ის არ ეთანხმება აჭარის უმაღლესი საბჭოს 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ხუთივე წევრი კოალიცია “ქართული ოცნების” ფრაქციების მიერ დასახელებული კანდიდატებით დაკომპლექტდა და აღნიშნა, რომ დაირღვა კანონი, რითიც მივიღეთ ერთპარტიული საბჭო ნაცვლად პლურარისტული ბორდისა.
ასოცოაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ აპროტესტებს “ქართული ოცნების” და საპარლამენტო ოპოზიციის დუმილს.
“მედიის საკითხი არის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მით უფრო, როცა გვინდა ევროინტეგრაცია. ივლისში პარლამენტმა მიიღო შესწორებების კანონი და მინდა აღვნიშნო, რომ კანონი მიღებული იქნა კონსესუსით. დღეს კი საკმაოდ უხეშად დაირღვა კანონი. იღებენ კანონს და მერე თვითონვე არღვევენ, ეს საკმაოდ ცუდ შედეგს გამოიღებს. მინდა ვკითხო “ქართულ ოცნებას”, რატომ სდუმან და არ ახდენენ რეაგირებას? ნუთუ ასე ესმით პარტიული დისციპლინა? ასევე არ არის რეაგირება საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან, მხოლოდ ლაპარაკობენ და საქმე არ ჩანს, მასე ვიღაცამ რაღაცა შეიძლება ბაზარშიც თქვას. მე ვაპროტესტებ “ოცნების” დუმილს და ოპოზიციის უმოქმედობას. არ შეიძლება დაარღვიო აჭარის მოსახლეობის უფლებები, დავიჯეროთ აჭარის უზენაესი საბჭოს დეპუტატებმა კითხვა არ იციან თუ არ შეუძლიათ წაკითხულის სწორი ინტერპრეტაცია?!”
ტუღუშმა განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს კოალიცია “მედია ადვოკატირებისთვის” პროტესტს და აღნიშნულ საკითხს აუცილებლად დააყენებენ სასამართლოს წინაშე, რათა გაუქმებული იქნას მიღებული გადაწყვეტილება.
შეგახსენებთ, რომ 5 ნოემბერს აჭარის უმაღლესმა საბჭომ კენჭი უყარა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს. კენჭისყრის შედეგებით, ვაკანტურ თანამდებობებზე “ქართული ოცნების” ფრაქციების მიერ დასახელებული კანდიდატები დაამტკიცეს. ამავე თანამდებობაზე 17 ოქტომბერს უმაღლესმა საბჭომ კიდევ სამი წევრი დაამტკიცა. სამივე მათგანი უმრავლესობაში მყოფი კოალიცია “ქართული ოცნების” ფრაქციების მიერ იყვნენ დასახელებულები. დღევანდელი მონაცემებით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ხუთივე წევრი კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ დასახელებული კანდიდატებითაა დაკომპლექტებული. საბჭოს წევრები არიან – ოლღა ჟღენტი, ვახტანგ ღლონტი, რუსუდან (ნატა) იმედაიშვილი, გიორგი ირემაძე და ზაზა ხალვაში.