ამ აზრს იზიარებს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე და აცხადებს, რომ გუბერნატორის ინსტიტუტის მომხრე არ არის.
“გუბერნატორის ინსტიტუტის შენარჩუნება გამართლებულად არ მიმაჩნია, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა ეს ინსტიტუტი ცოტა გაუგებარია. თუკი ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირი არჩევითია, მაშინ ეს გუბერნატორი რაღაა? ჯერ გასარკვევია გუბერნიები თუ გვაქვს, გუბერნატორები რომ გვყავდეს. თუ ადგილობრივი ხელისუფლების ადგილებზე ცენტრალური მმართველობის წარმომადგენელი უნდა იყოს აუცილებლად, მას შეიძლება სხვა სახე მიეცეს და არ აღმოჩნდეს ეს ყოველივე ორხელისუფლებიანობის დასაწყისი. აი, სწორედ ამ ორხელისუფლებიანობას წარმოშობს დღევანდელ პირობებში გუბერნატორების ინსტიტუტის შენარჩუნება. ყველაფრის გათვალისწინებით, ამ ინსტიტუტის არსებობას გამართლება არ აქვს, ყოველ შემთხვევაში ჯერ–ჯერობით მაინც”, _ განაცხადა რამაზ საყვარელიძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას.
ქვეყანაში გუბერნატორების ინსტიტუტების შენარჩუნების აუცილებლობას ვერ ხედავს ექსპეტრი ვალერი გელბახიანიც და ნეგატიურად აფასებს ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობაში გასატარებელ რეფორმებს.
“გუბერნატორების ინსტიტუტი დამახასიათებელია მხოლოდ ფედერაციული მოწყობის სახელმწიფოებისთვის, სადაც ქვეყანა დაყოფილია ტერიტორიულ ერთეულებთან. საქართველო ამ ეტაპზე არის უნიტარული მოწყობის ქვეყანა, ანუ ჩვენ არ გვაქვს დაყოფილი ტერიტორიული ერთეულები. აი, ასეთ პირობებში, გუბერნატორების ინსტიტუტის შემოღებას უნდა ჰქონდეს ან ეკონომიკური ან პოლიტიკური სარჩული, მაგრამ არც ერთი არ არის სახეზე, ამიტომ ეს არის ბუტაფორია, ფორმალობა. ვერავითარ აუცილებლობას ვერ დაინახავთ ამ ინსტიტუტის არსებობის აუცილებლობის, მითუმეტეს, რომ საუბარია თვითმმართველობაზე”.
ექსპერტი აცხადებს, რომ ამ პროექტის მიმართ პოზიტივს ვერ ხედავს და ურჩევს საქართველოს მთავრობას საკომიტეტო მოსმენამდე მოხდეს აღნიშნული პროექტის განხილვა და გადამუშავება.