“ადგილი არ ჰქონია ადვოკატების მოსაზრებების მოსმენას, დოკუმენტის დეტალურ განხილვასა და ჯეროვან დისკუსიებს. საქართველოს პარლამენტი მიმდინარე კვირის განმავლობაში გეგმავს კანონპროექტის უკვე მეორე მოსმენით მიღებას. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოსაზრებით, საპარლამენტო განხილვები უნდა გახანგრძლივდეს და დოკუმენტის მეორე მოსმენით მიღებაც უნდა გადავადდეს. უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის პრევენციის მიზნით აღნიშნული კანონპროექტი ადვოკატებს მონიტორინგის განმახორციელებელ პირებად მიიჩნევს ცალკეულ გარიგებებთან მიმართებაში (ესენია: უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების ან სხვა ქონების მართვა, საბანკო, შემნახველი ან ფასიანი ქაღალდების ანგარიშების მართვა, იურიდიული პირის შექმნისათვის, საქმიანობისათვის ან მართვისათვის შენატანების ორგანიზება, იურიდიული პირის ან ამხანაგობის შექმნა, საქმიანობა ან მართვა, იურიდიული პირის (წილის) ყიდვა-გაყიდვა). შესაბამისად, ამ გარიგებებთან კავშირში ადვოკატებს დაეკისრებათ შემდეგი ვალდებულებები: გარიგების მონაწილე პირის იდენტიფიკაცია, გარიგების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენა კანონითა და მის შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით. ამავდროულად, კანონპროექტში მითითებულია, რომ ადვოკატი ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ანგარიშის ფორმას აგზავნის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება პროფესიული საიდუმლოების დაცვის პრინციპს. ადგილობრივი კანონმდებლობით ადვოკატის პროფესიული საიდუმლოება ყოვლისმომცველია. კონფიდენციალობის ვალდებულება ვრცელდება ნებისმიერ ინფორმაციაზე:
(1) რაც ადვოკატისთვის ცნობილი გახდა კლიენტისაგან ან იურიდიული რჩევის მიღების სხვა მსურველისაგან.
(2) რომელიც ადვოკატმა მიაწოდა კლიენტს ან (3) ადვოკატმა სხვა წყაროდან გაიგო კლიენტთან ან მის საქმესთან დაკავშირებით. ამ ვითარებაში, ბუნდოვანია, თუ რომელია ის საკითხები, რომლებიც პროფესიული საიდუმლოების გარეთ რჩება და რომლებთან დაკავშირებითაც ანგარიშგების გაგზავნის ვალდებულება რეალურად ამოქმედდება.
ამ შეკითხვებზე კანონპროექტის ავტორებს (საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ფინანსური მონიტორინგის სამსახური) კონკრეტული პასუხი არა აქვთ. პრობლემატურად გამოიყურება ის ჩანაწერიც, რომლის მიხედვითაც პროფესიული საიდუმლოება ადვოკატს მხოლოდ ანგარიშგების ფორმის გაგზავნისგან იცავს. კანონპროექტით იკვეთება ერთი საყურადღებო გარემოება – ცვლილებას ექვემდებარება “ადვოკატების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლი (პროფესიული საიდუმლოება) და მე-3 ნაწილის სახით მას ემატება ჩანაწერი ცალკეულ გარიგებებზე კანონით დადგენილი წესით ინფორმაციის ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მიწოდების შესახებ.
კანონპროექტში არის რამდენიმე სხვა ბუნდოვანი ფორმულირებაც. საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების შესრულება მნიშვნელოვანია, თუმცა, თანაბრად მნიშვნელოვანია შესაბამისი კანონპროექტის შემუშავება ხდებოდეს გამჭვირვალედ, შესაბამისი სფეროს პროფესიონალების ჩართულობითა და მათთან კონსულტაციით. ამავდროულად, საერთაშორისო სტანდარტების იმპლემენტაციისას მნიშვნელოვანია ადგილობრივი კონტექსტის, საკანონმდებლო ბაზისა და სხვა თავისებურებების გათვალისწინება. ჩვენი შეფასებით, სამწუხაროდ, აღნიშნული პროცესი სათანადოდ არ წარიმართა და ამავდროულად, საქართველოში ადვოკატის პროფესიასთან დაკავშირებული თავისებურებების მხედველობაში მიღებას არ ჰქონდა ადგილი. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საქართველოს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა პირველ და მეორე მოსმენაზე კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. თუმცა, პლენარულ სხდომაზე კანონპროექტი პირველი მოსმენით მიღებულია და მისი მეორე მოსმენით მიღების მაღალი ალბათობაც არსებობს. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არ იჩქაროს, დროში გაახანგრძლივოს საპარლამენტო განხილვები, ხოლო ამ დროის განმავლობაში მოხდეს აქტიური თანამშრომლობა ადვოკატებთან კანონპროექტში ცხადი და დეტალური ფორმულირებების გაწერისა და პროფესიული საიდუმლოების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფის მიზნით”, _ ნათქვამია განცხადებაში.