ძეგლს იკვლევდნენ დიუბუა დე მონპერე, დიმიტრი ბაქრაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, თედო სახოკია, გერმანე გობეჯიშვილი, ნიკო ბერძენიშვილი, ალექსანდრე ინაიშვილი.
ისტორიკოს მკვლევართა მიერ ძეგლი მიჩნეულია IV-VIII საუკუნეების მნიშვნელოვან სამონასტრო კომპლექსად. თავისი ციხე ქალაქით, წამებულის განსასვენებლით-მარტირიუმით, საკათედრო ტაძრით – სამნავიანი ბაზილიკით და სასიმაგრო სისტემით. მეცნიერთა ვარაუდით, კომპლექსი აიგო IV საუკუნეში და VIII საუკუნის შუა წლებში შეწყვიტა არსებობა. სავარაუდოდ, ციხე-ქალაქი დაინგრა მურვან ყრუს შემოსევების შედეგად.
ვაშნარი 1833 წელს მოინახულა შვეიცარიელმა მოგზაურმა და სიძველეთა მკვლევარმა დიუბუა დე მონპერემ, რომელმაც იგი მიიჩნია პეტრას ციხედ. ეს აზრი უარყო დიმიტრი ბაქრაძემ და ვაშნარი ბერძნულ ახალშენად ჩათვალა. 1897 წელს გურიაში იმოგზაურა თედო სახოკიამ. ვაშნარი ნანგრევების სახით ნახა და თავის “მოგზაურობაში” გადმოგვცა დიუბუას სიტყვები: “მე ვიდექი იქ, სადაც დიდი ხნის წინათ, შეიძლება, ათასი წელიწადიც იყოს მას აქეთ, არსებობდა გურიის ერთ-ერთი უძველესი ქალაქთაგანი. აქვეა ლეგენდაც: “აქ ყველგან სიმდიდრე იყო ჩაფლული, მაგრამ ვერავინ მიაგნო იგი, არც წინათ და არც შემდეგ, ამიტომ “უჩინარი” დაერქვა.
პრობლემა საბოლოოდ გადაიჭრა 1949 წელს, როდესაც აქ გათხრები აწარმოა ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი გერმანე გობეჯიშვილი). 1949 წელს აქ დაიწყო ჩაის გადასამუშავებელი ფაბრიკის მშენებლობა, რომლის დროსაც აღმოჩნდა შიდა ციხის ნაწილი, სამნავიანი ბაზილიკა და წამებულის საპატივცემულოდ გამართული მარტირიუმი _ განსასვენებელი. არქეოლოგიური გათხრების მიმდინარეობისას, პარალელურად წარმოებდა მოლაპარაკება სამშენებლო სამუშაოების შეჩერება-შეწყვეტის შესახებ, მაგრამ, სამწუხაროდ, იმდროინდელი ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სამუშაოები გაგრძელდა, რამაც ძეგლის მიწისზედა ნაწილი შეიწირა კიდეც. 1961 წელს ხელოვნებათმცოდნე ვადიმ ლექვინაძემ ძეგლი არქიტექტურულად შეისწავლა.
განსაკუთრებით საინტერესო იყო 1963 წელს ისტორიის ინსტიტუტის ისტორიულ-გეოგრაფიული ექსპედიციის მიერ ჩატარებული, როგორც დაზვერვითი, ასევე გათხრითი სამუშაოებით მოპოვებული მასალები. ექსპედიციამ დაათვალიერა ნატანებსა და სუფსას შორის მდებარე ვრცელი ტერიტორია, ოზურგეთიდან შავი ზღვის სანაპირომდე. ჯგუფი, ძირითადად, ნაკაშიძეთა ნაციხარით და ციხისფერდის კვლევით იყო დაინტერესებული. ჯგუფის წევრებმა: გურამ გრიგოლიამ, გურამ ცქიტიშვილმა, იური სიხარულიძემ დაათვალიერეს ვაშნარის ძეგლი, რომელიც იმჟამად ბაზილიკის, აბსიდისა და მავზოლეუმის სახით იყო წარმოდგენილი, დანარჩენი ტერიტორია კი მოასფალტებული იყო.
