დღესვე, ფოთის პორტში შემოვა გემი “ვილნიუსი”, რომელიც ასევე უკრაინაში გასაგზავნი 2000 ტონაზე მეტი ციტრუსით დაიტვირთება.
უახლოეს დღეებში, აღნიშნული გემებით საქართველოდან ექსპორტზე 6000 ტონაზე მეტი ციტრუსი გავა.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით ნატროშვილი აცხადებს, “ციტრუსის ექსპორტი განახლდა და სტაბილურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ექსპორტი ხორციელდება უკრაინის, ბელორუსის, მოლდავეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის მიმართულებით. დღეის მდგომარეობით, ჯამში ექსპორტზე 26 000 ტონამდე ციტრუსია გასული. უახლოეს დღეებში საქართველოდან კიდევ 6000 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდება”.
“წელს საქართველოში ციტრუსის კარგი მოსავალია. ასევე უხვი მოსავალია მანდარინის ექსპორტიორ ქვეყნებშიც – ესპანეთი, მოროკო და თურქეთი, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ფასზე და ხარისხიანი, საერთაშორისო სტანდარტების ციტრუსის ღირებულებაც შემცირდა. ჭარბი მოსავლისა და, შესაბამისად, მაღალი კონკურენციის გამო, საქართველოში მანდარინის საბაზრო ფასმა 35-45 თეთრი შეადგინა.
წელს ხელისუფლებამ უპრეცედენტო რაოდენობის ფინანსური რესურსი გამოყო ციტრუსის სუბსიდირებისთვის. კერძოდ, სახელმწიფომ 13 მილიონ 800 ათას ლარს გახარჯავს, აქედან 12 მილიონი ლარით სტანდარტული მანდარინის სუბსიდირება ხორციელდება. სახელმწიფო ერთ კილოგრამ სტანდარტულ მანდარინში 15 თეთრს, ხოლო არასტანდარტულში 10 თეთრს იხდის.
სახელმწიფოს ხელშეწყობით, ციტრუსის ჩამბარებელი და დამამზადებლი პუნქტების შექმნისათვის, მსურველებს პავილიონები და მიწის ფართობები სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადაეცათ. დღეის მდგომარეობით, მანდარინის ჩამბარებელი 36 პავილიონი ფუნქციონირებს. ქობულეთის გადამამუშავებელ ქარხანასთან მოლაპარაკებებით გადაწყდა, რომ წელს ქარხანა გლეხებისგან 2-ჯერ მეტ არასტანდარტულ მანდარინს (20 000 ტონამდე) ჩაიბარებს,” _ აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.