“თვითმმართველობის კოდექსის დღევანდელმა საკომიტეტო განხილვებმა ნათლად დაგვანახა, რომ უმრავლესობაში, უმცირესობაში, არასაპარლამენტო ოპოზიციაში აზრი ერთია, ეს კანონპროექტი საჭიროებს ძირეულ გადახედვას. აქ არ არის საუბარი მხოლოდ ერთ მუხლთან ან ერთ კართან დაკავშირებით, ყველა თანხმდება იმაზე, რომ კანონპროექტი ძირეულად გადასახედია. შესაბამისად ჩვენი მოთხოვნა არის ბუნებრივი, რომ ეს კანონპროექტი გამოწვეულ იქნას პარლამენტიდან და მოხდეს თვითმმართველობის რეფორმის სრული და სიღრმისეული გაანალიზება და მხოლოდ ამის შემდეგ შევიდეს ეს კანონპროექტი პარლამენტში.
გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ ყველანაირად დარღვეულია ვადები. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დეკემბრის ბოლოს პარლამენტი მიიღებს ამ კანონს, კანონპროექტის თანახმად ერთ თვეში უნდა განისაზღვროს ის კომისია, რომელიც დაადგენს ახალ საზღვრებს, შემდეგ სამი თვის ვადაში უნდა მოხდეს მუნიციპალიტეტების დაშლა და შესაბამისად საზღვრის დადგენა, ეს უკვე მიდის აპრილის თვემდე, როდესაც წესით უკვე მარტში უნდა დაინიშნოს თვითმმართველობის არჩევნები და ჩატარდეს არაუგვიანეს 15 ივნისისა. შესაბამისად ეს არის პირდაპირ ამომრჩეველთა უფლებების დარღვევა, რადგან ელემენტარულად, თითოეული ამომრჩეველი, რომელსაც აქვს ამბიცია, რომ მომაწილეობა მიიღოს თვითმმართველობის არჩევნებში, ის აპრილის თვემდე ვერ გაიგებს, რა სახით, რა ფორმით და რა საზღვრებში უნდა იყაროს კენჭი.
ეს იყო არაკომპეტენტურობა, თუ იყო მცდელობა მოერგოთ თვითმმართველობის კანონი საკუთარი პარტიული ინტერესებისთვის, ეს უკვე საზოგადოებამ განსაჯოს. ფაქტი ერთია, რომ რეფორმა ჩავარდნილია, კანონპროექტი საჭიროებს ძირეულ გარდაქმნას; ძირეულ გადახედვას საჭიროებს რეგიონალური გაერთიანებების სტატუსი, გუბერნატორის
სტატუსი, ძირეულ გადახედვას მოითხოვს მუნიციპალიტეტის დაშლა, მათი ფისკალური პოლიტიკის დელეგირება, მათი ძალიან მწირი ბიუჯეტები. ასე რომ სრულიად გაუგებარია, როგორ გეგმავს ხელისუფლება ამ რეფორმის განხორციელებას”, _ აღნიშნა ჭყოიძემ.