მინისტრმა ის მიზეზები დაასახელა, თუ რატომ გაჩერდა გარკვეული პროექტები, კერძოდ, “ვეფხვი და მოყმის” მიმდებარე ტერიტორიაზე ძვირადღირებული, ფეშენებელური ხიდისა და შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის პროექტები.
დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ სამტრედიის ქუჩის მოსახლეობისაგან მერიამ მიიღო წერილები, რომლითაც ისინი პროექტის შეჩერებას ითხოვდნენ. კერძოდ, სამტრედიის ქუჩა ვერ გაატარებდა ტრანსპორტის ასეთ დიდ ნაკადს და მოსახლეობას არ სურდა იქ ხიდის მშენებლობა.
ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ პროექტი მოუმზადებელი იყო და 80 მილიონს ფეშენებელური ხიდის მშენებლობაში ვერ დახარჯავდნენ. იგი ასევე შეეხო, გიგი უგულავას მიერ აღნიშნულ კიდევ ერთ პროექტს _ შეჩერებულ თბილისის შემოვლით რკინიგზას.
ნარმანიას თქმით, თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის პროექტში გარემოსდაცვითი რისკი უგულებელყოფილი იყო. ამჟამად ერთ-ერთ უცხოურ კომპანიასთან ერთად მიმდინარეობს კვლევა, თუ როგორ უნდა გადაკეთდეს და უფრო უკეთეს და მომგებიან პროექტად გადაიქცეს თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა.
“საზოგადოებამ კარგად იცის, რა უკეთებია გიგი უგულავას და რა მიკეთებია მე. ამაზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ, როცა დაიწყება არჩევნები, ჩვენი პოლიტიკური გუნდი თბილისის განვითარების კარგ ხედვას წარმოადგენს,” _ აღნიშნა ნარმანიამ.
მან ასევე განმარტა, რომ წლების განმავლობაში აკვირდებოდა და აანალიზებდა დედაქალაქის პრობლემებს. მას აქვს კონკრეტული პროგრამა, კერძოდ 41 პრობლემის ჩამონათვალი, რომელიც დედაქალაქს გააჩნია. ნარმანიას კი მასზე 41 ამომწურავი პასუხი გააჩნია.
მინისტრის განცხადებით, ეს არის სატრანსპორტო და კომუნიკაციასთან დაკავშირებული უსახლკარობის თემა, ინფრასტრუქტურული ობიექტებს მოგვარების საკითხები და სხვა პრობლემები.