მისი თქმით, არ შეიძლება ერთნაირი ოდენობის ჯარიმა გადაიხადოს მან, ვისაც 250–300 ლარი აქვს ხელფასი და იმანაც, ვისაც 5000 ლარი აქვს შემოსავალი.
ოგბაიძე აცხადებს, რომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება არის ის სფერო, რომელსაც სახელმწიფოს ერთიანი ხელი სჭირდება და იმ ექვს კომპონენტს ასახელებს, რომელსაც ეს სფერო სისტემაში მოჰყავს.
“საგზაო მოძრაობა შედგება რამდენიმე კომპონენტისგან, ეს არის ავტომობილების ფაქტორი, ანუ როგორი ავტოპარკი გვაქვს, როგორ მიდის მისი განახლება, მეორე ეს არის გზა, ინფრასტრუქტურა, შუქნიშანი, განათება და სხვა. მესამე ესაა მძღოლებისა და ქვეითების განსწავლულობის საკითხი, მეოთხე არის ცალკე აღებული მეცნიერება, რომელსაც მოძრაობის ორგანიზაცია ჰქვია. მეხუთე ეს გახლავთ საკანონმდებლო ბაზა და მეექვსე ეს არის კონტროლის მექანიზმი. კონტროლის მხრივ მადლობის მეტი პატრულისთვის არაფერი გვეთქმის. აი, ეს სისტემა დაარღვია 1999 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ, როდესაც დაუშვეს მძღოლებისათვის ექსტერნის გზით გამოცდის ჩაბარება. მხოლოდ ჯარიმების ლიბერალიზაციით არ უნდა შემოვიფარგლოთ, უნდა ჩამოყალიბდეს საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს მძღოლი”.
შალვა ოგბაიძემ აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების დროს მართვის მოწმობის აღება ხელმისაწვდომი გახდა ყველასთვის, რამაც დიდი საფრთხის წინაშე დააყენა როგორც მძღოლი, ასევე ქვეითად მოსიარულე.
“წინა ხელისუფლებამ დაამკვიდრა აზრი, რომ თუ ჯარიმები მატულობს, მთავრობა არის ცუდი და თუ კლებულობს, შესაბამისად კარგი. წინა ხელისუფლება ისეთ თემებს, როგორიცაა ზამთარში კომუნალური 20 ლარიანი ვაუჩერი, დაზღვევა ან მართვის მოწმობის ზედმეტად ხელმისაწვდომობა, ავტომობილების ტექდათვალიერების გაუქმება იყენებდა ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი მოსახლეობის რიცხვის გასაზრდელად. აი ასე ერგო ახალ ხელისუფლებას წინამორბედისგან დატოვებული მძიმე მემკვიდრეობა. ჯარიმების უმეტესობა იწერება უმეტესად სიჩქარის გადაჭარბებაზე, ორმაგ ღერძულა ხაზის ან პარკირების ან მოძრაობის შეფერხებისათვის. გამოცდაზე რას თხოულობენ? მხოლოდ დაძარი, გააჩერე, მოხვევის მაჩვენებელი ჩართე და გაძლევენ მართვის მოწმობას. ადამანმა არ იცის სიჩქარის ლიმიტის განსაზღვრა”.
ოგბაიძემ აღნიშნა, რომ მძღოლების ეთიკა სამწუხაროდ საჭესთან მსხდომი ადამიანთა უმრავლესობისთვის უცხოა და შესამაბისად უნდა მოხდეს საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაწესება.