ლამის ჰორიზონტამდე გაშლილ ველზე, პატრონის ნაცნობ დაძახებაზე, გვერდიგვერდ მოემართებიან ჩანთია, კუდალა, წიქარა, ლამაზა, მასკვიჩა, იმედა, აქლემა, ყირმიზა, პრინცესა…
ნიკორა და ჩანთია ლიდერობენ, _ თითოეული თხუთმეტ ლიტრ რძეს იწველის და “გუნდში” ჯერ ბადალი არ ჰყავთ. ნახირი, რომელიც ჩვენ წინ ძოვს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის რწმუნებულის ბესო ლომინაძის საკუთრებაა და 20 წლის მანძილზე მატებით ქმნიდა ამ სიმდიდრეს.
სულ ორი წელია, რაც რწმუნებულია. შინ წადიო, არც ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ უთქვამთ მისთვის, რადგან ყველამ იცის, გამორჩეული მუშაკაცია, სიტყვის პატრონი და გარჯაში უშეღავათო, მსოფლიომოვლილი, წარსულში ცნობილი სპორტსმენი, რომელმაც საკუთარი ბიზნესი, რომ იტყვიან, ნულიდან დაიწყო _ ლეკიანის ტერიტორიაზე 6 ჰექტარი მიწა საკუთრებაში პრივატიზაციის დროს აიღო და საქმეს შეუდგა. აქაურობა მისი სამოთხეა და ერთი შეხედვით, სამხრეთამერიკელ კოვბოივით მზის გულზე “პანამა ქუდით” გასულს, უახლოეს წარსულზე საუბარი განწყობას უქმნის და ადვილი მისახვედრია მისი “ნამწყემსარის მოგონება”, არამარტო წარსულის მოგონება, დღევანდელი რეალობაცაა.
თავიდან ორი ძროხა და ერთი ცხენი ჰყავდა. მას შემდეგ ოცი წელი გავიდა და დღეს 25 ძროხა და 30 ცხენი ჰყავს, თავისი ხბოებითა და კვიცებით. აქვე აქვს სახნავ-სათესი ფართობი და ძირითადად, აქედან მოწეული სიმინდითა და ჩალით სარგებლობს. შორიახლო ორი კავკასიური ნაგაზი _ ჟელკა და სანდო ჩაცუცქულა და ალმაცერად მიმზერენ, თუმცა, მასპინძელი სტუმრისადმი მათ სანდოობაზე საუბრობს.
_ ცნობენ მტერსა და მოყვარეს. მგელმა უკანასკნელ წლებში 15 ძროხა მაინც შემიჭამა. იძულებული გავხდი, ესენი მომეყვანა. ოთხ თვემდე სახლში ვზრდიდი, მერე აქ ჩამოვიყვანე. რძეს ყოველდღე სვამენ, ასეულ ჰექტარ ფართობზე ძროხებს უკან დასდევენ და სიახლოვეს ვერც ნადირი და ვერც ქურდი გაიჭაჭანებს. იდეალური ძაღლებია, _ გვიამბობს ბატონი ბესო და ჟელკას ანიშნებს, ცხენების მოსაძებნად გავარდეს.
მალე “მაუგლიც” გამოჩნდა, ცხენზე ამხედრებული, 18 წლის ტალიკი ბიჭი, შალვა ღლონტი, ვის შესახებაც ბესო ლომინაძე, როგორც ზღაპრების გმირზე, ისე საუბრობას.
