“საქართველოში მიმდინარე ისტორიული ცვლილებების პარალელურად, ახლა იდეალური დროა უკან მივიხედოთ და ვრცლად გავაანალიზოთ თუ რამდენს მიაღწია ქართველმა ხალხმა. ამასთან, იმაზეც გავამახვილოთ ყურადღება, თუ რამდენი გამოწვევაა დარჩენილი. ეს კონფერენცია იდეალურია ამ ყველაფრის გასაანალიზებლად.
ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ძალაუფლების საოცრად მშვიდობიანი გადაცემა ერთი დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებიდან მეორეზე, ნამდვილად დიდი მნიშვნელობის მოვლენაა, არა მხოლოდ ამ ქვეყნის ისტორიაში, არამედ მთელი რეგიონისთვის, მაშინ როდესაც მსოფლიოს უამრავი სახელმწიფო, ჯერ კიდევ იბრძვის იმისათვის, რომ საფუძველი ჩაუყაროს დემოკრატიულ მმართველობას, რაც ხშირად წარუმატებლადაც კი მთავრდება. მაშინ, როდესაც პოლიტიკური ძალაუფლება კვლავაც საფუძველია საზოგადოებრივი უწესრიგობისა და ძალადობისაც კი, საქართველო შთაგონების წყაროა მთელი მსოფლიოსთვის.
საქართველოში ხელისუფლების გადაბარების პროცესი გადამწყვეტი ნიშანსვეტია იმისათვის, თუ როგორ განიცადა ქვეყანამ პოლიტიკური და ეკონომიკური პროგრესი, რასაც ცოტა თუ წარმოიდგენდა 2003 წელს, როდესაც ათი ათასობით ქართველი გამოვიდა საკუთარი ხმის დასაცავად, რათა მათი ხმები სამართლიანად ყოფილიყო დათვლილი და ეს უფლება დაეცვათ წინამორბედი მთავრობისაგან.
მადლობა ქართველ ხალხს ბოლო ათწლეულის განმავლობაში დაუღალავი შრომისა და თავდადებისთვის, რეფორმატორმა მთავრობამ ავტორიტარული სახელმწიფო, დახურული და სტაგნაციის მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკით აქცია დემოკრატიულ სისტემაზე აწყობილ ქვეყნად, ძლიერი, წარმატებული და თავისუფალი ეკონომიკით. საქართველოს ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდა, ეკონომიკა ლიბერალური გახდა, დემოკრატია ღრმავდება და კიდევ უფრო გამჭვირვალე და საქართველოს მოქალაქეებისთვის საპასუხისმგებლო ხდება.
საქართველოში გატარდა პოლიციის რეფორმა, რომელიც მოდელი გახდა სხვა დემოკრატიისკენ მიმავალი ქვეყნებისათვის. მე ვყოფილვარ ამ ქვეყანაში ვარდების რევოლუციამდე და მახსოვს, რომ დაბნელების შემდეგ თბილისში გარეთ ყოფნა სახიფათო იყო. დღესდღეობით, დანაშაულისა და კორუფციის რიცხვი საგრძნობლად არის შემცირებული.
ამ პერიოდში საქართველომ უპრეცენდენტო ეკონომიკურ ზრდას მიაღწია. მსოფლიო ბანკის რეიტინგების მიხედვით, ბიზნესის კეთების სიმარტივით საქართველო მსოფლიოში მერვე ადგილზეა. Transparency International-ის კვლევების თანახმად კი, საქართველო ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანაზე ნაკლებად კორუმპირებულია. უფრო მეტიც, საქართველო საკუთარი გამოცდილებით სხვა ქვეყნებს უჭერს მხარს, რომლებიც ახლა ცვლილებების პროცესში არიან. საქართველო მონაწილეობს ნატოს მისიაში ავღანეთში.
ამ ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური პროგრესი ყველა ქართველის დამსახურებაა და ამით ქვეყნის თითოეული მოქალაქე უნდა ამაყობდეს. ამავე დროს განსაკუთრებულ შექებას ერთი ადამიანი იმსახურებს – ეს პრეზიდენტი მიშა სააკაშვილია.
სწორედ პრეზიდენტ სააკაშვილის იდეალიზმმა შთააგონა მისი მეგობარი ქართველები 2003 წელს ჩაჭიდებოდნენ მათ დემოკრატიულ მომავალს. ეს უშუალოდ მისი ხედვა იყო, იგი საქართველოს წაუძღვა რეფორმების ათწლეულზე, იმ რეფორმების, რომლებმაც ქვეყანა რადიკალურად შეცვალა. ეს სწორედ მიხეილ სააკაშვილის თავდადება იყო საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის, რომელმაც ქვეყანაში ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარების პროცესი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მეშვეობით გახადა შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ მისი პარტია არჩევნებში დამარცხდა, პრეზიდენტ სააკაშვილმა ქვეყნისადმი აღქმული სიყვარულით მის კონკურენტებს ძალაუფლება მშვიდობიანად გადასცა – იგი ამ პირობას ასრულებს.
უნდა ვიმედოვნოთ, რომ ახალი პრეზიდენტიც იმდენივეს გააკეთებს ქვეყნისათვის რამდენიც პრეზიდენტ სააკაშვილმა გააკეთა…“ _ განაცხადა მაკკეინმა.