მონიტორინგის ჩატარება განაპირობა საზოგადოების მაღალმა ინტერესმა შრომის კოდექსში განხორციელებული ცვლილებები მიმართ. ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, მონიტორინგის ჩატარების დროს ორგანიზაციამ იხელმძღვანელა რამდენიმე პრინციპით, კერძოდ კვლევაში მონაწილე კომპანიები უნდა ყოფილიყვნენ საზოგადოებისათვის ცნობილნი და სანდო, ასევე კვლევაში მონაწილე კომპანიები არ უნდა ყოფილიყვნენ სამომხმარებლო ერთი სფეროდან და მათ უნდა ჰქონოდათ მსხვილი გადამხდელის სტატუსი.
ორგანიზაციამ გამოითხოვა საქართველოს შემოსავლების სამსახურიდან ინფორმაცია და მიღებული მონაცემთა ბაზიდან შეარჩია 22 მსხვილი გადამხდელი კომპანია. ესენია: “ალდაგი”, “ბარამბო”, “ელიტ-ელექტრონიქსი”, “გუმბათი ჯგუფი”, “კავკასუს ონლაინი”, კაზინო “აჭარა”. “კოკა-კოლა”, “მაგთიკომი”, “ლომისი”, “ნიკორა”, “ნიუ-ჰოსპიტალსი”, “პოპული”, “პროკრედიტ-ბანკი”, “პეესპე ფარმა”, ტელეკომპანია “რუსთავი 2”, “თაღლაურა მენეჯმენტ კომპანი”, “თეგეტა-მოტორსი”, “თელასი”, “ვისოლი”, “საქართველოს ფოსტა”, “საქართველოს რკინიგზა” და “ყაზტრანსგაზ-თბილისი”.
მინიტორინგის შედეგები საზოგადოებას ორგანიზაციის იურისტმა ნინო ისაკაძემ გააცნო.
“კვლევაში მონაწილეობა ჩვენს მიერ შერჩეული 22 კომპანიიდან მხოლოდ 7-მა მიიღო, 12- მა უარი განაცხადა, ხოლო სამმა არ ითანამშრომლა ჩვენთან. მონიტორინგის განხორციელების შედეგად გამოიკვეთა, რომ კვლევაში მონაწილე ორგანიზაციებმა – “ნიუ-ფოსპიტალსმა”, “საქართველოს ფოსტამ”, “ყაზტრანსგაზ-თბილისმა”, “თეგეტა მოტორსმა”, “მაგთიკომმა”, “გუმბათი ჯგუფმა” და “კოკა-კოლამ” შრომითი კოდექსის ცვლილებების შემდეგ სრულად უზრუნველყვეს ახალი შრომითი ხელშეკრულებების დადება, მათ შორის 2013 წლის ივნისის შემდეგ მიღებულ თანამშრომლებთან, ასევე 2013 წლის დეკემბრის მდგომარეობით მათ სრულად გააფორმეს თანამშრომლებთან ახალი შრომითი კოდექსის შესაბამისობაში მყოფი ხელშეკრულებები. მონიტორინგმა აჩვენა, რომ “კოკა-კოლამ” განაახლა ხელშეკრულებები კომპანიაში მომუშავე 365 თანამშრომელთან, “ყაზტრანსგაზ-თბილისმა” 983 თანამშრომელთან, “ნიუ ჰოსპიტალსმა” 808 თანამშრომელთან, “საქართველოს ფოსტის” ინფორმაციით სექტემბრიდან სრულად გაფორმდა კომპანიაში მომუშავე ყველა თანამშრომელთან ახალი ხელშეკრულებები. არც “მაგთიკომის” და არც “ტეგეტა მოტორსის” თანამშრომლების რიცხობრიობაზე მოუხდენია გავლენა შრომის კოდექსში შესულ ცვლილებებს. მონიტორინგმა ცხადყო, რომ კვლევაში მონაწილე კომპანიებმა თანამშრომლებთან გააფორმეს ერთწლიანი შრომითი ხელშეკრულებები, ხოლო კოდექსში ცვლილებების შესვლამდე ფორმდებოდა ერთთვიანი, სამთვიანი ან ექვს თვიანი ხელშეკრულებები გამოსაცდელი ვადით. მონიტორინგის ფარგლებში ორგანიზაციას სურვილი ჰქონდა განეხორციელებინა ახალი შრომითი ხელშეკრულებების სამართლებრივი ექსპერტიზა, მაგრამ ახალი ხელშეკრულებები მოგვაწოდეს მხოლოდ ორმა კომპანიამ – “ნიუ-ჰოსპიტალსმა” და “თეგეტა მოტორსმა”. კვლევაში მონაწილე დანარჩენმა კომპანიებმა არ წარმოადგინეს ხელშეკრულებები და განაცხადეს, რომ ამის მიზეზი კონფედენციალობის პრინციპია”.
კომპანიებს არ აქვთ სამართლებრივი ვალდებულება მიიღოთ კვლევაში მონაწილეობა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში დღესაც აქტუალურია დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი ურთიერთობა და როგორც მონიტორინგის განმხორციელებლები აცხადებენ დიდია აღნიშნული საკითხისადმი საჯარო ინტერესი, ორგანიზაცია კიდევ ერთხელ მიმართავს იმ ორგანიზაციებს, რომლებმაც კვლევაში არ მიიღეს მონაწილეობა, 2014 წლის 10 თებერვლამდე გამოაქვეყნონ 2013 წლის 16 აგვისტოს მიმართვაში დასმულ კითხვებზე ინფორმაცია კომპანიების ოფიციალურ ვებ-გვერდებზე, ასევე ორგანიზაცია მზადაა კონფიდენციალობის მაღალი ხარისხის დაცვით შეხვდეს კომპანიის თანამშრომლებს, რომ არსებობდეს უტყუარი და სრული ინფორმაცია დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ახალი სტანდარტების სამართლიანობაში, მუშაობის პროცესში დადებითი და უარყოფითი ფაქტების მიმართ. ორგანიზაცია აცხადებს, რომ თუ დადგენილ ვადებში კომპანიები არ წარმოადგენენ ინფორმაციებს, მაშინ გაჩნდება აზრი, რომ აღნიშნულ კომპანიებში ამ დრომდე არ განხორციელებულა ახალი შრომის კოდექსის იმპლემენტაცია, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს საჯარო დისკუსია აღნიშნულ საკითხზე.
ორგანიზაცია კვლევების შედეგებს გადაუგზავნის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შემდგომი დაკვირვებისთვის, ასევე კომპანიებს, რათა შემდგომში გათვალისწინებული იყოს ყველა ხარვეზი, რომელიც გამოვლინდა მონიტორინგის შედეგად.