_ სოფო, როგორ დაიწყო შენი კარიერა და თავიდანვე გსურდათ, გამხდარიყავით ოპერის მომღერალი?
_ მოსალოდნელი იყო, რადგან დედა პიანისტია და ბავშვობიდანვე მუსიკალურ გარემოში ვიზრდებოდი. მამაჩემი არის ექიმი-მელომანი, რომელსაც უამრავი ფირფიტები აქვს. თითქმის, ყველა ცნობილი მომღერლის ფირფიტებს წააწყდებით ჩვენთან. ბავშვობიდან ვმღეროდი, ოღონდ საოპერო ჟანრს _ არა. კონცერტებშიც გამოვდიოდი გურიაში. ჩავაბარე საფორტეპიანოზე, ნიჭიერთა ათწლედში და ამის გამო თბილისში გადავედი. იქედან სწავლა გავაგარძელე კონსერვატორიაში. პარალალელურად ვოკალურზეც ვსწავლობდი, გულიკო კარიაულთან. მოვლენების ასეთ განვითარებას, რომ საზღვაგარეთ წავიდოდი და წარმატება მექნებოდა, არ ვფიქრობდი. უბრალოდ, მინდოდა საუკეთესოდ მემღერა.
_ ალბათ, იქნებოდა კონკრეტული პიროვნება, ვინც დაგეხმარა საზღვაგარეთ წასვლაში.
_ კი, ესეც შემთხვევით მოხდა. თბილისში ჩამოსული იყო მეცენატი ქალბატონი, ანა-მარი შიდლერი, ავსტრიელი, რომელიც კარგად იცნობს ხატია და გვანცა ბუნიათიშვილებს. ისინი პიანისტები არიან და საკმაოდ წარმატებულები. ამ ქალბატონს აქვს დიდი ვილა და სულ მართავს იქ კონცერტებს, სადაც ჩაყავთ ახალგაზრდა მომღერლები, პიანისტები და სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსები. მას კონსერვატორიაში შევხვდი, დერეფანში. დებმა ბუნიათიშვილებმა რამდენჯერმე უთხრეს ჩემზე, რომ კარგად ვმღეროდი და ჩემთვის მოესმინა. ორი სიმღერა შევასრულე და მითხრა, რომ აუცილებლად ჩავსულიყავი და მიმიწვია ავსტრიელი მომღერლის, ელიზაბეტ შვარცკოფის მასტერ-კლასზე. ყველა ხარჯი დამიფარა ანმარი შიდლერმა. იქედან უკვე მომცეს მეორე სტიპენდია მირელლა ფრენის მასტერკლასზე, რომელიც ჩემთვის გადამწყვეტი იყო იმიტომ, რომ ეს ქალბატონი იყო ჩემი იდეალი შესრულების კუთხითაც და საერთოდ, ყველაფრით. თბილისიდან პირველივე წასვლისას მოვხვდი პროფესიონალების ხელში. მირელა ფრელიმ მიმიწვია თავის აკადემიაში, იტალიაში სადაც 2 წელი ვიყავი. პარარელურად კონკურსებშიც გამოვდიოდი.
_ გავიგეთ, რომ კონკურსებზე წარმატებულად გამოდიოდი.
_ ორი წლის სწავლის შემდეგ, უკვე კონკურსებზე გასვლის დრო დადგა. 10 საერთაშორისო კონკურსი მოვიგე იტალიაში, ესპანეთში, ავსტრიაში და სხვადასხვა ქვეყნებში. ამ კონკურსებზე გავიცანი აგენტები, დირიჟორები, რომლებმაც მიმიწვიეს კონცერტებზე. მერე უკვე მუშაობა დავიწყე. პირველი დებიუტი შედგა 2010 წელს ავსტრიაში, ფესტივალზე, სადაც ვიოლეტას პარტია შევასრულე. 2011 წლიდან ჟენევის საოპერო თეატრის სოლისტი გავხდი და დღემდე იქ ვმუშაობ.
_ კონკურსებზე საქართველოს სახელით გამოდიოდი?
_ კი, ამასთან დაკავშირებით იტალიაში ხუმრობდნენ, რომ ერთ წელიწადში იტალიაში 6 კონკურსი მოვიგე. ამ კონკურსებზე ხშირად ერთი და იგივე ჟიურის წევრი იყო და უკვე მცნობდნენ. ერთ-ერთმა ჟიურის წევრმა, რომელსაც სამჯერ შევხვდი, დაწერა, რომ კონკურსებზე ქართული მაფია არისო.
_ აპირებთ თუ არა საქართველოში კარიერის გაგრძელებას. ძალიან ბევრი მომღერალი ვიცი, რომლებიც უფრო უცხოეთისკენ მიისწრაფვიან, რატომ ხდება ეს?
_ იცით, რაშია საქმე? იქ გაცილებით დიდი ბაზარია. აქ სამი წელია, ოპერის თეატრი არ არის, დაკეტილია სარემონტოდ. თვეში ერთი სპექტაკლი იდგმება, ისიც ხან კონცერტის სახით. საქართველოს ოპერის თეატრს მართლაც რომ კარგი სოლისტები ჰყავს და ელოდებიან, როდის იმღერებენ. არ არის გამორიცხილი, რომ თეატრი გახსნის შემდეგ დაბრუნდნენ მომღერლები, არ ვიცი. მე მგონი, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი. გერმანიაში ყველა სოფელს თავისი თეატრი აქვს და ხალხი დადის.
_ საქართველოსთან რა გეგმები გაქვთ?
_ ორი წლის წინ ვითანამშრომლე თბილისის ოპერასთან და გვქონდა საზღვარგარეთ გასტროლებიც. ბოლო ორი წელიწადია, ისეთი გადატვირთული ვარ ჟენევაში, რომ აქ ვეღარ ჩამოვდივარ. კონცერტებს რაც შეეხება, მინდა, რომ თბილისში შემოდგომაზე გავაკეთო. ივნისში ვენაში მაქვს სოლო კონცერტი და ის პროგრამა მინდა, საქართველოშიც ჩამოვიტანო. მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანთან მქონდა საუბარი და მან მთხოვა, ერთ-ერთ ოპერაში მემღერა, მაგრამ ჩემს კონცერტს ემთხვევა და ვერ ვახერხებ, ვნახოთ, რა იქნება, დიდი სურვილი კი მაქვს.
_ ანუ, საქართველოში შემოდგომამდე კონცერტის ჩატარებას არ აპირებთ.
_ წასვლამდე, სანამ გავფრინდები, ასე ვთქვათ, მსურს, მეგობრებისთვის და ნათესავებისთვის ვიმღერო ის პროგრამა, რაც ვენაში უნდა ვიმღერო. ეს არის რუსული მუსიკა, რუსი კომპოზიტორების რომანსები.
_ ბოლო პერიოდში, რუსეთში კონცერტების ჩატარების გამო, რამდენიმე ანსამბლი და მომღერალი გააკრიტიკეს…
_ მე საერთოდ აპოლიტიკური ადამიანი ვარ. ხელოვანი ადამიანი არანაირად არ უნდა იყოს დაკავშირებული პოლიტიკასთან. რუსი კომპოზიტორის სიმღერას თუ ვიმღერებ, არა მგონია, მოღალატე ვიყო. თქვენი გაზეთისთვის რუსული რომანსი რომ შევასრულო, არ შეიძლება? ეს სიმღერა აუცილებლად შესრულდება ვენაში.