გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, ენერგოეფექტურობა გლობალური პრობლემაა, რომლის აქტუალობაც გამოწვეულია ენერგორესურსებზე მზარდი ფასებით, ენერგოიმპორტზე დამოკიდებულებით და ეკოლოგიური პრობლემებით. განვითარებულმა ქვეყნებმა ენერგომოხმარებასთან დაკავშირებით დამოკიდებულება შეცვალეს. მსოფლიოში იქმნება ისეთი ტექნიკა, რომელიც ნაკლებ ენერგიას საჭიროებს.
გარემოს დაცვის სამინისტრო ელექტროენერგიის დასაზოგად სასარგებლო რჩევებს სთავაზობს საზოგადოებას:
საქართველოს ენერგობიუჯეტის 11 % ენერგოგანათების სისტემებს ხმარდება. კომპაქტური ენერგოდამზოგავი ნათურა 75% -ით ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს და 10-ჯერ უფრო სიცოცხლისუნარიანია, ვიდრე ჩვეულებრივი. მისი გამოყენებით წლის განმავლობაში 175კვტ.სთ-მდე ენერგიის დაზოგვაა შესაძლებელი;
ენერგომაჩვენებლების მიხედვით, A კლასის ტექნიკა, G კლასისის ტექნიკასთან შედარებით, სამჯერ ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს;
შენობის გათბობა-გაგრილებისათვის საქართველოს ენერგომოხმარების 60% იხარჯება. ამიტომ მნიშვნელოვანია, სახლიდან არ ხდებოდეს სითბოს გადინება. დაზიანებული კარ-ფანჯრიდან 10% -დან 25 %-მდე სითბო გაედინება;
სახლის შეძენის დროს ყურადღება უნდა მივაქციოთ კედლების სისქეს. სწორად ნაშენი შენობის გათბობა-გაგრილებას 20%-ით ნაკლები ელექტროენერგია ესაჭიროება.
ენერგოეფექტურობის დღე 1970 წლიდან აღინიშნება მას შემდეგ, რაც მსოფლიო პირველად დადგა ენერგო-კრიზისის წინაშე.