“საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ 2013 წლის 21 ივნისის N403/10 გადაწყვეტილებით კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში შპს “ენერჯი გრუპმა” მიიღო მონაწილეობა ისე, რომ მისი ხელმძღვანელი და წილის მესაკუთრე ამავდროულად იყო ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი.
აღნიშნული წარმოადგენდა მისი სალიცენზიო განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველს. მიუხედავად იმისა, რომ კომისიის განცხადებით, შპს „ენერჯი გრუპის“ მაუწყებლობის ლიცენზიის ფლობასთან დაკავშირებით შეუთავსებლობის არსებობა კომისიისთვის ცნობილი გახდა კონკურსის ჩატარების შემდეგ, აღნიშნული წარმოადგენს შპს “ენერჯი გრუპისათვის” გაცემული ლიცენზიის ბათილად ცნობის და არა ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველს, ვინაიდან საქმე გვაქვს კანონის დარღვევასთან და არა კანონის საფუძველზე გამოცემული აქტის გაუქმებასთან.
შპს “ენერჯი გრუპის” კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადების საფუძველი, მიუხედავად იმისა, რომ კომისიისთვის ამის შესახებ ცნობილი მოგვიანებით გახდა, თავიდანვე არსებობდა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში შპს “ენერჯი გრუპმა” საკონკურსო განცხადებით მიმართა კომისიას.
აღნიშნული, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის-ის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად არის კომისიის 2013 წლის 26 აგვისტოს N 529/10 და 2013 წლის 1 ნოემბრის N653/1 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის საფუძველი, ვინაიდან ეს გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება “მაუწყებლობის შესახებ” კანონის 37 და 371 მუხლებს. კომისიას კონკურსის ფარგლებში რომ გაეთვალისწინებინა აღნიშნული გარემოებები, არ მიიღებდა სადავო გადაწყვეტილებებს.კომისიაში მიმდინარე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შეეხება კომისიის მიერ 2013 წლის 26 აგვისტოს და 2013 წლის 1 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებების (ლიცენზიის) გაუქმებას. ამ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ძალაში დარჩება კომისიის მიერ 2013 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსი, ამ კონკურსის ფარგლებში სალიცენზიო განცხადებების მიღება და მათი განხილვა. შესაბამისად, კონკურსის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების: გამარჯვებულის გამოვლენისა და ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებების გაუქმების შემდეგ, კომისიამ იმავე კონკურსის ფარგლებში შესულ სალიცენზიო განცხადებებზე უნდა იმსჯელოს 2013 წლის 21 ივნისს გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში კომისიაში შეტანილი დოკუმენტების საფუძველზე. აღნიშნული ადმინისტრაციული წარმოება, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, შესაბამისი მხარეების მონაწილეობით უნდა ჩატარდეს”, _ ნათქვამია რადიო “ჰერეთის” მიმართვაში.