დღეის მდგომარეობით დაახლოებით 680 თანამშრომელს ტყუილად ვუხდით ხელფასს 1 წელია თითქმის. წარმოგიდგენიათ, რამხელა ზარალია 680 000 ლარი თვეში მხოლოდ ხელფასი? ეს არის კომპანიის პირდაპირი ხარჯი ყოველგვარი შემოსავლის გარეშე, დანარჩენ ზარალს აღარ ვლაპარაკობ. ჯერ-ჯერობით გაურკვევლობაა _ ეს საკითხი ჰკიდია ჰაერში და რა გადაწყვეტილება მიიღება არავინ იცის,” _ ამბობს ” გურია ნიუსთან” კომპანია “RMG გოლდის” წარმომადგენელი სოსო ცაბაძე.
კომპანია დღეს მთავრობის კანცელარიაში შეხვედრას მართავს და საყდრისი-ყაჩაღიანის მონაკვეთზე სამუშაოების განახლებას ითხოვს. პარალელურად კი კანცელარიის წინ საყდრისის ისტორიული მაღაროს გადარჩენის მოთხოვნით აქცია იმართება.
აქციაზე იმყოფებიან ბოლნისის რაიონის სოფელ ბალიჭის მაცხოვრებლებიც, რომლებიც “RMG გოლდს” მოსალოდნელი ეკოლოგიური კატასტროფის შესახებ აფრთხილებენ.
“საყდრისის საბადო ჩვენი სოფლიდან 500 მეტრში მდებარეობს. საბადოზე ამჟამად ხდება ღია სამსხვრევი წისქვილის დამონტაჟება და ღია აუზების მოწყობა, სადაც დაიფქვება მადანი და ზედ მოესხმება ციანიდ-ხსნარი. ეს გამოიწვევს ეკოლოგიურ კატასტროფას, ზიანს მიაყენებს ადამიანების ჯანმრთელობას და მთლიანად გაანადგურებს ახლო-მახლო ბუნებას. ამ ყველაფრის მოგვარება ძალიან მარტივად შეიძლება, მაგრამ “RMG გოლდს” არ აწყობს ფინანსური დანახარჯის გაწევა. კომპანიას შეუძლია აფეთქების დროს მუხტების შემცირება და, შესაბამისად, ხელს არ შეუშლის საყდრისის ისტორიულ საბადოს. მე პროფესიით სამთოინჟინერი ვარ და და ვიცი, როგორც ხდება ეს. არ უნდა დავუშვათ იქ ღია სამსხვრევი წისქვილი დაიდგას და ციანიდის დაღვრა მოხდეს. მთელი სოფლის კატეგორიული მოთხოვნაა, რომ იქ მოპოვებული მადანი წაიღონ და “მადნეულში” დაამუშაონ. ეს მეთოდი ცოტა ძვირი დაუჯდებათ, მაგრამ ადამიანების ჯანმრთელობის ხარჯზე კომპანიას ეკონომიის უფლებას ვერ მივცემთ,” _ ამბობს ბალიჭის მკვიდრი რამაზ ბერიძე.
მისივე თქმით, კომპანია “RMG გოლდი” თანამშრომლებს ზეწოლით და სამსახურიდან გაშვების მუქარით აიძულებს კომპანიის მხარდამჭერი აქციების მოწყობას. რაც შეეხება კომპანიის შესაძლო დახურვას, ბერიძის თქმით, ეს აბსურდია და “RMG გოლდი” მთავრობას, უბრალოდ, აშანტაჟებს.