როგორც სხდომაზე რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შერგელაშვილმა აღნიშნა, ახალი კოდექსის შემუშავება ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემაში არსებულმა ძირითადმა პრობლემებმა განაპირობა.
_ 2006 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ თვითმმართველობის უფლება დაკარგა 1000-ზე მეტმა თვითმმართველმა ერთეულმა, მათ შორის, 13-მა ქალაქმა 15 000 -ზე მეტი მოსახლეობით და 7-მა ქალაქმა 10 000-დან 15 000-მდე მოსახლეობით. სანაცვლოდ, თვითმმართველი ერთეულები შეიქმნა ყოფილი რაიონული მმართველობის საზღვრებში ყოველგვარი ადგილობრივი, გეოგრაფიული, ტრადიციული, ინფრასტრუქტურული თავისებურებების გათვალისწინების გარეშე, რამაც რეალურად დააშორა ადგილობრივი მოსახლეობა თვითმმართველობაში მონაწილეობის შესაძლებლობას, _ განაცხადა შერგელაშვილმა.
მისივე თქმით, ახალი კოდექსით, გაიზრდება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა, თვითმმართველი ქალაქების მიმდებარე სოფლებისგან ჩამოყალიბდება თემები, რომლის ბაზაზეც ფორმირდება მუნიციპალიტეტები, ხოლო სოფლებში განსაზღვრულია საზოგადოებრივი საბჭოების შექმნა. შერგელაშვილის განმარტებით, გუბერნატორის ინსტიტუტის პარალელურად, შეიქმნება კოლეგიური ორგანო, რომელიც ჩართული იქნება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. თვითმმართველი ერთეულების მმართველი რგოლები იქნება არჩევითი. კოდექსით ახლებურად განისაზღვრა ფისკალური დეცენტრალიზაციის გრძელვადიანი ხედვა, რაც თვითმმართველობებს მეტ ფინანსურ რესურსს გაუჩენს.