_ ახლა ის დროა, რომ გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს დღე-ღამე არ უნდა ეძინოს და ბიუჯეტის პროექტის წერით და შედგენით უნდა იყვნენ დაკავებულნი, _ თქვა ავთანდილ მექვაბიშვილმა.
იმის გასაგებად, მოხდება თუ არა დროულად ბიუჯეტის პროექტის წარდგენა, “გურია ნიუსი” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსს, ალეკო ბერიძეს დაუკავშირდა. მან სატელეფონო საუბრის დროს გვითხრა, რომ ისინი დროულად წარადგენენ ბიუჯეტის პროექტს: _ ბიუჯეტის დაგეგმვა უკვე მიმდინარეობს. პროექტის 90% უკვე დასრულებულია, მხოლოდ დაზუსტებებზეა საუბარი. დარჩენილია ა(ა)იპ-იების საკითხი, რომელსაც ამ კვირაში გავივლით. ფაქტობრივად, მომავალ კვირაში, ეს ყველაფერი მოგვარდება და ბიუჯეტის პროექტი მზად იქნება საკრებულოზე გასატანად.
_ პრიოტიტეტების შესახებ რას გვეტყვით?
_ არის სამი ძირითადი პრიორიტეტი, რომელსაც, შეძლებისდაგვარად, განვავითარებთ მომავალ წელს. პირველი პრიორიტეტი არის განათლება. განათლების სფეროში ყურადღება მიექცევა, როგორც სკოლამდელ, ასევე, სკოლის გარეშე განათლებასაც.
_ სკოლის გარეშე განათლებაში რას გულისხმობთ?
_ სკოლის გარეშე განათლებაში იგულისხმება ბავშვების განათლება სპორტული თვალსაზრისით, ასევე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დაფინანსება, სადაც ჩამოყალიბებულია სხვადასხვა სექცია და ბავშვებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
_ მეორე და მესამე პრიორიტეტი რა არის?
_ ინფრასტრუქტურა და სოციალური პროგრამები. სოციალური პროგრამები უფრო დაიხვეწება, მართალია, ამ კუთხით ზრდა არ იქნება ბიუჯეტში, მაგრამ იხვეწება თავისი შინაარსით და პროგრამულად.
_ რამდენი მილიონი ლარით განისაზღვრება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 2014 წელს?
_ 2014 წლის ბიუჯეტის სავარაუდო მოცულობა იქნება, დაახლოებით, 11 მილიონსა და 12 მილიონს შორის, _ გვითხრა ალეკო ბერიძემ.
ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტთან დაკავშირებით “გურია ნიუსთან” კომენტარი გააკეთა საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ხინთიბიძემ:
_ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ნოემბერი გახლავთ აქტიური ფაზა მომდევნო წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტების განხილვისთვის, რადგანაც სწორედ ნოემბერში უნდა ნახოს დღის შუქი შემდგომი წლის ბიუჯეტის პროექტმა, რომელზედაც საკრებულოს აღმასრულებელი ორგანოები ყოველი წლის მარტის თვიდან იწყებენ მუშაობას, _ ამბობს ხინთიბიძე.
მისი თქმით, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 77-ე მუხლის თანახმად: ყოველი წლის არა უგვიანეს 15 ნოემბრისა, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გამგებელი, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს, თანდართულ მასალებთან ერთად, წარუდგენს შესაბამისი წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარეს, რომელიც, თავის მხრივ, ამ ბიუჯეტის პროექტს განსახილველად წარუდგენს წარმომადგენლობით ორგანოს, ანუ საკრებულოს: _ ბიუჯეტის პროექტის საკრებულოში წარდგენის შემდეგ კი საკრებულო, კანონით დადგენილი წესით, აქვეყნებს ამ პროექტს საჯარო განხილვისთვის, ხოლო დაინტერესებული საზოგადოება კი უფლებამოსილია, გაეცნოს მას და კანონით მინიჭებული შესაძლებლობით, შეუძლია, საბოლოოდ დამტკიცებამდე, აღნიშნული ბიუჯეტის პროექტის მიმართ წარადგინოს შენიშვნები და რეკომენდაციები.
უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ორგანიზაცია ყოველწლიურად ჩართულია საბიუჯეტო პროცესის ყველა ეტაპზე და, ბუნებრივია, ახალი ბიუჯეტის მომზადებისა და დამტკიცების პროცესში, რომლის მიხედვითაც ადგილობრივ ხელისუფლებას წარედგინება ჩვენ მიერ მომზადებული საბიუჯეტო ინიციატივები და რეკომენდაციები. 2014 წლის ბიუჯეტისთვის გვაქვს მომზადებული ახალი ინიციატივა, რომელიც ეფუძნება ოზურგეთის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ფინანსურ მხარდაჭერას გარკვეული პირობებით, მათივე საცხოვრებელი სახლების ლოკალური პრობლემების აღმოფხვრის მიზნით.
ოზურგეთის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების იურიდიულად ჩამოყალიბებისა და დაფუძნების პროცესი კი ჩვენმა ორგანიზაციამ მიმდინარე წლის ზაფხულისთვის დაიწყო და ეს პროცესი კვლავ მიმდინარეობს დაინტერესებული პირებისთვის.
სხვა მხრივ, კი ბიუჯეტში ამ პუნქტის არსებობა განაპირობებს მოქალაქეთა მეტ ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ხოლო ბიუჯეტი კი გარკვეულწილ მოსახლეობაზე ორიენტირებული ხდება. ეს საკითხი უფრო მეტ აქტუალობას იძენს იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივით ოზურგეთი მომდევნო, ანუ 2014 წლიდან თვითმმართველი ქალაქი ხდება, _ თქვა ლევან ხინთიბიძემ.