ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნას თავისი ოფისის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად მიიჩნევს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ მთავარია არსებობდეს ამ კომისიის შექმნის პოლიტიკური ნება და მხოლოდ ფინანსურ ჭრილში ამ საკითხის განხილვა არ არის მიზანშეწონილი.
“კომისიის შექმნა, პირველ რიგში, პოლიტიკური ნების საკითხია და ამის მხოლოდ ფინანსურ ჭრილში განხილვა არ შეიძლება. ამ კომისიის შექმნის მოლოდინი დღესაც არსებობს საზოგადოების დიდ ნაწილში, მნიშვნელოვანია სახელისა და ღირსების აღდგენა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც წლების განმავლობაში განიცდიდნენ უსამართლობას საკუთარ თავზე. ამიტომ, მთავრობამ უნდა დაიწყოს დიალოგი ამ კონკრეტულ მექანიზმზე, თუ როდის ამოქმედდება იგი,” _ აცხადებს ომბუდსმენი.
სახელმწიფოს კეთილ ნებას მიიჩნევს ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის აუცილებელ პირობად ადვოკატი ლალი აფციაურიც. მან დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ თუ არ გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით, ახალი მთავრობა წინამორბედის ბედს გაიზიარებს.
“ხალხმა ხმა სამართლიანობის აღდგენას მისცა. ამდენ ხანს ვცდილობდი, თავი შემეკავებინა ასეთი მკვეთრი განცხადებების კეთებისგან, მაგრამ წელიწადი საკმარისი დროა იმისთვის, რომ თუნდაც სამართლანობის საკითხი მოგვარებულიყო. დღეს ვისმენთ, რომ თურმე ხელისუფლებას ფინანსური პრობლემა აქვს და აქედან გამომდინარე,ხარვეზების დამდგენი კომისია ვერ შეიქმნება. პატივს ვცემ თეა წულუკიანს, მაგრამ მას ეს განცხადება არ უნდა გაეკეთებინა. ფინანსურ პრობლემებზე კეთილი ინებოს და იფიქროს სახელმწიფომ. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგივე ბედს გაიზიარებს ახალი ხელისუფლება,რაც გაიზიარა წინა ხელისუფლებამ. სამწუხაროდ, სამართლიანობის აღდგენის საქმეში სახელმწიფოს კეთილ ნებას ვერ ვხედავ”.
მთავრობისგან სამართლიანობის აღდგენის დაპირების შესრულების აუცილებლობას ხედავს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვახტანგ ჟორდანია და აცხადებს, რომ ხალხის მოთხოვნა ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნასთან დაკავშირებით სამართლიანია.
“ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა აუცილებელია, სამართლიანობა უნდა აღსდგეს! რატომ უნდა იყოს უსამართლოდ დასჯილი ადამიანი, რომელიც წინა მთავრობის რომელიღაც წევრს არ მოსწონდა, საერთოდ, დემოკრატიულ ქვეყანაში რატომ უნდა იდგეს სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნა! რადგან ხალხი ითხოვს, საჭიროა რეაგირების მოხდენა და ნორმალური პასუხის გაცემა მაინც.“
პარტია “მომავალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ლაღიძე კი აცხადებს, რომ ახალი მთავრობის წევრებმა რბილი სავარძლები მოირგეს და ხალხის ინტერესებს და მოთხოვნას არაფრად აგდებენ.