“გურია ნიუსი” ვეძათხევის მოსახლეობას ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე, 26 დეკემბერს, “სამოქალაქო აქტივობის ცენტრის” მიერ მოწყობილი მედიატურის ფარგლებში შეხვდა.
სოფელში მცხოვრებთა უმრავლესობა ახალ წელს იმედით ხვდებოდა, რომ ხელისუფლების მხრიდან რაიმე ქმედითი ნაბიჯი გადაიდგმებოდა, თუმცა ორი კვირის განმავლობაში არაფერი შეცვლილა და წლობით მოუგვარებელი პრობლემა კვლავ პრობლემად რჩება.
გეოლოგების დასკვნით, სოფლის ტერიტორია საცხოვრებლად უვარგისი და სიცოცლისთვის საშიშია. მეწყერმა ბოლო რამდენიმე წელიწადში ვეძათხევში 4 ადამიანი იმსხვერპლა, 11 ოჯახს კი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრება უწევს. აქედან 2 ოჯახი, რომელთა სახლებიც მეწყერმა დაანგრია, წნელისგან მოწნულ ფარდულებში ცხოვრობს.
როგორც სოფლის ერთ-ერთმა მცხოვრებმა 71 წლის ნაბისი ზვიადაურმა “გურია ნიუსს” უთხრა, პენსიის გარდა არანაირ დახმარებას არ იღებს.
“შვილის სიკვდილის შემდეგ დახმარება მომიხსნეს და ახლა მარტო პენსიის იმედად ვარ დარჩენილი. 4 წელია დახმარება არ ამიღია, არც სურსათი მოუციათ ჩემთვის, სოფელში ყველას დაურიგეს პროდუქტები – შაქარი, ფქვილი, ზეთი, მაკარონი, მე არ მომიტანეს. ამ სოფელში მცხოვრები ასე რომ გამომტოვეს, რისი იმედი უნდა მქონდეს? წელს მეზობლების დახმარებით შეშა მაინც მაქვს, შარშან ეგეც არ მქონდა. სახლის კედელთან გაშავებული შეშა რომ არის, ჩემი შვილის დამზადებულია, 4 წელია გარდაიცვალა და მის მერე ერთი ცალიც არ დამიწვავს იქედან, როცა მცივა “ადიელას” ვიხვევ და ისე ვთბები. ის შეშა დამრჩა მარტო მისგან, იმედით შევყურებ. ახალ წელს შევხვდები აგერ, ჩემს დანგრეულ ქოხში, თუ რამე მექნება შევჭამ, თუ არადა… ჩემს სიცოცხლეს რაღა სიცოცხლე ჰქვია, აქაურობის ყარაული ვარ მხოლოდ. პენსიით მთლიანად წამლებს ვყიდულობ, საჭმელი კი არა, ხშირად სასმელი წყალიც არ მაქვს, ჟანგიან “ბოჭკებში” ვაგროვებ თოვლს, ან წვიმის წყალს და იმას ვსვამ, სულ მეზობლებს ვერ შევაწუხებ, თავისი გაჭირვებაც ჰყოფნით,” _ ამბობს ნაბისი ზვიადაური.
სოფელში მცხოვრები 11 ოჯახიდან 9 ოჯახი ზამთარს ვეძათხევში ატარებს. უკიდურესი გაჭირვების გამო უმრავლესობას ბავშვები სკოლაში ვერ დაჰყავს, სოფელში კი სკოლა 2005 წლიდან აღარ ფუნქციონირებს, ამიტომ ხშირ შემთხვევაში მშობლები იძულებულები არიან, შვილები დუშეთის ბავშვთა სახლში მიიყვანონ.
52 წლის გელა ზვიადაური “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ სოფლის მოსახლეობამ ერთჯერადი სასურსათო დამხარება წინა ხელისუფლების დროს რამდენჯერმე მიიღო, თუმცა “ახალ ხელისუფლებას ვეძათხეველები არ ახსოვს”.
