაგრამ მათი რაოდენობა წინა წლებთან შედარებით, გაცილებით ნაკლები იყო.
_ რა დარღვევები დააფიქსირეთ და მოჰყვა თუ არა რომელიმე დაფიქსირებულ დარღვევას შესაბამისი უწყებიდან რეაგირება?
_ დარღვევები, როგორც ჩანს, კანონის არ ცოდნით იყო გამოწვეული, მაგ. ეტლების გადაცემა არასამთვარობო ორგანიზაცია “ქალები მშვიდობისათვის” მიერ “ქართული ოცნების” ადგილობრივ ორგანიზაციასთან ერთად იმდენად საჯაროდ მოხდა, შესაძლოა, არც ერთმა არ იცოდა, რომ კანონდარღვევას ჩადიოდა. როცა საიამ ეს ფაქტი შეიტყო, გაასაჩივრა ცესკო-ში. საჩივარს საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან რეაგირება მოჰყვა და მიღებულ იქნა შესაბამისი ადმინისტრაციული აქტი.
ჩვენთან ინფორმაცია მოდიოდა წინასაარჩევნო პერიოდის სხვა დარღვევებზეც. თუმცა, უმეტეს მათგანზე შესაბამისი მტკიცებულებები არ არსებობდა. აღსანიშნავია ასევე ჩვენი თანამშრომლობა სარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებთან. მათ მიერ მოწოდებულ ფაქტებზე არაერთი საჩივარი იქნა მომზადებული, რომლებიც უკლებლივ ყველა დაკმაყოფილდა. (თანამშრომლობა ყველაზე მეტად ბურჯანაძე დემოკრატების ჩოხატაურის ადგილობრივ წარმომადგენლობასთან შედგა).
_ თუ იყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები?
_ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები არ დადასტურებულა, ყოველშემთხვევაში, საიას ოზურგეთის ოფისს შესაბამისი მტკიცებულებები არ მოუპოვებია.
_ რა მოხდა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დღეს? რა დარღვევები იყო?
_ საიას დამკვირვებლების მიერ გურიის მასშტაბით რეგისტრირებულ იქნა 8 საჩივარი, რვავე საჩივარი დაკმაყოფილდა. რაც შეეხება შენიშვნებს ჩანაწერთა წიგნში, დაფიქსირდა 4 შენიშვნა.