“მე დამიკავშირდნენ ალექსნადრე რაზმაძე და თამაზ რასოიანი, მათ მთხოვეს, რომ ეს ინფორმაცია საჯარო გამეხადა. მათ მოთხოვნას-შეიქმნას კანონის ხარვეზების დამდგენი კომისია და გადაიხედოს წინა ხელისუფლების მიერ უკანონოდ შეფარდებული სასჯელები, დაემატა კიდევ ერთი, მოშიმშილეები ადგილზე უფლებადამცველების შესვლას ითხოვენ”.
კაკაბაძემ შექმნილი ვითარების ფონზე ომბუდსმენს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მოშიმშილეებთან შეხვედრებით ყველა უფლებადამცველი უნდა დაინტერესდეს.
“ომბუდსმენი უფრო უნდა გააქტიურდეს, გამოვიდეს და შეხვედრები გამართოს პატიმრებთან და მოშიმშილეებთან, გააკეთოს განმარტება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ აქვთ მათ ეს პროტესტი. არ უნდა ხდებოდეს მანიპულირება 223 პრიმა მუხლით. მოშიმშილეებთან შეხვედრები მართლაც ინტენსიური უნდა გახდეს და გამოვიდეს სწორი და ზუსტი ინფორმაციები იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდება ციხეებში. მე კიდევ ვიმეორებ, რომ პატიმრებს უამრავი პრობლემები აქვთ”.
ციხეებში დაწყებულ შიმშილობას გამოეხმაურა “უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე. მისი შეხედულებით, ციხეებში შექმნილი მდგომარეობა გარედან იმართება და გარე ძალების ინტერესებს ემსახურება. მჟავანაძე ნანა კაკაბაძეს ციხეებში შექმნილი მდგომარეობის გართულებაში ადანაშაულებს.
“მთელ რიგ პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მოშიმშილე პატიმრების თემით სპეკულირება სჭირდებათ. აქციაზე გაჟღერდა პოლიტიკური მოთხოვნაც-ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩარატების თემაზე, ასევე 223-ე პრიმა მუხლის ამოღება, რომელიც ქურდულ სამყაროსთან კავშირს გულისხმობს. ნანა კაკაბაძეს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს იმისა, რომ რეალურად ხელისუფლების წინააღმდეგ გამოიყენოს კრიმინალური სამყარო. გავიხსენოთ 90-იანი წლები, როდესაც სწორედ მისი უშუალო ჩარევითა და მაშინდელი ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით დაემხო ხელისუფლება. დღეს, როდესაც ხელისუფლების ცვლილება რამდენიმე ხნის წინ ციხის მოვლენებთან დაკავშირებით განხორციელდა, გარკვეულ ძალებს სურთ იგივე თემით დაიწყონ ამ მოვლენების განვითარება”.
ნანა კაკაბაძე კი საპატიმროებში მასობრივ არეულობას გამორიცხავს და აცხადებს, რომ შიმშილობა პროტესტის ყველაზე ცივილიზებული ფომრაა და პატიმრები თავიანთი ჯანმრთელობის ხარჯზე მოითხოვენ ხელისუფლებისგან დაპირებული სამართლიანობის აღდგენას. კაკაბაძის განცხადებით, საზოგადოებაში მცდარი აზრი გავრცელდა იმის შესახებ, თითქოს პატიმრები ციხის ადმინისტრაციას ეწინააღმდეგებიან.
“ხშირად ხდება მათი მოთხოვნების უტრირება და საზოგადოებისთვის არაწორი ინფორმაციის მიწოდება. ამიტომ მოშიმშილეები ითხოვენ შეხვედრას როგორც ჟურნალისტებთან, ასევე უფლებადამცველებთან, ადვოკატებთან და ციხის ადმინისტრაციის წარმოამდგენლებთან, რომ მკაფიოდ და გასაგები ენით დაფიქსირდეს ის მოთხოვნები, რაც მათ გააჩნიათ. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ მოშიმშილე პატიმრები არ ებრძვიან არსებულ ადმინისტრაციას და სიტუაციას, ისინი ებრძვიან იმ რეჟიმს, რომელმაც ეს ხალხი მსხვერპლად აქცია”.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მონაცემებით კი ქვეყნის მასშტაბით სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, გეგუთის #14 დაწესებულების გარდა სულ 87 მსჯავრდებული და ბრალდებული შიმშილობს.