_ პატარა ბიჭი იყო, როცა აქ, საძოვრებზე მამამისს ჩამოჰყვა. შორიახლო მომიცუცქდა და პირუტყვს ცნობისმოყვარეობით უმზერდა. შევატყვე, ძალ-ღონის პატრონი და სულით სპეტაკი, მშრომელ ოჯახში წამოჩიტული ბიჭი იყო. 15 წლის რომ იყო, მას შემდეგ აქ არის. ახლა 18 წლისაა და აბა, ჰკითხეთ, როგორ ხედნის ცხენებს, მარტო უვლის ნახირს და ას ლიტრამდე რძეს თვითონ წველის, მერე კი ყველი ამოჰყავს. მაგის შემშინებელი ვინაა? ნახე, ქარს თუ არ გაასწროს, _ მიმანიშნა ბატონმა ბესომ და თვალი ძლივსღა მოვკარი ცხენზე ამხედრებულ შაკო ღლონტს, რომელიც სადღაც გაუჩინარდა და მალე ცხენების რემა ჰაერში ქამანდის ტრიალით მორეკა. შიშმა კვლავ მძლია და ისიც ვიფიქრე, აქ რამ წამომიყვანა, ამ გაგიჟებულმა, გაუხედნავმა ცხენებმა არ გადაგვქელოს,-მეთქი. ახალგაზრდა მხედარი მწყემსი კი სახეგაბადრული ზემოდან დაგვცქერის და უშიშრად ყოფნას გვირჩევს, თან გვიხსნის, რომ ცხენების ბიზნესიც სარფიანი საქმეა _ ერთი წლის კვიცი 500 ლარი ღირს, ორი წლის მუშა ცხენი კი _ ათასი ლარი.
ბესო ლომინაძე, წარსულში წარმატებული სპორტსმენი, მძლეოსნობაში საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი, ათლეტურ აღნაგობასა და ჯანის სიმრთელეს სპორტს უმადლის, რამაც შემდგომში უსაზღვრო შრომა შეაძლებინა. არა ერთ თანასოფლელს მისმა მაგალითმა ანალოგიური საქმიანობა დააწყებინა და ახლა ძროხების გაზრდითა და მომრავლებით არიან დაინტერესებული. ბესო ლომინაძის საოჯახო ბიზნესი იმდენად წელგამართულია, ახლა ოზურგეთსა და ქობულეთს ხორცით, ყველითა და რძით ამარაგებს. მყიდველები ძირითადად ადგილზე მოდიან. ქობულეთიდან სპეციალური მანქანა მოდის და რძე მიაქვს. საშუალო წლიური მოგება წელიწადში, თითო ძროხიდან ერთი ნამატი და ორი ათასი ლიტრი რძეა. ახლა სესხის ასაღებად ემზადება, რომ საქმიანობა გააფართოვოს. პირველ რიგში, რძის გადამამუშავებელი მიკროფაბრიკის ყიდვას აპირებს. მაისის ბოლოს, მთაში გარეკავენ ნახირს და გვიან შემოდგომამდე იქ დარჩებიან. მერე კი ისევ ბარს მოაშურებენ და ჯერ კიდევ პრიმიტიულად ნაგებ მოზრდილ ბოსელსა და თავლას სხვა იერს მისცემენ. წინ დიდი გეგმებია.
ბესო ლომინაძის მეუღლე, პროფესიით ექიმი ანუკა მაისურაძე ზნაურელია, სოფელ ავნევიდან. 2008 წლის ომამდე ბესოს, როგორც თვითონ გვიამბობს, იქედან იაფად და ბლომად ჩამოჰქონდა ხორბალი, ქატო, თივა.
_ მარწყვის ბაღებში ჩემი მეგობრები ჯორკოთი ჩადიოდნენ, დასხდებოდნენ და მიირთმევდნენ, ახლა კი იქაურობის ტკივილიანი მოგონება შემომრჩა, _ გვეუბნება ის.
ბესო სიხარულს ვერ ფარავს იმის გამო, რომ ახლახან ახალგაზრდა ბაბუა გახდა.
