“მინდა შევეხმიანო ვილნიუსის სამიტის აღმოსავლეთის სამიტის, ევროკავშირის ლიდერებს, სახელმწიფოთა მეთაურებს და ზუსტად იგივე გავიმეორო, რაც დაახლოებით ერთი საუკუნის წინ უდიდესმა ქართველმა, გრიგოლ რობაქიძემ ერთ ტევად ფრაზაში გამოხატა ქართველი ხალხის სოციალურ-პოლიტიკური და კულტურული მისწრაფება, როდესაც იგი საქართველოში ჩამოსულ, პირველ ევროპულ დელეგაციას შეხვდა. “ევროპიელნო, ორი ათასი წელი ქართველნი გელოდებოდით თქვენ!”
ნესტან კირთაძემ ახალი ინიციატივა შესთავაზა მთავრობას და მთელ ქართველ ხალხს.
“მე, როგორც ქართულ-აფხაზური და ოსური საერთაშორისო მოძრაობის პრეზიდენტი, ჩვენი სახალხო მოძრაობის ახალგაზრდა ლიდერების სახელით გამოვდივარ ახალი ინიციატივით, რომ 2014 წელი გახდეს ევროპის წელი საქართველოს პოლიტიკური კალენდარისთვის. 2014 წელი უნდა გახდეს ყველაზე პასუხისმგებლობით სავსე, თანმიმდევრული პოლიტიკის წელი ევროპეიზაციისაკენ მიმავალ გზაზე”.
კირთაძე აღნიშნავს, რომ ამ მნიშვნელოვანი დღის მერე მალევე უნდა დასრულდეს “საზეიმო ეიფორია” და საქართველოს მთავრობამ კონკრეტული, პოლიტიკური გეგმებისა და სამომავლო პროგრამების გაწერა უნდა დაიწყოს. მან ხელისუფლებას ევროპულ კანონმდებლობასთან მიახლოებისკენ მოუწოდა.
“ამ დღეებში, ალბათ უნდა დასრულდეს უკვე საზეიმო ეიფორია, გაკეთდეს სხვადასხვა განმარტებები სხვადასხვა მიმართულებით, თუ რას ნიშნავს ეს ხელშეკრულება. საქართველოს მთავრობა უნდა იყოს თანმიმდევრული იმისათვის, რომ ქართულმა სახელმწიფომ გაუძლოს ყველა იმ გამოწვევებს და რისკებს, რომელიც ამ ხნის განმავლობაში მოსალოდნელია. რა თქმა უნდა, გამოწვევები და რისკები არის საგარეო და ეს არის რუსეთის ფედერაცია, მაგრამ ყველაზე დიდი რისკები მაინც არის ქვეყნის შიგნით და სამწუხაროდ, ეს გამოწვევებია საქართველოს დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობა, რომლის სრული სტაგნაცია შეინიშნება. უმუშევრობა, უაღრესად მძიმე სოციალური ფონი და სოციალური პოლიტიკა, რომელიც ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სიდუხჭირის პირობებში აყენებს. სუსტია ინსტიტუციური დემოკრატია და საერთოდ, ინსტიტუციური განვითარება ჩვენი ქვეყნისათვის და რაც ყველაზე მთავრია, რეფორმისტული პოლიტიკა, რომელიც უნდა დაიწყოს ახალი ძალით, ახალი პროგნოზირებადი პოლიტიკით. ამიტომაც, მინდა მივმართო საქართველოს მთავრობას, რომ უახლოეს მომავალში, არა ოცნებებისა და დაპირებების სახით, არამედ, რეალური მოლოდინების სახით წარმოადგინოს მომავალი ერთი წლის პროგნოზირებადი პროგრამა”.
ნესტან კირთაძემ აღნიშნა, რომ რუსეთისგან ძლიერი საფრთხეა მოსალოდნელი, მაგრამ ყველაზე მთავარი პრობლემები მაინც ქვეყნის შიგნით არსებობს და ყველა პრობლემა გადაჭრილი უნდა იყოს გონივრულად და ყველა რისკის გათვალისწინებით.