_ ზემო შუხუთი, 252 მუდმივად მცხოვრები ოჯახით და ქვემო შუხუთი, 440 მუდმივად მცხოვრები ოჯახით. შუხუთის ტერიტორიულ ერთეულში სულ არის 830 ოჯახი. სოფლის ცენტრში მდებარეობს წმიდა გიორგის სახელობის მოქმედი ეკლესია.
რაიონის სხვა სოფლების მსგავსად, აქაც უამრავი პრობლემაა. სოფლის პროგრამით გამოყოფილი ხარჯის მიხედვით, სოფელში დღესაც მიმდინარეობს წყლის სისტემის მოწესრიგება, ასევე, შიდა გზების მოხრეშვა. მიუხედავად იმისა, რომ წყლის პრობლემა 180 ოჯახს მოეხსნება, წყალმომარაგების გარეშე ისევ რჩება ზემო შუხუთისა და ქვემო შუხუთის მოსახლეობის ნაწილი. სოფლის პრობლემებსა და გახორციელებულ სამუშაოებზე სოფლის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელს, გიორგი იმნაიშვილს ვესაუბრეთ:
_ რა რაოდენობის თანხა გამოიყო სოფლის პროგრამით და რა სამუშაოები შესრულდა მის ფარგლებში?
_ სოფლის პროგრამით გამოგვეყო 47 ათასი ლარი, აქედან, 33 ათასი ლარი ერგო ქვემო შუხუთს, 14 ათასი ლარი _ ზემო შუხუთს. ქვემო შუხუთში 33 ათასი ლარის ფარგლებში შეიღობა საძოვარი 4 კმ, 42 ბოძზე გაკეთდა გარე განათება. ასევე, შეიღობა სასაფლაოს ერთი გვერდი. ზემო შუხუთში ამჯერადაც მიმდინარეობს სარიტუალო დარბაზის შეკეთება. გარდა ამისა, გვქონდა ინფრასტრუქტურის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები, რომელიც დღესაც მიმდინარეობს, სულ 118 ათას ლარს მოიცავს, 180 ოჯახზე კეთდება წყალი, სამუშაოების 60% უკვე შესრულებულია, რომელიც 14 დეკემბრამდე აუცილებლად დასრულდება.
_ როგორც ვიცით, წყლის რეაბილიტაცია, თითქმის ყველგან ხარვეზებით მიმდინარეობს. შუხუთის შემთხვევაში რა სიტუაციაა?
_ იყო ხარვეზები, მაგრამ გამოსწორდა. რომ არა ეს ხარვეზები, სამუშაოები უფრო ადრე დასრულდებოდა. გარდა იმისა, რომ მიმდინარეობს წყლის სისტემის შეკეთება, სტიქიით მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად გამოგვეყო თანხები, პირველ სტიქიაზე გამოგვიყვეს 10 ათასი ლარი, რომლითაც მოიხრეშა 1 კმ. სიგრძის გზა. ახლა გვაქვს გამოყოფილი 40 ათასი ლარი, ისევ გზის მოხრეშვაზე. ვინაიდან, ძლიერმა წვიმებმა დააზიანა გზები და გადაადგილება შეუძლებელი იყო, გზის ნახევარი ახლა იხრეშება, ასევე, დაგვიზიანდა ხიდი, რომლის აღდგენასაც ვაპირებთ მას შემდეგ, რაც გაფორმდება ხელშეკრულება შემსრულებელ მხარესთან _ ამისათვის გამოყოფილია 14 ათასი ლარი.. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ძვრები არის, პრობლემები მაინც ბევრი რჩება, მაგრამ, ალბათ, მომავლისთვის გავითვალისწინებთ.
_ რაც ყველაზე მეტად რა პრობლემები აწუხებს მოსახლეობას?
_ მიუხედავად იმისა, რომ 180 ოჯახს წყლის პრობლემა მოეხსნება, ზემო შუხუთი ისევ რჩება ამ პრობლემის წინაშე _ იქ ჩემს მეხსიერებაში არ მახსოვს, წყალი ყოფილიყოს, რის გამოც მოსახლეობა საყვედურს გამოთქვამს. გვინდა, 2014 წლის ბიუჯეტის პროექტში მოხვდეს და მოგვარდეს წყლის პრობლემა, ასევე, ქვემო შუხუთშიც რჩებიან ოჯახები წყალმომარაგების გარეშე, რომლის მოგვარებაც გვაქვს გეგმაში. დღემდე ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ყანებში მისასვლელი გზები, რის გამოც მოსავლის აღებისა და დაბინავების პროცესში პრობლემა ექმნება მოსახლეობას. რაც შეეხება საგანმანათლებლო დაწესებულებას, სკოლა გვაქვს, მაგრამ ცოტა სარემონტოა. ასევე, გვაქვს ბაღიც, სადაც 60 აღსაზრდელია, პრობლემა აქ ნამდვილად ბევრია, ელემენტარული სათამაშო არ აქვთ, რომ გაერთონ ბავშვები, საწოლებზე ხომ ზედმეტია საუბარი. ერთი ისაა, რომ კვება ნამდვილად კარგი აქვთ. იმ ნაწილში, სადაც ბავშვები არიან, არა, მაგრამ მეორე ნაწილში წყალიც ჩამოდის, სახურავია შესაკეთებელი. ძალიან კარგი იქნება, თუ მოხერხდება მისი რემონტი და სრული დატვირთვით იმუშავებს _ ლაშისღელეს ბაღი არ აქვს და ბავშვები, რომლებიც ნაქირავებ ოჯახში არიან, შეგვიძლია, აქ გადმოვიყვანოთ.
სხვა სოფლის მსგავსად, მიგრაცია აქაც შეინიშნება, ძირითადი პრობლემა მაინც უმუშევრობაა. სოციალურად შეჭირვებული 127 ოჯახი გვყავს, არიან ისეთი ოჯახებიც, რომლებსაც მართლა უკიდურესად უჭირთ, მაგრამ დახმარება არ ეძლევათ.
უამრავი გეგმა გვაქვს სოფლის საკეთილდღეოდ ჩაფიქრებული, მაგრამ, ჯერჯერობით, შესრულება ვერ ხერხდება.
სოფელს ჰყავს არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელმაც ბევრი სიკეთე გაგვიკეთა _ სოფლის ცენტრში აგვიშენა ტაძარი, ზემო შუხუთშიც ააშენა პატარა სამლოცველო. ლანჩხუთის ბიბლიოთეკა მისი წყალობით შერემონტდა. ძალიან ბევრი რამ გააკეთა, მაგრამ მისი ნებართვის გარეშე მის ვინაობას ვერ დაგისახლებთ _ იქნებ არ მოსწონს, როცა მის გაკეთებულ საქმეზე ვლაპარაკობთ. თავისი სოფლის საკეთილდღეოდ აქვს უამრავი გეგმა, რომელსაც, ალბათ, განახორციელებს და დარწმუნებული ვართ, სამომავლოდ კიდევ ბევრ კარგ საქმეს გაგვიკეთებს, _ გვითხრა იმნაიშვილმა.