“დადებითად ვაფასებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მზაობას, საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ქართული მხარის ინიციატივით გასულ წელს დაიწყო საქართველო–რუსეთის პირდაპირი დიალოგი, რამაც გარკვეული შედეგები უკვე გამოიღო, თუნდაც პრაქტიკულ სფეროებში კავშირების აღდგენის თვალსაზრისით.
ჩვენი სურვილია ეს დიალოგი გაგრძელდეს და ნაბიჯ–ნაბიჯ მივუახლოვდეთ რთული, დელიკატური პრობლემების მოგვარებას. ვფიქრობ, რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის არსებული სავიზო რეჟიმის გადახედვა, რაზეც კომენტარი გააკეთა პრეზიდენტმა პუტინმა, პოზიტიური ნაბიჯი იქნება ჰუმანიტარული ურთიერთობების ხელშეწყობის თვალსაზრისით. ვადასტურებ, რომ საქართველოში რუსი ხალხის მიმართ იყო და არის კეთიგანწყობილი დამოკიდებულება, რაც კარგი საფუძველია მომავალი თანამშრომლობისთვის.
რაც შეეხება უახლესი ისტორიის ტრაგიკულ მოვლენებს, მათ მიზეზებსა და შედეგებზე რუსეთისგან განსხვავებული პოზიციები გაგვაჩნია. მოგეხსენებათ, რომ კერძოდ 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ ვრცელი და კომპეტენტური დასკვნა გაკეთდა ევროკავშირის ეგიდით შექმნილი ე.წ. “ტალიავინის კომისიის” მიერ.
ორი ქვეყნის ურთიერთობაში ბოლოდროინდელი წინგადადგმული ნაბიჯები გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველს ქმნის,” _ ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.