მხარეებმა ISAF-ის მისიის დასრულების შემდეგ, ორმხრივი თანამშრომლობის გამყარების, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და ქართულ სამხედრო სასწავლებლებში ავღანელი სამხედროების მომზადების საკითხები განიხილეს. საუბრის დასასრულს, გენერალმა კარიმიმ ქართველ სტუმრებს მადლობა გადაუხადა იმ წვლილისთვის, რაც ქართულ სამხედრო ქვედანაყოფებს ჰელმანდის პროვინციაში უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეაქვთ. მისი განცხადებით, ქართველები ავღანეთის ურთულეს რეგიონში მსახურობენ და მათი ძალისხმევის შედეგად ჰელმანდში მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. ავღანელი გენერლის თქმით, ქართველი სამხედროების დახმარებით, ავღანურ მხარეს საშუალება ექნება ეტაპობრივად გადაიბაროს ძალაუფლება და საკუთარ თავზე აიღოს ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა.
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ბოლოს, გენერალური შტაბის უფროსმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ქაბულში, ბაზა “ფენიქსზე” არსებული ქართული ოცეული მოინახულეს. ტაქტიკური დაჯგუფება “ტარპონის” დაქვემდებარებაში მყოფ ქართველ ჯარისკაცებთან სტუმრობისას, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ “შავნაბადას” ბატალიონის 10 სამხედრო მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი მამაცობისა და თავდადებისათვის თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლებით “სამშობლოსათვის თავდადებული” დააჯილდოვა. საქართველოსა და აშშ-ს შორის, სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საკითხებში შეტანილი წვლილისათვის კი ექვს ამერიკელ სამხედროს მედალი “გენერალი მაზნიაშვილი” გადაეცათ.