_ ჩემი სურვილია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მიუახლოვდეს მიწას, მოაშენონ შინაური პირუტყვი და გააძლიერონ საკუთარი ოჯახი. მძიმე პერიოდი გავიარეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, სიზარმაცემაც გაიმარჯვა გლეხზე. ამას ხელი უმეცარმა პოლიტიკამაც შეუწყო, მაგრამ საქმეს მაინც პერსონალურად უნდა მიუდგე, ბოლომდე დაიხარჯო და წარმატება მოვა. ყველა რომ იმუშავებს, საქმეს რა წაახდენს? პოლიტიკოსობას უნდა დაანებონ თავი და მიწას მიუახლოვდეს ყველა, _ ამბობს წარსულში წარმატებული სპორტსმენი და აშკარად ეტყობა, რომ საკუთარი პროფესიის ნოსტალგიას თავს არ აჩაგვრინებს: _ ახლა შემოქმედში ნორჩ მოჭიდავეთა ორი სექცია გავხსენით. სპორტის გარეშე ახალგაზრდობას ფიზიკური რეგრესი დაემუქრება. ხვნა-თესვა იწყება და ესეც უპირველესი საზრუნავია. სოფელში სამი ტრაქტორი გვყავს, გარედან არავის შემოვიყვან, ადგილობრივებმა უკეთ იციან აქაურობის მუღამი, _ შემოქმედელთა სახნავ ფართობებსაც გვაჩვენებს რაიონში “ყველაზე მშრომელი გამგებლის” იმიჯის მატარებელი ბესო ლომინაძე. გასულ წელს ზარალიც ბლომად ნახა _ 12 ღორი, ჭირის გამო, დაეხოცა და ახლა თავიდან ცდილობს საქმიანობის აღდგენას. საეჭვოდ მიიჩნევს ღორების მასიური სიკვდილიანობის ფაქტს და თითქმის, დარწმუნებულია, რომ ეს განზრახ გაკეთებული ბოროტი საქმე იყო, რითაც გარკვეულმა ვიწრო წრემ საკუთარი ბიზნესით იხეირა.
მალე მაისიც გაიფრენს და “მაუგლის ფერმა” გომისმთას მიაშურებს. ბესო და მისი უმცროსი მეგობარი შაკო, რამდენიმე საყურადღებო რჩევას გვთავაზობენ პირუტყვის სამკურნალოდ და მთაში მიმავალ მესაქონლეებს სიფრთხილეს ურჩევენ.
_ ვეტერინარული სამსახური სულს ღაფავს. მისი გაძლიერებაა საჭირო. აუცილებელია, ვიცოდეთ არა ერთი ხალხური საშუალება, რითაც პირველ დახმარებას და შესაძლოა, სერიოზულსაც, გავუწევთ პირუტყვს. “ძუის დაყრა” (ევკარის დაავადება ჰქვია), მთის იალაღზე ყოფნის პერიოდში ემართება პირუტყვს. ბეჭების ადგილებში წყალი უდგება, ერთგვარი ბალახი იწვევს ამას. მესაქონლე კაცს აუცილებლად უნდა ჰქონდეს შენახული ხარისძირას გამხმარი ფესვები. მკერდქვეშ გაუსერავენ ტყავს სიგრძივად, ალაგ -ალაგ გაუჩხვლეტენ და როგორც ფეხსაცმელში ზონარს, ასე ამოაცვამენ და გაკვანძავენ. 15-20 დღის განმავლობაში წყლისგან დაიწრიტება და თან განიკურნება. ხარისძირას გააჩნია ეფექტური სამკურნალო საშუალება, _ გვეუბნება ბატონი ბესო.
მეორე ასევე საინტერესო რჩევაა იელის ჭამით მოწამლული საქონლის მკურნალობა, რაც ხშირი შემთხვევაა მთაში. პირუტყვი მოიწყენს, უმადობა ეწყება და სასწრაფოდ თუ არ უშველე, მოკვდება. ამ დროს საჭიროა იელის ღეროების და ფესვის ნამწვავის, ნახშირის ჩაყრა რძეში _ ერთ ლიტრში 100 გრამი, შევანჯღრიოთ და დავალევინოთ.
ბესო ლომინაძის ნატვრა, მთელი საქართველოსთვის ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური პროდუქტის მიწოდებაა, რაც ჩვენს ღვთით კურთხეულ ქვეყანაში დღემდეც იყო შესაძლებელი, მიუხედავად ბევრნაირი გასაჭირისა.
_ მიწას თუ არ მიუბრუნდა გლეხი, მაღალი ღმერთიც ვერაფერს გვიშველის, ჯანმრთელ ადამიანს სხვა გზა არ აქვს, თუ საკუთარი თავი და ქვეყანა ეცოდება და უყვარს _ ასეთია ჩემი, ბესო ლომინაძის, როგორც ფერმერისა და მიწათმოქმედის ფილოსოფია, _ გვითხრა მან და საზაფხულოდ მთის საძოვრებზე მიგვიპატიჟა, სადაც სიურპრიზით შეგებება აღგვიქვა.