1963 წელს აკადემიკოსი ნიკო ბერძენიშვილი ოზურგეთში საველე სამუშაოების შედეგებისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე მოხსენებით გამოსვლისას აღნიშნავდა: “გურიის ისტორიული შესწავლა ჩვენმა ექსპედიციამ გურიანთით დაიწყო. ამის საბუთი იყო ზოგადი ისტორიულ-გეოგრაფიული მეცნიერული მოსაზრება, რომელიც ჩვენ შეგვიმუშავდა ამა თუ იმ ქვეყნის წარმოქმნის საკითხში, გვეგულებოდა, რომ ეს კუთხე შეიძლება ყოფილიყო გურიის ქვეყნის წარმოქმნის დედა აკვანი. აქეთკენ გვეწეოდა ზღვა-დიუნებით, შეკვეთილით, აქეთკენ გვეწეოდა ვაშნარის ნაქალაქარი და ორი მდინარის, სუფსა-ნატანების ხეობათა შუაში მდგომი ციხე” აქეთკენ გვეწეოდა ნაკაშიძეთა ძველი გვარის საბუდარი გვიანი სათავადო ქვეყანა და ბოლოს, მოსაზრებათა ამ კომპლექსს მხარს უჭერდა ეჭვის აღმძვრელი სახელი ამ ქვეყნისა-გურიანთა (გურიამთა), (ნიკო ბერძენიშვილის გამოსვლიდან, გაზეთი “ლენინის დროშა”, 1963 წელი, #127, 14 სექტემბერი).
1965 წელს ბათუმის გაერთიანებულმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი ა. ინაიშვილი) ვაშნარის ნაქალაქარზე განაახლა გათხრები, რომელიც, ფაქტობრივად, აკადემოკოს ნ. ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარებული კვლევა ძიების გაგრძელება იყო. ექსპედიციამ დაადგინა სასიმაგრო კედელი, აგრეთვე სხვა საფორტიფიკაციო ნაგებობისა და დამცავი თხრილების გეგმარება, შეადგინა ნაქალაქარის სქემატური გეგმა.
კიდევ მრავალმა წელმა განვლო და 1993 წლის ზაფხულში ვაშნარის ექსპედიცია შედგა (ხელმძღვანელი დოქტორი ვაჟა სადრაძე), რაც მხოლოდ წმინდა პროფესიული ინტერესებისა და დიდი ენთუზიაზმის წყალობით მოხერხდა. თუმცა, მცირე ხნით, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა. ექსპედიციის ჯგუფი სწავლობდა ბაზილიკისა და საფორტიფიკაციო ნაგებობის ზოგიერთ მონაკვეთს. გათხრებზე მონაწილეობას იღებდნენ ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის თანამშრომლებიც. “ჯგუფმა გაწმინდა აფსიდა და გვერდითი ნავის კედლები. ნაქალაქარის აღმოსავლეთში გამოვლინდა საფორტიფიკაციო ნაგებობის ერთი მონაკვეთი, რომელიც რიყის ქვით იყო ნაშენი კირხსნარზე. შემორჩენილი კედლის სიმაღლეა 1 მეტრი, სისქე _ 35 სმ, სიგრძე _ 8 მეტრი და 75 სმ, ამავე მონაკვეთში დაფიქსირდა ოთკუთხა კოშკის კონტურები, რომელიც კედელთან უნდა ყოფილიყო მიდგმული, გაკეთდა პრეპარაცია. მისი ბოლომდე გამოვლენა არ მოხერხდა. კედლის ფრაგმენტი ქალაქის საფორტიფიკაციო ნაწილს წარმოადგენდა და V-VI სს. თარიღდება. ნაქალაქარის, კერძოდ, დღევანდელი ჩაის ფაბრიკის ტერიტორიაზე, დაფიქსირდა დიდი ზომის ადგილობრივი წარმოების ქვევრები, რომლებიც ანალოგიით, ზოგადად, IV-V საუკუნით უნდა დათარიღდეს. ქვევრების ასეთი დიდი რაოდენობით დაფიქსირება მიუთითებს, რომ ვაშნარი, ისე, როგორც სხვა თანადროული ციხე-ქალაქები, უპირატესად სავაჭრო-სამრეწველო ცენტრი უნდა ყოფილიყო. ვაშნარის კვლევა უნდა გაგრძელდეს, რადგან ძეგლზე ძალიან ბევრია გამოსავლენი და შესასწავლი (“1993 წლის ექსპედიციის წევრთა დღიურებიდან”).
მკვლევარები ვადიმ ლექვინაძე და ვაჟა სადრაძე ვაშნარს სამონასტრო კომპლექსად მიიჩნევენ. ვახტანგ ჯაფარიძის მოსაზრებით, “ბაზილიკის აბსიდის კედლის გასწვრივ დაფიქსირებული სამღვდელოების ჩამოსაჯდომი ქვის რიგის ცენტრში გამოყოფილი ამაღლებული ადგილი ეპისკოპოსისათვის იყო განკუთვნილი და შესაბამისად, საეპისკოპოსო ეკლესიას წარმოადგენდა” (ნათელა ჯაბუა: “ადრე შუა საუკუნეების ბაზილიკები გურიის ტერიტორიაზე, კრებული გურია” ტომი V, გვ. 81).
