საავტორო უფლებების მენეჯერებისათვის, საქართველოს წიგნის ბაზრის სიმცირის გამო, აქამდე დიდი მნიშვნელობა არ ენიჭებოდა, თუმცა, ეს ბაზარი სტაბილურად იზრდება და პროფესიონალურად სულ უფრო მეტად იხვეწება. როგორ არის საქმე საქართველოსთან დაკავშირებით _ ამის შესახებ ფრანკფურტის წიგნის ფესტივალის საერთაშორისო ბაზრობების ხელმძღვანელს ტობიას ფოსი საუბრობს. ფოსის თქმით, წიგნის ბაზარი ახლა დიდი გამოწვევების წინაშეა
_ საქართველო ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანეს წიგნის ბაზრობებს შორის თითქმის არაფერს წარმოადგენს, და ამის მიუხედავად რატომ მაინცდამაინც საქართველო ბატონო ფოს?
_ მას შემდეგ რაც საქართველოთი პროფესიულად დავკავდი (სხვა ყველაფერთან ერთად, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, სწორედ ამ რეგიონზეც ვარ პასუხისმგებელი) – ვატყობდი, რომ ჩემი კოლეგები და ნაცნობები საქართველოს ხსენებაზე, ეგრევე ინტერესდებოდნენ. მართალია, ბევრი კი არც არაფერი იციან, თუმცა რაღაც მიმზიდველი აშკარად არის ამ ქვეყანაში, რაც ადამიანებში უმალვე ცნობისმოყვარეობას აღძრავს. ალბათ ესაა კოლხეთი თავისი ოქროთი, რომელიც ბერძნულ მითოლოგიაშიც აისახა, ესაა უძველესი ეკლესია-მონასტრები, რომლებზეც უკვე საკმაოდ ბევრი გვსმენია, ეს არის მრავალხმიანი სიმღერები, სრულიად უნიკალური მთელს მსოფლიოში. ამ ქვეყანაზე გადიოდა აბრეშუმის გზა და სწორედ საქართველო იყო აღმოსავლეთისა და დასავლეთის ერთმანეთთან დამაკავშირებელი და რაც კულტურული თვითმყოფადობის უტყუარი ნიშანია – 4.5 მილიონიან მოსახლეობას საკუთარი ანბანი აქვს.
_ წიგნის ბაზარი ჯერ სულ ახალგაზრდაა, მაგრამ სწრაფად ვითარდება. რა კითხვები და პრობლემებია ამ თვალსაზრისით ახლა ქვეყანაში?
_ რეალობა ასეთია: 90- იანი წლების დასაწყისში საგამომცემლო სექტორი, საბჭოთა კავშირის ნგრევასთან და ამის შემდეგ დაწყებულ ომებთან ერთად სრულიად განადგურდა. ამ პერიოდში წიგნები თითქმის არ გამოიცემოდა, ქვეყანას ამისათვის უბრალოდ არ ეცალა. შემდეგ ჩამოყალიბდა წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, რაც 1994 წელს საგამომცემლო საქმიანობის ახალი დასაწყისი გახდა. დღესდღეობით ასოციაციაში 40 წევრია გაერთიანებული და ისინი სექტორის გაძლიერებაზე მუშაობენ. ყოველწლიურად 8 000 ახალი გამოცემა გამოდის საშუალო ტირაჟით 800 ეგზემპლარი. ასოციაცია ორგანიზებას უწევს თბილისის საერთაშორისო წიგნის ბაზრობას, რომელიც ყოველწლიურად მაისის თვეში იმართება და მასში 80 გამომცემელი იღებს მონაწილეობას. წიგნის ფესტივალს მხარს უჭერს კულტურის სამინისტრო, რომელიც ფესტივალის ფარგლებში ლიტერატურულ ფორუმს აწყობს და უცხოელ გამომცემლებსა და რედაქტორებს იწვევს, რათა ქართული ლიტერატურა საერთაშორისო საზოგადოებისათვის უფრო ხელმისაწვდომი გახადოს.
