“შეწყალების კომისიაში ყოველთვის იყო სახალხო დამცველი, ასე იყო კომისიის წევრი სუბარი, ტუღუში და 1 იანვრიდან უჩა ნანუაშვილი. მე არასდროს გამიგია მისგან, რომ საჭიროა კომისიის მუშაობასთან დაკავშირებული რეგულაციების შეცვლა. ის ყველაფერი, რაზეც სახალხო დამცველი საუბრობს, უკვე ჩადებულია ამ რეგულაციებში და კომისიამ იცის რა სახის დანაშაულებები არ უნდა განიხილოს. პრეზიდენტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს შეწყალების უფლება, რადგან დგება ხოლმე ფორსმაჟორული მდგომარეობები. აი, მაგალითად, თქვენ გახსოვთ პრეზიდენტმა შეიწყალა ირაკლი ბათიაშვილი, მოლაშვილი, მირცხულავა. მათ არ დაუწერიათ შეწყალებაზე განცხადება, რადგან არ ჰქონდათ მოხდილი სასჯელის ნახევარი, მაგრამ პატრიარქმა მიმართა პრეზიდენტს და მოხდა შეწყალება. კიდევ ერთ მაგალითს მოგიყვანთ. სოზარ სუბარმა შეწყალების თხოვნით მიმართა პრეზიდენტს რამდენიმე პატიმარზე, რომელთა საქმეებს კომისია ვერ განიხილავდა რეგლამენტიდან გამომიდინარე. მაგრამ ამ პატიმრებს ჰქონდათ ჯანმრთელობის სავალალო პრობლემები, როგორიცაა კიბოს ბოლო სტადია და მათზე იმოქმედა პრეზიდენტის შეწყალებამ, რადგან კომისიის წევრებს არ გვაქვს უფლება რეგლამენტს გადავუხვიოთ. შეწყალების უფლება პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს, მაგრამ საჭიროა კომისიასთან მჭიდრო ურთიერთობა.”
თევდორაძემ აღნიშნა, რომ შევარდნაძე არასდროს იყენებდა შეწყალების უფლებას კომისიის გვერდის ავლით და კომისია ყოველთვის იყო საქმის კურსში, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა პრეზიდენტი. ასევე ხაზი გაუსვა, რომ ახალი პრეზიდენტი არასდროს გამოიყენებს ბოროტად ამ უფლებას.