“თვითონაც ხედავთ, როგორ მდგომარეობაში გვიწევს ცხოვრება. სოფლამდე მოსასვლელი გზა ჩვენ არ გვაქვს, სასმელი წყალი და ბავშვებისთვის სკოლა. წინა ხელისუფლება ორ ტომარა ფქვილს, მაკარონს და ზეთს მაინც გვაძლევდა, ესეც შეღავათია, ეს მთავრობა კი არც სურსათით და არც არაფრით არ დაგვხმარებია. სამი ბიჭი მყავს. უმცროსი ბავშვთა სახლში გვყავდა მიბარებული და გამოვიყვანეთ 9 კლასი რომ დაამთავრა. მთელი კვირა კი არა, სულ იქ იყო. მე თუ ჩავიდოდი და წამოვიყვანდი, მხოლოდ იმ შემთხვავაში გვხედავდა მშობლებს. სკოლა რომ არ არის, უსწავლელს ხომ ვერ დავტოვებთ და იძულებულები ვართ ბავშვები დუშეთის ბავშვთა სახლში მივიყვანოთ. ორი მდინარეა სკოლამდე გასავლელი, სეზონურად ეს მდინარეები დიდდება და საშიშია გადავლა. ამიტომ, ბავშვები წელიწადის რამდენიმე თვეს სკოლაში ვერ დადიან. ჯერ ისედაც სიცოცხლისთვის საშიშ ადგილას ვცხოვრობთ, მთელი ეს ტერიტორია დამეწყრილია, ახლა კიდევ ბავშვს ვერ ვაიძულებ ადიდებული მდინარე გადალახოს და სკოლაში წავიდეს. განსახლებასთან დაკავშირებით იყო შემოთავაზება, მაგრამ ეგეც როგორც ჩანს “ტუფტა” იყო. 2002 წლიდან ამ მდგომარეობაში ვართ. სოფელში 30 კომლიდან ახლა 7 ოჯახია დარჩენილი,” _ ამბობს გელა ზვიადაური.
26 დეკემბერს ჟურნალისტებთან ერთად ვეძათხეველების მდგომარეობას სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებიც გაეცნენ. 8 იანვარს კი სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობას, გაითვალისწინოს დუშეთის რაიონის სოფელ ვეძათხევში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური და გეოლოგიური პირობები და სახელმწიფოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და კანონმდებლობით დადგენილი პოზიტიური ვალდებულებების ფარგლებში, მაქსიმალურად მჭიდრო ვადებში უზრუნველყოს მოსახლეობისათვის ადეკვატური დახმარების გაწევა.
“სახალხო დამცველი დაინტერესებულია სოფელ ვეძათხევის მოსახლეობის პრობლემით. ადგილზე გავეცანით სიტუაციას, ვნახეთ რა მძიმე სოციალურ პირობებში უწევს მოსახლეობას აქ ცხოვრება. სახალხო დამცველი შეისწავლის ამ საკითხს და მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მოინახოს გზები ამ ადამიანების დასახმარებლად,” _ განაცხადა სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელმა მიხეილ მინდაძემ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში არსებულ სტიქიით დაზარალებულთა მონაცემთა ბაზაში ვეძათხევიდან სულ 32 ოჯახია რეგისტრირებული.
როგორც სამინისტროს მიერ “სამოქალაქო აქტივობის ცენტრისთვის” გაგზავნილ ოფიციალურ წერილშია აღნიშნული, 2013 წელს ეკომიგრანტებისთვის საცხოვრებელი სახლების შესაძენად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 350 ათასი ლარი გამოიყო. თუმცა, აქედან რა თანხა მოხმარდა ვეძათხეველების პრობლემის გადაჭრას, უცნობია.
წერილში ასევე აღნიშნულია, რომ სამინისტრომ ვეძათხეველებს საცხოვრებლად სამცხე-ჯავახეთსა და კახეთის რეგიონში გადასვლა შესათავაზა, თუმცა, ამ დრომდე მათგან თანხმობის პასუხი არ მიუღია.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ რამდენჯერმე შედგა დუშეთის მაჟორიტარ ერეკლე ტრიპოლსკსა და მინისტრ დავით დარახველიძის შეხვედრა, სადაც საუბარი განსახლების პრობლემებს შეეხო. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მეწყერსაშიში ზონებიდან მოსახლეობის განსახლების პრობლემა მრავალ სოფელში დგას, რასაც სამინისტროსთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები არ ჰყოფნის. დაიწყო მოლაპარაკება სამინისტროსა და “შვეიცარიის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტო”-ს შორის თანხების მოსაზიდად.
როგორც “გურია ნიუსთან” საუბრისას ვეძათხევის მცხოვრები ნაბისი ზვიადაური ამბობს, საცხოვრებლად უცხო რაიონში გადასვლას ვეძათხევში სიკვდილი ურჩევნია. მსგავსი პოზიცია აქვს სოფლის მცხოვრებთა ურავლესობას. მათი თქმით, უმჯობესია, მათთვის საცხოვრებელი ფართები დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოიძებნოს.
“სად უნდა წავიდე, შვილო, 71 წლის ვარ, უცხო ადგილას ან მეზობელი მეყოლება, ან მომკითხავი? წლებია უკვე აქ ვცხოვრობ, შვილის და შვილიშვილების საფლავი აქ მაქვს, სად უნდა გადავიდე? აქ სიკვდილი მირჩევნია, სხვაგან გადასვლას. ფულადი ანაზღაურება მოგვცენ და ჩვენ თვითონ ვიშოვნით აქვე ახლოს სახლებს და დავსახლდებით. თუ არა – აქ მოვკვდები, ამ სახლს ჩემთვის სიკვდილის მეტი მაინც არაფერი მოუტანია,” _ ამბობს ზვიადაური.