_ “აღდგეს სტუდენტური დასაქმების პროგრამა”. თბილისის აქციის პარალელურად სტუდენტები ამავე მოთხოვნით შეიკრიბნენ ქუთაისში, თელავში და ბათუმში.
თორნიკე ჩიქოვანი, საინიციატივო ჯგუფის “ანტიპოდების” ხელმძღვანელი: “ჩვენი მოთხოვნაა, აღდგეს სტუდენტური დასაქმების პროგრამა, ამავე დროს, გამოსწორდეს ყველა ის ხარვეზი, რომელიც წინა წელს ამ პროგრამის გახორციელებისას იქნა დაშვებული. ჩვენ დასაქმების ვალდებულებას განათლების სამინისტროსთან ერთად დედაქალაქის მერიასაც ვაკისრებთ.”
სტუდენტებს გამოეხმაურა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი: “ის ფორმა, ის გარყვნილი პროექტი, რომელიც ხორციელდებოდა წინასაარჩევნოდ, ამას ეს მთავრობა არ იკადრებს. წინა წელს გახორციელებულ “სტუდენტთა დასაქმების პროგრამას” პოლიტიკური სარჩული ჰქონდა. ჩვენ შევეცდებით, დავეხმაროთ სტუდენტებს, უმაღლეს სასწავლებლებს სტუდენტთა დასაქმებაში, შემოსავლის ძიებაში, მაგრამ არა იმ ფორმით, რომელსაც წინა ხელისუფლება იყენებდა _ პრაქტიკულად ხდებოდა ამომრჩევლის მოსყიდვა.”
სტუდენტთა დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”: “მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტების საზაფხულო დასაქმების პროგრამამ მხოლოდ 2012 წელს იფუნქციონირა, ეფექტიანი დაგეგმვის, ელექტრონული რეგისტრაციისა და დამსაქმებლებთან მჭიდრო კოორდინაციის შედეგად პირველივე წელს 25,000 სტუდენტი დასაქმდა. არდადეგების პერიოდში სტუდენტებს საშუალება მიეცათ პრაქტიკულად გამოეყენებინათ სწავლის განმავლობაში მიღებული ცოდნა, აეთვისებინათ და გაეღმავებინათ პრაქტიკული უნარ-ჩვევები და გამოემუშავებინათ გასამრჯელო 500 ლარის ოდენობით.
ქვეყანაში უმუშევრობის სწრაფი ზრდის ფონზე, პროგრამის შეწყვეტა უაღრესად მცდარი გადაწყვეტილებაა. უმუშევრობის ზოგადი ზრდა ამცირებს უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულთა დასაქმების შანსებს, რის გამოც სახელმწიფო ვალდებულია ყოველმხრივ ხელი შეუწყოს ახალგაზრდების დასაქმებას.
მიუხედავად ამ მცდარი გადაწყვეტილებისა, სტუდენტების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამოდის საკანონმდებლო ინიციატივით, რომელიც გულისხმობს საჯარო სამსახურების ვალდებულებას სტუდენტთათვის წელიწადში 2-ჯერ 3-3 სტაჟირების გამოცხადებას. ამასთან, სტაჟიორთა რაოდენობა არ უნდა იყოს საჯარო სამსახურის ადმინისტრაციაში მომუშავე თანამშრომელთა 10%-ზე ნაკლები,” _ ნათქვამია განცხადებაში.
უკვე ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო 110 სტუდენტს იღებს სამინისტროში სტაჟირებაზე. სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან 500 სტუდენტის პირადი მონაცემებიდან შეირჩა 140 კანდიდატი, რომელთაგან 110 გაივლის სტაჟირებას, ხოლო 30 დაინიშნება გამოსაცდელი ვადით. გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ წარმატებული სტაჟიორები დასაქმდებიან სამინისტროს სხვადასხვა სამსახურებში.