სადაც განსახილველად წარდგენილ იქნა 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი.
როგორც კომისიის ხელმძღვანელმა პაატა ფირცხალაიშვილმა თქვა, ბიუჯეტის პროექტი წარედგინა საკრებულოს კომისიებს. თუმცა, არსებობს რიგი შენიშვნები, რის გამოც პროექტი უკან დაუბრუნდება გამგეობას და შესწორდება ყველა ის ხარვეზი, რაც არ იქნა გათვალისწინებული.
სხდომას ესწრებოდა დეპუტატი დავით წულაძე, რომელმაც ჩვეულ წესს არ უღალატა და ბიუჯეტის პროექტის უკან დაბრუნება გააპროტესტა:
_ დეკემბრის დასაწყისში ამტკიცებთ ბიუჯეტს და მე, დეპუტატს, არ მაძლევთ უფლებას, გავეცნო მას. ტრადიციულად გრძელდება ის, რომ ვერ ვხედავ წინასწარ, თუ რა ხდება ბიუჯეტის პროექტში. მე საბიუჯეტო კომისიის წევრი ვარ, მაინტერესებს, სადაა ბიუჯეტი და რატომ ვერ მოხერხდა ის, რომ გადამევლო თვალი მისთვის, სად ვეძებო მე ახლა პროექტი?!
_ დღეს არ მტკიცდება ბიუჯეტი, დღეს ხდება ჩვენი კომისიის მიერ უკან დაბრუნება, რისი უფლებაც რეგლამენტის მიხედვით გვაქვს, _ შეეცადა ფირცხალაიშვილი პასუხი გაეცა, მაგრამ წულაძე ამის საშუალებას არ აძლევდა:
_ რატომ უნდა დავაბრუნოთ უკან, როცა არ გვაქვს წაკითხული, რა წერია შიგ? მომეცით პროექტი, მეც გადავხედავ. გამგეობის გამოცდილმა თანამშრომელმა მითხრა, ტონი შეცვალეო, მაგრამ ვერ ვიზამ ამას, როგორ შევცვალო, როცა ასეთი უმსგავსობა ხდება? ვიღაცის აზრი მაინც გაითვალისწინეთ. მოვედი, ვესწრები სხდომას, არც კი ვიცი, რა ხდება პროექტში და რატომ უნდა აგიწიო ხელი?! მეკითხებიან, რას აკეთებ საკრებულოში, ტყუილად ხარ მანდო? ტყუილად ვარ, აბა, რა?! პაატა, პროექტი ვერ წავიკითხე და უკან დაბრუნებას ხელი როგორ ავუწიო? თუ საქმეს ვერ აკეთებ, უნდა გადადგე, პაატა, სხვა გზა არ არის, _ ცხარობდა წულაძე.
_ პროექტის შემოტანას აქვს თავისის წესი და რიგი, რაც მკაცრადაა გაწერილი საბიუჯეტო კოდექსში, შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარემ ჩათვალა, რომ უნდა მომხდარიყო პროექტის კომისიაზე განხილვა და ჩვენი მუშაობის შემდეგ უკან დაბრუნება, რომელზეც გარკვეული მონახაზი უკვე გვაქვს. თუმცა, პრობლემებია ასლების დამზადებასთან დაკავშირებით, იმის გამო, რომ დოკუმენტი შესაცვლელია. გპირდებით, როგორც კი პროექტი მიიღებს საბოლოო სახეს, შესაბამისად, დამზადდება ასლები და ყველას მოგეცემათ საშუალება გაეცნოთ შესაბამის დოკუმენტს. დავამატებ იმასაც, რომ 25 ნოემბერი პროექტის უკან დაბრუნების ბოლო ვადაა. შესაბამისად, რომ მოხდეს საკითხის გადაწევა, არ შეიძლება, _ როგორც იქნა, მოახერხა და პროექტის დეპუტატებისთვის არგაცნობის მიზეზი ახსნა პაატა ფირცხალაიშვილმა.
რაც შეეხება პროექტის ხარვეზებს, როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიგინეიშვილმა “გურია ნიუსს” უთხრა, საკმაოდ ბევრია: _ პრიორიტეტები არ არის დალაგებული სიმძაფრის მიხედვით _ რაში გამოიხატება კლუბ “გურიას” ფინანსური მხარდაჭერა? თუ ბანკის დავალიანების გასტუმრებაზეა საუბარი, გუნდი რა შუაშია? სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტირება განათლების სამინისტროს პრეროგატივაა და არამიზნობრივ ხარჯად ითვლება. არ ჩანს ბაღებიდან გათავისუფლებული 30 თანამშრომლის 1100 ლარის და ტურიზმის ცენტრის 700 ლარის დაკრედიტება, არ არის წარმოდგენილი რიგი სამსახურების და სხვადასხვა ა(ა)იპ-ების განაცხადები სუბსიდირებაზე, რაც შეუძლებელს ხდის მათი მოთხოვნების იდენტიფიცირებას დაფინანსებასთან მიმართებაში; არ ჩანს წითელი ჯვრის თანადაფინანსება, საჯარო მოხელეთა ხელფასების ზრდის პირობები, განუზომლად მცირეა სპორტული ცენტრის პედაგოგთა ხელფასები. როგორც ვიცით, ნაგავსაყრელი არ არის ჩვენი საკუთრება, აქ გათვლილია პრიორიტეტად. პრიორიტეტად მიჩნეულია ახალი ბაღების გახსნა, რაც არ არის თანხით უზრუნველყოფილი. ტურიზმის ცენტრზე საერთოდ არ არის ხარჯი გამოყოფილი.
_ როგორც გავიგეთ, ძალიან ბევრ ა(ა)იპ-ის არ დაუკმაყოფილეთ თანხის მოთხოვნა და იმაზე ნაკლებს უმტკიცებთ, ვიდრე მათ სურდათ.
_ ეს არ არის სიმართლე. ყველა ა(ა)იპ-იმ შემოიტანა მოთხოვნა ორჯერ მეტ თანხაზე, ვიდრე გასულ წელს ჰქონდა. ჩვენ ყველა ა(ა)იპ-ის წარმომადგენელთან გვქონდა შეხვედრა და მათ მიერ მოწოდებული განრიგი გადავამოწმეთ. ბაღებს ჰქონდა მოწოდებული მილიონ სამასი ათასი ლარის მოთხოვნა, თუმცა, ძირითადად, დავეთანხმეთ, რადგან შესაძენია 800 საწოლი, მოემატა 200 ბავშვი და ა.შ. ყველაფერი დაზუსტებით დეკემბრის ბოლოსთვის გვეცოდინება, მაშინ, როცა საბოლოოდ დამტკიცდება ბიუჯეტი .
_ რაც შეეხება კლუბ “გურიას”, რამდენია მათი მხრიდან მოთხოვნა?
_ კლუბმა “გურიამ” შემოიტანა მოთხოვნა მილიონ შვიდასი ათასზე. თუ ჩვენ ამას დავაკმაყოფილებთ, მაშინ არც ბაღები გვექნება, ვერც ერთ სერვისს ვერ გავახორციელებთ და მთელი ლანჩხუთი გადაიქცევა კლუბ “გურიად”, _ გვითხრა ამირან გიგინეიშვილმა.