“პოლიციის თანამშრომელთა განმარტებით, ჩხარტიშვილი ახდენდა მერიის შესასვლელის ბლოკირებას, რაც კიბეზე ჯდომაში ვლინდებოდა. მათივე თქმით, ისინი მოუწოდებდნენ ჩხარტიშვილს, შეეწყვიტა აღნიშნული ქმედება, რასაც არ დაემორჩილა.
11 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებაში ლ. ჩხარტიშვილი სამართალდამრღვევად ცნო და 600 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. მიღებული გადაწყვეტილების გამოცხადებისას მოსამართლემ განმარტა, რომ დაკავების მომენტისას შენობის შესასვლელის ბლოკირების არარსებობის მიუხედავად, არსებობდა ბლოკირების საფრთხე, რაც პოლიციას ავალდებულებდა მიეღო შესაბამისი ზომები.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში 173-ე მუხლი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის იარაღად იყო ქცეული. ერთის მხრივ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაცვის უფლების ეფექტური საპროცესო საშუალებების არარსებობამ და, მეორეს მხრივ, სასამართლოს მიერ ამგვარი საქმეების განხილვისას სამართლიანი სასამართლოს უფლების სტანდარტების დარღვევამ, სასამართლო პროცესს ფორმალური ხასიათი შესძინა, რამაც 173-ე მუხლი მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მონაწილეთა დასჯის მექანიზმად აქცია. ლ. ჩხარტიშვილის საქმე სწორედ ამგვარი პრაქტიკის გაგრძელებად შეიძლება შეფასდეს.
სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და გამოყენებული სანქცია დაუსაბუთებელია და შორს დგას ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებისგან. სასამართლომ ბლოკირების საფრთხე ჰიპოთეტურად, ასეთი შედეგის დადგომის მყისიერი საფრთხის არარსებობის პირობებში დაადგინა. მედიასაშუალებებით გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს, რომ ადგილი არ აქვს ბლოკირებას და არც შეინიშნება ასეთი შედეგის დადგომის რეალური საფრთხე. კადრები ადასტურებს, რომ ლ. ჩხარტიშვილის მიერ პროტესტის ფორმად არჩეული იქნა “მჯდომარე პროტესტი”, რაც კანონდარღვევას არ წარმოადგენს და, შესაბამისად, პოლიციელთა მხრიდან ამგვარი ქმედების შეწყვეტისაკენ მოწოდება ვერ ჩაითვლებოდა კანონიერ მოთხოვნად, ხოლო სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა უკანონო მოთხოვნებზე მორჩილებას საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. სასამართლოს მიერ ამ საქმეზე გამოვლენილმა ფორმალურმა მიდგომამ შესაძლოა წაახალისოს პოლიციელთა მხრიდან არასასურველი აქციის შეწყვეტა თეორიული საფრთხის მოტივით, რამაც შესაძლებელია გაზარდოს შეკრებისა და გამოხატვის უფლების დარღვევის შემთხვევები.
აქვე კიდევ ერთხელ გვსურს დავაფიქსიროთ, რომ საიას უარყოფითი დამოკიდებულება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 2013 წლის 27 ნოემბერს განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლითაც 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის ჯარიმის ოდენობა 2000 ლარამდე გაიზარდა. აღნიშნულ საკითხზე საიამ პარლამენტს სამართლებრივი დასკვნა 2013 წლის 24 ივლისს წარუდგინა, სადაც აღნიშნული იყო, რომ არსებული რეალობიდან გამომდინარე, სანქციის გაზრდას შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე “გამყინავი ეფექტის“ მოხდენა შეეძლო. აღნიშნულის მიუხედავად ჯარიმის ოდენობა გაიზარდა, რაც განსაკუთრებით მიუღებელია იმ პირობებში, როცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი დაცვის ეფექტური საშუალებების მინიმალურ სტანდარტებს ვერ უზრუნველყოფს. ფაქტია, რომ არსებული საკანონმდებლო რეგულაციები და სასამართლო პრაქტიკა ხარვეზიანია, რაც საფრთხეს უქმნის შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლების რეალიზებას,” _ ნათქვამია საიას განცხადებაში.