რაც შეეხება ლევან ბუაძეს, რომელიც სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა, მთავარი პროკურატურის განმარტებით, იგი ვერ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, არ გააჩნდა პროკურორისთვის საჭირო და აუცილებელი უნარ-ჩვევები, არ ფლობდა გამოძიების, კანცელარიისა და ინტერნეტის ელექტრონულ პროგრამებს, რომლის გარეშეც შეუძლებელია საპროკურორო უფლებამოსილების განხორციელება.
ამასთან, მთავარი პროკურატურა აქვეყნებს მონაცემებს განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ.
უწყების ცნობით, 2012 წლის 26 ოქტომბრიდან 2013 წლის 21 ნოემბრამდე პერიოდში (მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი) საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაინიშნა 202 ახალი მუშაკი: მათ შორის 153 პროკურორი, 49 გამომძიებელი, სამსახურიდან გათავისუფლდა 65 თანამშრომელი, საიდანაც 59 იყო პროკურორი და 6 გამომძიებელი. თანამდებობიდან გადააყენეს 1 პროკურორი.
2013 წლის 21 ნოემბრიდან 2013 წლის 30 დეკემბრამდე (მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე) პერიოდში დაინიშნა 17 ახალი თანამშრომელი, მათ შორის 9 თანამდებობის პირი, 3 პროკურორი, 5 გამომძიებელი, რომელთაგან 5 გამომძიებელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გადაიყვანეს. სამსახურიდან გათავისუფლდა 29 თანამშრომელი, მათ შორის 17 თანამდებობის პირი, 12 პროკურორი და გამომძიებელი.
გათავისუფლებული თანამდებობის პირებიდან 2 თანამშრომელი იყო მოვალეობის შემსრულებელი და მათ კონკურსი არ გაუვლიათ. 2 თანამდებობის პირის მიმართ გენერალურ ინსპექციაში მიმდინარეობდა სამსახურებრივი შემოწმება, ისინი გათავისუფლდნენ შესაბამისი დასკვნის საფუძველზე. 2 თანამდებობის პირი გათავისუფლდა პირადი განცხადებით, ხოლო რაც შეეხება 11 მაღალი თანამდებობის პირს, მათ შესთავაზეს ალტერნატიული თანამდებობები, რაზეც უარი განაცხადეს და დაწერეს განცხადებები გათავისუფლების შესახებ.
12 პროკურორიდან და გამომძიებლიდან 3 პროკურორი გათავისუფლდა პირადი განცხადებით, 1 საპენსიო ასაკის გამო, ხოლო 5 პროკურორსა და 3 განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის მიმართ გენერალურ ინსპექციაში მიმდინარეობდა სამსახურებრივი შემოწმება და შესაბამისად მათი გათავისუფლება მოხდა დისციპლინური ზომების გამოყენების საფუძველზე.
“ამასთან, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ პროკურატურიდან გათავისუფლებულ პირებს უფლება აქვთ გათავისუფლების შესახებ ბრძანება გაასაჩივრონ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში. მოვუწოდებთ გათავისუფლებულ პროკურორებს, თავი შეიკავონ მასმედიის საშუალებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან. მთავარი პროკურატურა აქტიურად გააგრძელებს ყველა და განსაკუთრებით რეზონანსული საქმეების გამოძიებას”,_ ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.