“პროკურატურის სისტემა ვერ შეესაბამება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს სტანდარტებს. როცა იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ არ ჩაერევა მთავარი პროკურორის საქმიანობაში, ეს კანონთან წინააღმდეგობაში მოდის, რადგან სწორედ იუსტიციის მინისტრი, როგორც მთავარი პროკურორის უშუალო ზემდგომი, იღებს პასუხისმგებლობას. აქედან გამომდინარე, საჭიროა რეფორმა და ცვლილებების შეტანა სისტემაში. ევროკავშირის რეკომენდაციებში კარგად არის გამოკვეთილი მთავარი პროკურორისთვის აუცილებელი კრიტერიუმები – კომპეტენცია და გამოცდილება. კომპეტენციაზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ გიორგი ბადიაშვილის გამოცდილება უკვე პრობლემაა – ის დრო, რომელიც მან ამ სისტემაში იმუშავა, ნამდვილად არ არის საკმარისი იმისთვის, რომ გამოცდილება შეეძინა”.
ჩახვაძე აცხადებს, რომ მთავარი მიზანია პროკურატურა იყოს დამოუკიდებელი და აპოლიტიკური. აპოლიტიკურობის მხრივ კი უკვე ჩნდება კითხვის ნიშნები. მისი თქმით, საკმაოდ დაბალია ნდობაც ამ სისტემის მიმართ, რაც ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებებით კიდევ უფრო მცირდება.
“ხელისუფლების მთავრი ჩავარდნაა ის, რომ არ დაიწყო პროკურატურის სისტემაში რეფორმების გატარება. იმის მერე, რაც ფარცხალაძესთან დაკავშირებით აჟიოტაჟი დღესაც არ ნელდება, ახალი მთავარი პროკურორის კანდიდატს საჯაროს გავხდიდი. შესაძლებელი იყო კანონის გათვალისწინებით მთავარი პროკურორი პარლამენტის გავლით დამტკიცებულიყო. ახლა გამოვიდა, რომ პრემიერმა თავის თავს წარუდგინა კანდიდატურა და მერე თავად დაამტკიცა”.