ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, ფონდის მიზანია ხალხური შემოქმედების ხელშეწყობა და ტრადიციული ქართული სიმღერისა და გალობის პოპულარიზაცია. ფონდის საქმიანობაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ტრადიციული გალობისა და სიმღერის მეცნიერული კვლევა, უძველესი ნიმუშებისა და ჩანაწერების მოძიება-აღდგენა, შესაბამისი აუდიო, ვიდეო და ელექტრონული ვერსიების გამოცემა. ფონდი ხელს შეუწყობს ტრადიციული მუსიკის შესწავლას, სამეცნიერო კვლევებს ამ მიმართულებით და ნაშრომთა გამოცემას, კონფერენციების, სემინარების და სხვა სამუშაო შეხვედრების გამართვას. დიდი ყურადღება დაეთმობა ტრადიციული მუსიკის სწავლებას, ლოტბართა და რეგენტთა დასაქმებისათვის ხელშეწყობას, განსაკუთრებით სამრევლო სკოლებისა და გალობის ცენტრების შექმნას საზღვარგარეთის ქართულ ეკლესიებთან. ქართული ხალხური სიმღერისა და გალობის პოპულარიზაციისათვის ფონდი საქართველოსა და უცხოეთში კონცერტების, საღამოებისა და ფესტივალების ორგანიზებას შეუწყობს ხელს. ასევე მართლმადიდებელი სამყაროს ტრადიციული გალობის და ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალებში ქართული გუნდების მონაწილეობას და ანალოგიური ფესტივალების გამართვას საქართველოში. ფონდის საქმიანობაში პრიორიტეტული იქნება რეგიონებში ტრადიციული მუსიკის აღორძინებისათვის ხელშეწყობა. ფონდი ითანამშრომლებს ტრადიციული მუსიკით დაინტერესებულ ყველა ორგანიზაციასთან და პირთან როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
ფონდი “ქართული გალობა” სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა დააფუძნა, რომელიც წლებია ხელს უწყობს ტრადიციული გალობისა და სიმღერის პოპულარიზაციას. მისი თანადგომით 2006 წელს დაფუძნდა საეკლესიო გალობისა და ხალხური სიმღერის უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც მაღალკვალიფიციურ რეგენტებსა და ლოტბარებს ამზადებს. გაიხსნა სკოლები ოზურგეთსა და სტეფანწმინდაში, ტიხრული მინანქრის სახელოსნო სნოში, სამრევლო სკოლა ლონდონში, აიგო ტაძარი ოზურგეთში. ასევე, დაფინანსდა არაერთი კონცერტი და ფესტივალი, გამოიცა არაერთი წიგნი და აუდიო პროდუქცია ტრადიციული მუსიკის, საქართველოს ისტორიისა და კულტურის საკითხებზე.
კონცერტში მონაწილეობენ: ტრიო “შალვა ჩემო”, პოლიკარპე ხუბულავა, ანსამბლი “ბასიანი”, ოზურგეთის ანსამბლი “შვიდკაცა”, ანსამბლი “შავნაბადა”, ანსამბლი “ბათუმი”.