და როგორ მუშაობენ დეპუტატების ბიუროები? ამ საკითხს “საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველო” იკვლევდა და პირველი შედეგებიც გამოაქვეყნა, რომელიც ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატს, როლანდ ახალაიას და მისი ბიუროს მუშაობას ეხება.
ორგანიზაციის განცხადებით, როლანდ ახალაია არჩევნებში გამარჯვების შემდეგ საკუთარ ელექტორატს დღემდე არ შეხვედრია. მაჟორიტარის ბიუროში, როგორც “გამჭვირვალობამ” დაადგინა, ორი ადამიანია დასაქმებული, რომელთა ანაზღაურებაც 1 400 და 1 000 ლარითაა განსაზღვრული.
“თხოვნაზე, ბიუროს ორგანიზაციისთვის მიეწოდებინა მაჟორიტარის ამომრჩეველთან შეხვედრის ოქმები, ან ჩამოეთვალა მის მიერ გახორციელებული აქტივობები, პასუხად მივიღეთ, რომ მაჟორიტარი დეპუტატის მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ხორციელდება მოსახლეობასთან სისტემატური აქტივობები, თუმცა, რა იგულისხმება “სისტემატიურ აქტივობებში”, უცნობი რჩება. მაჟორიტარი დეპუტატის პასუხისმგებლობას და ვალდებულებას საკუთარი ამომრჩევლის მიმართ ზრდის ისიც, რომ პროპორციული სიით არჩეული დეპუტატისგან განსხვავებით, იგი ინდივიდუალური გამარჯვების შედეგად ხდება საკანონმდებლო ორგანოს წევრი. ამას გარდა, იერარქიული თვალსაზრისით, მაჟორიტარ დეპუტატს ადგილობრივ თვითმმართველობებზე გაცილებით ეფექტურად (დროითი და ბიუროკრატიული თვალსაზრისით) შეუძლია ამა თუ იმ საკითხის ინიცირება ცენტრალური ხელისუფლების დონეზე.
როლანდ ახალაია აქტიურად უნდა თანამშრომლობდეს სამინისტროებთან, ნაყოფიერად თანამონაწილეობდეს პარლამენტის კომიტეტის სხდომებში. ბიუროს მიერ გამოკვეთილი პრობლემები კი საკანონმდებლო ინიციატივის, თუ სხვა ფორმით მიაწოდოს პარლამენტს და მთავრობას, რათა მყისიერად მოხდეს მოქალაქეთა წინაშე არსებული პრობლემების მოგვარება. ყველაფერი ამის გათვალისწინებით ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი და არც მისი ბიურო, არ ან ვერ ასრულებენ მათთვის დაკისრებულ ფუნქციებს,” _ აღნიშნავს “საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველო”.
“გურია ნიუსმა” გაარკვია, რომ ანალოგიური სიტუაციაა სენაკსა და აბაშაშიც. მოსახლეობა აცხადებს, რომ არჩევნების შემდეგ მათ დეპუტატი სხვადასხვა პრობლემებზე სასაუბროდ არ უნახავთ. ვრცელ მასალას ამ ქალაქებიდან მკითხველს უახლოეს დღეებში შევთავაზებთ.