საქართველოს უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, ჯ.ი-ის ბრალად ედებოდა თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. მასვე ბრალად ედებოდა გაუპატიურება.
“საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ. სასამართლომ, საქმეში წარმოდგენილი და სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებებისა და მხარეთა განმარტებების შეფასების შედეგად ბრალდებული უდანაშაულოდ სცნო გაუპატიურების ბრალდებაში და მის მიმართ ამ ნაწილში გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა მის ბრალეულობას ბრალად შერაცხულ ქმედებაში და გახდებოდა საფუძველი მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. სასამართლომ ჯ.ი. დამნაშავედ ცნო თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში”, _ აღნიშნულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.