წიგნის ბაზარი ახლა დიდი გამოწვევების წინაშეა. ზოგადად პატარა წიგნის ბაზრები ისედაც დაკავშირებულია ხოლმე ისეთ სიძნელეებთან, როგორიცაა გამოცემებისა და კომერციულად მომგებიანი პროექტების სიმწირე. გასულ წელს თბილისში მოეწყო ვორქშოფი, სადაც მწვავე დისკუსია გაიმართა საავტორო უფლებების გარშემო. არაერთი გამომცემლობისათვის სასკოლო სახელმძღვანელოების გამოცემა კომერციულად მომგებიანი იყო. გასულ წელს კი სახელმწიფომ მათ სახელმძღვანელოების გამოცემის უფლება ჩამოართვა, რამაც გამომცემლები დააბნია. მიმდინარე პროცესებთან მორგება და კიდევ ყველაფრის ისე ორგანიზება, რომ წიგნის გამოცემა რენტაბელური იყოს, ნამდვილად გამოწვევაა ქართველი გამომცემლებისათვის. ამიტომაც ხშირად მათ ცოტა დრო რჩებათ იმისათვის, რომ კიდევ საერთაშორისო კონტაქტების დამყარებასა და საავტორო უფლებების საზღვარგარეთ გაყიდვაზე იზრუნონ. მაგრამ სწორედ აქ მოხდა ბოლო წლებში გარდატეხა: უკვე ოთხი წელია ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე სპეციალური წარმომადგენლობა სწორედ საერთაშორისო ურთიერთობების დამყარებისა და კონტაქტების გაღრმავების მიმართულებით მუშაობს. კულტურის სამინისტროში ჩამოყალიბდა სპეციალური პროგრამა, რომელიც თარგმანების განხორცილებას უწყობს ხელს. ამჟამად იგეგმება ამ პროგრამის დამოუკიდებელ ინსტიტუციად ჩამოყალიბება და მისთვის სამინისტროსაგან მეტი უფლებამოსილების მინიჭება. მართალია ზოგიერთ გამომცემლობას საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაციისათვის კიდევ ბევრი რამ ესაჭიროება. მაგალითად მათი ვებგვერდები ხშირად მხოლოდ ქართულ ენაზეა და შესაბამისად მხოლოდ ადგილობრივი მომხმარებლებისათვისაა ხელმისაწვდომი.
_ რომელი ავტორები არიან გერმანიის წიგნის ბაზრისათვის განსაკუთრებით საინტერესო?
_ აქამდე ქართველ ავტორებზე მოთხოვნა საკმაოდ სპონტანური და შედარებით პატარა გამომცემლობების სპეციალურ ინტერესებზე იყო მორგებული. ვისბადენურ რაიხერთ ფერლაგს საკმაო წვლილი მიუძღვის ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის საქმეში. ამ გამომცემლობაში და კიდევ ფრანკფურტერ ფერლაგანშტალტში, ცოტა ხნის წინ, გამოიცა ანთოლოგია, რომელიც საშუალებას გვაძლევს მცირედი წარმოდგენა შევიქმნათ ქართულ ლიტერატურულ სცენაზე მიმდინარე პროცესების შესახებ. ბერლინის გამომცემლობამ ფერბრეხერ გამოსცა გივი მარგველაშვილის ყოვლისმომცველი წიგნი.
ქართული ლიტერატურისათვის თვალის გადევნების საშუალებას იძლევა ამერიკული გამომცემლობა დალქი არქაივ ფრესი, სადაც გამოიცა ზურაბ ქარუმიძის, აკა მორჩილაძის, ლაშა ბუღაძის რომანები. ასევე ზაზა ბურჭულაძის რომანები რამდენიმე ენაზეა უკვე თარგმნილი, თუმცა გერმანულად ჯერ კიდევ სათარგმნელია.
ორი წლის წინანდელი ლიტერატურული ფორუმის შემდეგ დათო ტურაშვილის “ჯინსების თაობა” ჰიტად იქცა და ნიდერლანდურ ენაზე გამოიცა. როგორც ვიცი, მისი გამოცემა გერმანულადაც იგეგმება.
საქართველოს წიგნის ბაზრის მნიშვნელოვანი ფაქტები მოკლედ: ქართული წიგნის ბაზარი ჯამში 70 გამომცემლობით, 100 წიგნის მაღაზიით (აქედან ათია მსხვილი), დიდი არაა, მაგრამ სტაბილურად იზრდება და უფრო პროფესიონალური ხდება. 2008 წლიდან 2011 წლამდე წიგნების გამოცემის ტირაჟი ოთხჯერ გაიზარდა; წლიური ბრუნვა 2011 წელს 20 მილიონი ევრო იყო. ამჟამად წლიურად 3.500 ახალი დასახელების წიგნი გამოიცემა. საბავშვო ლიტერატურა (28%) მხატვრული ლიტერატურა (26%) ყველაზე მოთხოვნადია გამოცემულ წიგნებს შორის; წიგნის ბაზარზე დიდია მოთხოვნა სასკოლო სახელმძღვანელოებზე. წლიურად 600 წიგნი ითარგმნება უცხოური ენებიდან ქართულად (2012); გერმანელი გამომცემლები ამჟამად, წლიურად 20-დან 30-მდე საავტორო უფლებას ყიდიან საქართველოში; გერმანიაში უკვე ცნობილები არიან ქართველი ქალი მწერლები ნინო ხარატიშვილი ( დამოუკიდებელი გამომცემლების მთავარი ჯილდოს მფლობელი რომანისათვის “ჩემი ნაზი ტყუპისცალი”) და თამთა მელაშვილი (გერმანიის ეროვნული პრემიის მფლობელი ნომინაციაში საუკეთესო ახალგზარდული ლიტერატურა წიგნისათვის “გათვლა”).