“თქვენო უწმინდესობავ, მთელი სულითა და გულით გილოცავთ აღსაყდრებიდან 36 წლისთავს. ამ შესანიშნავ დღეს ასევე ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს, რადგანაც თქვენი სულიერი ღვაწლი არა მხოლოდ მართლმადიდებელი მრევლის, არამედ საქართველოს მოქალაქეთა რამდენიმე თაობის საკუთრებაა. ამ ათწლეულების განმავლობაში თქვენი მოღვაწეობიდან მრავალი უაღრესად მნიშვნელოვანი სულიერი გაკვეთილი და შვება მიიღეს არა მხოლოდ მართლმადიდებლებმა, არამედ სხვა რელიგიათა წარმომადგენლებმა, თუნდაც არარელიგიურმა ადამიანებმა”, _ ნათქვამია პრეზიდენტის პატქიარქისადმი მილოცვაში.
თქვენი სულიერი სიმტკიცე და სიყვარულის გაცემის უნარი, შორსმჭვრეტელობა და უშუალობა, რწმენის შეუპოვრობა და შემწყნარებლობა ჩვენ, ამქვეყნიური ვნებებითა და ცდუნებებით, ხდომილებათა ავბედითობით დაბნეულებს, ხშირად გვაძლევდა საწყის ჭეშმარიტებებთან დაბრუნების უნარს.
თქვენ წილად გხვდათ მოღვაწეობა გამოწვევებით აღსავსე და, ამავე დროს, უაღრესად საინტერესო ისტორიულ ეპოქაში. 36 წლის წინათ, სულ პატარას, დედა მიყვებოდა, რომ ჩვენი ეკლესიის მეთაური საოცარი ახალგაზრდა კაცი გახდა; მაშინ პირველად გავიგე, რომ საქართველოს ჰყავს პატრიარქი – და ის თქვენ ხართ. მოგვიანებით, ღვთის ნებით, პირადად გაგიცანით და ბოლო ოცდახუთი წელიწადია, ჩემი ცხოვრების ყველაზე რთულ და მძიმე მომენტებში სასოება თქვენთან ხანმოკლე შეხვედრებით აღმიდგენია. ეს ოცდახუთი წელიწადი ურთულესი აღმოჩნდა საქართველოსთვის და წინსვლის გასაგრძელებლად ხშირად იყო საჭირო შეგვენარჩუნებინა ერთობა, თანადგომა, ერთმანეთის სიყვარული, მომავლის იმედი და რწმენა. ჩვენ ამას ყოველთვის ვახერხებდით და ამაში თქვენი პირადი ღვაწლი შეუდარებელია. თქვენ გითქვამთ, რომ ეს დაუღალავი სულიერი მუშაობის, ათასობით უძილო ღამის ან ტკივილამდე მისული დარდის გზა იყო. თქვენო უწმინდესობავ, მე ქედს ვიხრი თქვენი მოღვაწეობის წინაშე.
თქვენ კვლავაც მყარად გიპყრიათ ხელთ ქვეყნის სულიერი ცხოვრების საჭე და ბრძენ მეგზურსა და მისაბაძ მაგალითს წარმოადგენთ ყველა ჩვენგანისთვის.
გისურვებთ ხანგრძლივ, ჯანმრთელ ცხოვრებას, წარმატებებსა და უშრეტ ენერგიას იმ დიდი მისიის აღსრულებისას, რასაც ერის სულიერი მოძღვრობა გაკისრებთ.”