2009 წლის 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღეს გურიანთისა და ციხისფერდის სკოლის მოსწავლეებთან ერთად, მუზეუმის თანამშრომლებმა ძეგლი და მისი მიმდებარე ტერიტორია გავწმინდეთ მცენარეებისა და ბალახებისაგან. ძეგლს გაუკეთდა მიმანიშნებელი ფირნიშები (შპს. “გზამშენი-18”, თ. ჯახვა).
ძეგლის პოპულარიზაციის მიზნით, ვაშნარის ნაქალაქარის ისტორიულ მნიშვნელობაზე საზოგადოებას შევახსენეთ 2009 წლის ივლისში ისტორიული მუზეუმისა და საქართველო-ბრიტანეთის ფიჭვნარის ერთობლივი ექსპედიციის ინიციატივით ჩატარებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე _ “ვაშნარი ადრეფეოდალური ხანის ციხე-ქალაქი და სამონასტრო კომპლექსი”, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორის, პროფესორ ამირან კახიძის და ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორ მაიკლ ვიკერსის მონაწილეობით. კონფერეციამ მიიღო რეკომენდაციები.
2011-2012 წლებში დოქტორ ვაჟა სადრაძის მიერ შემუშავებული პროექტი ითვალისწინებდა ძეგლის გაწმენდას და ზოგიერთ მონაკვეთზე გათხრების წარმოებას, მაგრამ აღნიშნული პროექტი უსახსრობის გამო ვერ გახორციელდა.
ახლახან, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ციხისფერდში მცხოვრები შაქრო კვაჭანტირაძე ფლობდა საინტერესო ინფორმაციას ვაშნარის ნაქალაქარის შესახებ. ჩვენ ვეწვიეთ შაქრო კვაჭანტირაძეს სახლში. იგი 85 წლის გახლავთ, კარგად გამოიყურება და საუკეთესო მეხსიერება აქვს. მან გვიამბო: “ჩემი ოჯახი ცხოვრობდა იქ, სადაც ახლა გურიანთის ყოფილი ჩაის ფაბრიკის ტერიტორიაა. სულ ხუთი ოჯახი ვცხოვრობდით, ბიძაშვილ-მამიდაშვილები: ჩემი ბიძა, გაბრიელ კვაჭაძე, რაჟდენ მუჯირი, ზინა ჭეიშვილი და ქეთო კვირკველია. 1947 წელს ხუთივე ოჯახი გვაიძულეს, დაგვეტოვებინა ეს ადგილი, საცხოვრებელი ფაბრიკის მშენებლობის გამო. ჩემი სამზადი სახლი ანუ (კუხნა) იდგა იქ, სადაც ახლა ბაზილიკის ნაშთებია. ყოფილი ფურნის შენობის ადგილას კი ოდასახლი გვედგა. მე კარგად მახსოვს, როცა გათხრები დაიწყეს, ქალისა და მამაკაცის რამდენიმე საფლავი აღმოჩნდა. ყოფილი კულტურის სახლის შენობის ადგილზე, შემაღლებული ყორღანული საფლავი აღმოჩნდა. მგონი, იქ წარჩინებული გვარის ადამიანი უნდა ყოფილიყო დასაფლავებული. შესასვლელში, ჭიშკართან ახლოს, მარცხენა მხარეს აღმოაჩინეს აბანო. იგი სამი დიდი ზომის აგურის ფილებისგან შედგებოდა, სიგრძე ორნახევარი მეტრი, სისქე _ 4სმ. ერთი ფილა იატაკი იყო, მეორე და მესამე _ გვერდები. მას უერთდებოდა თიხის მილები.
ფაბრიკის მშენებელმა ინჟინერმა, ვალოდია ღოღობერიძემ გამოიყვანა სინათლე და მუშებს სამ ცვლაში ამუშავებდა, მიუხედავად იმისა, რომ ბრძანება იყო, გათხრებთან დაკავშირებით მშენებლობა შეჩერებულიყო. თითქმის, ყველა ნახევარ მეტრში 30-ფუთიანი ჭურები იყო დაფლული. მუშები, ძირითადად, სომხები იყვნენ. ისინი ქვებს ესროდნენ ჭურებს, ტეხდნენ და ამით ერთობოდნენ. ერთი ჭური ჩვენ სახლში წამოვიღეთ, მაგრამ დროთა განმავლობაში იგი დაზიანდა. გათხრების დროს აღმოჩენილი ქვის ფრაგმენტები თუ აგურები მოსახლეობას გაჰქონდა. ზოგი ბუხარს აკეთებდა, ზოგი _ რას. ჩვენ წამოვიღეთ ქვები და ბუხარი გავაკეთეთ, მაგრამ ახლა ეს ბუხარი არ არსებობს.”
