“მიზეზი, რის გამოც მათ უარი განაცხადეს წინა პლენარულ სხდომაზე მონაწილეობაზე და როგორ ჩანს დღესაც იმ აზრზე არიან, იყო ის ინციდენტი, რომელიც მოხდა პლენარული სხდომის დროს. მივიღე საჯარო მომართვა პარლამენტის თავმჯდომარისადმი, სადაც კოლეგები ელიან რეაგირებას, იმ მოვლენებზე. მე მინდა სრულიად მკაფიოდ და სრულიად ნათლად განვაცხადო, რომ რეაგირება, რომელიც ამ ფაქტთან დაკავშირებით შესაძლებელი იყო, მე გავაკეთე. მე მივეცი შეფასება ამ ინციდენტს მთლიანად, მე მივეცი შეფასება პრაქტიკულად მის ცალკეულ ეპიზოდებს. პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო ყველა შესაბამისი ზომა, როცა ამის საჭიროება დადგა, მაგრამ ამის შემდეგ ორივე მხრიდან იყო ინდივიდუალური ქმედებები. ფაქტია, რომ მსგავსი ქმედება არაფერში არ თავსდება,” _ აღნიშნა უსუფაშვილმა. მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარეს არ აქვს სხვა ბერკეტები, გარდა შეფასებისა.
“კანონი კანონია ქუჩაშიც და პარლამენტის შენობაშიც. ამიტომ მე ან სხვას, თუ კი შეგვექმნება განცდა, რომ კანონი დაირღვა, გარდა ეთიკის და ზოგადად წესებისა, ეს უკვე სამართალდამცველების საქმეა. პარლამენტის წევრები ვიცით, რომ არ ვართ პასუხისმგებლობისგან თავისუფლები, თუ კანონი დავარღვიეთ. მიუხედავად იმისა, რომ კოლეგები ამ წუთებში კმაყოფილები არ არიან ამ რეაგირებით, მე მექნება მათთან კიდევ საუბარი, ყველასთან და ვისურვებ, რომ მალე პარლამენტი სრულფასოვნად შეუდგეს მუშაობას,” _ განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ბიურომ დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგზე იმსჯელა. პლენარულ სხდომაზე იგეგმება სამოცდაათამდე საკითხის განხილვა, მათ შორის: “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის”, “იურიდიული დახმარების შესახებ” კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონის პროექტის და “საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონპროექტის.
პარლამენტის ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა სახალხო მოძრაობის “სამართლიანობა უნდა აღსდგეს” წევრებისა და 20 000-ზე მეტი ხელმომწერი პირის N26617 განცხადების საფუძველზე, 2004-2012 წლებში საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შეფასების თაობაზე გადაეგზავნოს იმ უწყებებს, რომლებიც შეძლებენ დასმულ საკითხებზე ეფექტურ რეაგირებას. ბიუროს გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის კიდევ ერთი დასკვნა, რომელიც შეეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეების: მერაბ ტურავას, ნინო გვენეტაძის, თამარ ლალიაშვილისა და მურმან ისაევის უზენაესი სასამართლოს წევრების უფლებამოსილების ვადაზე ადრე უკანონოდ შეწყვეტის თაობაზე, იუსტიციის საბჭოს გადაეგზავნოს.