რაა საჭირო იმისთვის, რომ დონორის, განსაკუთრებით კი, სახელმწიფოს მიერ გაღებული ფული მიზნობრივად და ეფექტურად დაიხარჯოს? ამ მიზნით, საქართველოს ინსტიტუციონალური განვითარების ცენტრი საინტერესო და საჭირო კვლევა-შეფასებას თვენახევარია აწარმოებს. ცენტრის წარმომადგენლები ამ შეფასების მიზნით, გურიაშიც იმყოფებოდნენ და ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ორგანიზაცია “Post-ალიონის” მიერ გახორცილებულ მცირე საარჩევნო პროექტში ჩართულ ქალბატონებს შეხვდნენ.
პროექტი გურიის სამ სოფელში ქალი ამომრჩევლების ინფორმირებას ისახავდა მიზნად.
ფოკუს-ჯგუფი ნასაკირალში მცხოვრები ქალებისგან შედგა, რომლებმაც არჩევნების წინ ჩატარებულ ტრენინგში მიიღეს მონაწილეობა. როგორც შეხვედრაზე მათ თქვეს, ტრენინგი სასარგებლო იყო, რადგან გაეცნენ საარჩევნო პროცედურებს, მოაწყვეს არჩევნების დღის იმიტაცია და რაც მთავარია, მათ ახლა უკვე კარგად იციან, თუ რა უფლება-მოვალეობა ექნება ახალარჩეულ პრეზიდენტს.
_ წინასაარჩევნოდ, თითქმის ყველა კანდიდატის სარეკლამო რგოლებს ვუყურეთ და იყო ისეთი შემთხვევა, რომ ისინი გვპირდებოდნენ ისეთ რამეებს, რაც ახალი კანონმდებლობით პრეზიდენტის უფლება-მოვალეობა არ არის, _ თქვეს შეხვედრაზე დაბა ნასაკირალში მცხოვრებმა ქალბატონებმა.
საქართველოს ინსტიტუციონალური განვითარების ცენტრის გამგეობის წევრი, ხათუნა ნაჭყებიას თქმით, დემოკრატიის გაძლიერებას საქართველოში, პირველ რიგში, ინფორმირებულობა შეუწყობს ხელს:
_ ჩვენი აზრით ასეთი ტიპის პროექტების არსებობა საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებით სოფელში, სადაც ნაკლებია ინფორმაცია, ძალიან მნიშვნელოვანია. თვენახევარია მიდის შეფასების პროცესი და ჩვენი პირველი დასკვნაა: ამგვარ აქტივობას პერმანენტული ხასიათი უნდა ჰქონდეს, უწყვეტი და ჯაჭვური უნდა იყოს ინფორმირება პირველია, რაც ხელს შეუწყობს დემოკრატიის გაძლიერებას საქართველოში, _ ამბობს ხათუნა ნაჭყებია.