მოსახლეობას რომ მართლა გაჰქონდა სამშენებლო მასალა, ამის შესახებ გერმანე გობეჯიშვილი თავის დღიურებში წერდა: “ვაშნარის ნანგრევ მასალას დიდი ხნის მანძილზე იყენებდა ციხისფერდის გურიანთის მოსახლეობა თავისი საჭიროებისთვის. განსაკუთრებით, ბლომად აკლია კუთხეების შემადგენელი გათლილი კვადრები. ისინი კედლიდან ძალითაა ამოგლეჯილი, ერთ-ერთი მათგანი გატეხილა ამოღების დროს და იქვე დაუტოვებიათ”. ეს რომ მართლაც ასე იყო, ამას ადასტურებს ვახტანგ კვერღელიძე, რომლის მამას, დავით კვერღელიძეს 1949 წელს ერთი თაღის ძირი სახლში წამოუღია ბუხრის ასაშენებლად, მაგრამ ვერ აუშენებია. ორმოცდათხუთმეტი წლის შემდეგ, იგი მისმა შვილმა, ვახტანგ კვერღელიძემ მუზეუმს გადმოსცა.
ბატონი შაქრო განაგრძობს თხრობას: _ მდინარე ნატანებიდან ქვაფენილი იყო, ვიდრე კარიბჭემდე. ერთი გზა ციხექალაქიდან მიდიოდა მდინარე ნატანების მარცხენა ნაპირზე, იქ, სადაც “რუსის გორას” ეძახიან ან “რუსის ნასახლარს”, მისი გვარი იყო პავლოვი. მდინარე ნატანების მარცხენა სანაპიროზე, სადაც ახლა ხევია, მამაჩემმა და ბაბუაჩემმა ჩაცემენტებული 3_4 ცალი ჯაჭვი ნახეს, რომელსაც შემდეგ მამაჩემი იყენებდა კამეჩებით ხე-ტყის გადასატანად და რომელიც გაჰქონდათ შემდეგ თურქეთში. ჯაჭვები ნახეს ყოფილი ფაბრიკის კოშკებთან რამდენიმე მეტრში. ფაბრიკის შესასვლელში 12-თავიანი საღვინე ჭურჭელი იპოვეს, რომელსაც ჰქონდა ხელის ერთი მოსაკიდი და ღვინო 12 ადგილიდან ისხმებოდა. იქვე ნახეს ხელის წისქვილიც. აღნიშნული ნივთები სად წაიღეს, არ ვიცი. ფაბრიკის ყოფილი დირექტორი, ვალოდია ტაკიძე ცდილობდა, დაეშალა საკურთხევლის ის ნაწილი, რაც ახლაა დარჩენილი, მაგრამ ვერ დაშალა. გამიგია, რომ მშენებლობაზე მუშაობდა სვანების ბრიგადა და ერთ ღამეს ეს ბრიგადა ისე ჩუმად წავიდა, რომ ნამუშევარი ფულიც არ მოუთხოვია. მაშინ ამბობდნენ, რაღაც სიმდიდრე ნახეს და გაიპარნენო. რაც შეეხება სასიმაგრო კედელს და მასში ჩაშენებულ კოშკებს, რომელიც მდინარე ნატანების პირს მიუყვებოდა, ერთმა ოზურგეთელმა, წარმოშობით გურიანთელმა, რომელსაც ბენზინის სვეტის გამართვა უნდოდა, გალავნის კედლები ნატანების ხრამში გადააყრევინა ბულდოზერით. ადრე ეს მიწები, რომელზედაც ჩაის ფაბრიკა ააშენეს, თავად მიშა ნაკაშიძეს ეკუთვნოდა. მას ორი სახლი ჰქონდა, ერთი ვაშნარში და მეორე ზედუბანში. ბაბუაჩემი ესოფი კვაჭანტირაძე შეძლებული გლეხი იყო და შეძლო მისგან რამდენიმე ათეული ჰექტარი მიწის ყიდვა. ისიც გამიგია, რომ მიშა ნაკაშიძეს 24 თვალი ოდა, პალატზე დადგმული, მისმა მზარეულმა ესიკა გიორგაძემ გადაუწვა, რადგან იგი სამსახურიდან დაითხოვა 1924 წელს, როცა არეულობა იყო. ესიკამ იშოვა დრო და სამაგიერო გადაუხადა.
შაქრო კვაჭანტირაძეს ახსოვს ის ფაქტიც, რომ 1940 წელს მოსკოვიდან ჩამოსულან გეოლოგები, რომლებიც სკურდუმისა და ნატანების შესართავთან ეძებდნენ რაღაცას. მათ აღმოაჩინეს 100-ფუთიანი ქვევრი. შემდეგ ეს ექსპედიცია წასულა ბახმაროში და საყორნიას მთაზე დაღუპულა. მათი იარაღები: წერაქვები, ბარები, თოხები და სხვა მოსახლეობას დაურიგეს.
როგორც მეცნიერ-არქეოლოგთა დამოწმებით და თვითმხილველი შაქრო კვაჭანტირაძის მონათხრობიდან ირკვევა, მდინარე ნატანები უნდა ყოფილიყო სანაოსნო-ნავსადგურით. ვაშნარის ნაქალაქარი სასიმაგრო სისტემით და სამონასტრო კომპლექსთან ერთად, სამრეწველო სავაჭრო ცენტრიც უნდა ყოფილიყო. რაც შეეხება გურიაში უადრეს ქრისტიანული ეკლესიის არსებობას, ისევ ვაჟა სადრაძის მოსაზრებები უნდა დავიმოწმოთ: 1. ვაშნარი-სპონიეთი- გურიანი, თვითმხილველია ეგრის-ლაზიკის სამეფოს ზეობის ხანისა და მისი ერთ-ერთი საკულტო და საერო ხასიათის ძეგლს წარმოადგენს. ასევე, საყურადღებოა მის მიერ დამოწმებული აგათია სქოლასტიკოსის ცნობა, რომელიც აღნიშნავს ფაზისთან ბიზანტიელებსა და სპარსელებს შორის, 555 წლის ომისწინა პერიოდის მოვლენებს და ასახელებს ქრისტიანეთა შორის განთქმული ტაძრის არსებობას. “იუსტინიანეს კი გერმანეს-ძეს, რომელიც სრულებით არ ფიქრობდა იმაზე, რომ ნახორაგანი ამ დროს საიერიშოდ წამოვიდოდა, ვფიქრობ, რომ რაღაც ღვთაებრივმა ძალამ შთააგონა, სასწრაფოდ წასულიყო ქრისტიანეთა შორის ძალიან განთქმული ტაძრისკენ, რომელიც ქალაქს ბევრად არ იყო დაშორებული, რომ იქ ღმერთს შევედრებოდა,” _ (ვ. სადრაძე, ვაშნარი-სპონიეთი-გურიანი”, 2003 წ. გვ. 84). მეცნიერები ვარაუდობენ, რომ აგათია სქოლასტიკოსი გულისხმობდა ვაშნარის სამონასტრო კომპლექსს და თუ ეს ასეა, ვაშნარის სახით გურიაში ჩვენ გვაქვს ყველაზე უადრესი ქრისტიანული ეკლესია.
დღეს რამდენიმე ათეულ კილომეტრზე განთავსებული ვაშნარის ნაქალაქარი მიწის ქვეშაა გასუდრული. ეკალ-ბარდებით დაფარული ეს ტერიტორია შველას ითხოვს. ჩვენ, ყველას ერთად, გურიის მცხოვრებთ, უყურადღებოდ გვრჩება დიდი ექვთიმე ღვთისკაცის შეგონება: “გვეყოფა ამდენი გულგრილობა ჩვენი ძვირფასი ნაშთებისა. მომავალი არ გვაპატიებს თუ ეს ძეგლები ჩვენ თვალწინ დაინგრა.”
სანამ გვიან არ არის, იქნებ, მოხერხდეს ვაშნარის ნაქალაქარზე ფართომასშტაბიანი გათხრების წარმოება. იქნებ, ერთად ვიფიქროთ ამ უძველეს ქრისტიანულ კერაზე სამონასტრო ცხოვრების აღგენისათვის _ ეთხოვოს მეუფე იოსებს, დასვას საკითხი საპატრიარქოს წინაშე; ასევე, ეთხოვოს ოზურგეთელ ბიზნესმენებს, შეძლებისდაგვარად, თავიანთი წვლილი შეიტანონ ამ საშურ საქმეში.
მანანა ლომაძე,
ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის ფონდების მცველი