მოსამართლეთა ერთი ნაწილი თვლის, რომ კონფერენციის დღის წესრიგს მოსამართლეებმა უნდა უყარონ კენჭი, ამის საწინააღმდეგოდ კი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი აცხადებს, რომ დღის წესრიგი კონფერენციამდე 14 დღით ადრე გამოქვეყნდა და შესაბამისად კორექტირებას არ ექვემდებარება.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, ნათია წკეპლაძის განცხადებით მოსამართლეების დიდ ნაწილს შენიშვნები აქვს დღის წესრიგთან დაკავშირებით და შესაბამისად წინასწარ დამტკიცებული რეგლამენტი მათთვის მიუღებელია.
_ „მოგვეცით საშუალება, რომ ახალ დღის წესრიგზე ვიმსჯელოთ“ _ აცხადებენ მოსამართლები
მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია კოტე კუბლაშვილის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.
_ „ორშაბათიდან ყველამ უნდა დაინახოს, რომ რაღაც ცვლილებები მოსამართლეთა კორპუსში განხეთქილებას არ იწვევს“- განაცხადა მან და უზენაესი მოსამართლეებს ერთიანობისკენ და პრინციპულობისკენ მოუწოდა.
კუბლაშვილმა მოსამართლეებს ის მოთხოვნებიც ჩამოუთვალა რაც მათ ახალ ხელისუფლებას უნდა მოსთხოვონ _ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა, მოქმედი მოსამართლეების უვადოდ გადანიშვნა, ხელფასის მომატება და საპენსიო პოლიტიკის გაუმჯობესება.
_ “განსხვავებული აზრის მიუხედავად ჩვენ უნდა გვქონდეს საერთო პრინციპები _ ეს არის სასამართლო ინტერესები ზოგადად, მაგრამ როდესაც უკვე კონკრეტულად ვსაუბრობთ, ეს არის უვადოდ დანიშვნის მოთხოვნა. უნდა მოვითხოვოთ, რომ ეს პრინციპი, რომელიც უკვე დევს კონსტიტუციაში არ შეიცვალოს. უნდა მოვითხოვოთ, რომ თითეულივ ჩვენგანი უვადოდ გადაინიშნოს _ ეს უნდა იყოს იუსტიციის საბჭოს ახალი წევრების მთავარი მიზანი. მეორე არის ის, რომ რაღაცა კომისიის შექმნის შედეგად ამ კომისიის დასკვნით ე.წ. ხარვეზიანი გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლის დასჯა სავალდებულო გახდეს. არაფერს ვამბობ სისხლის სამართლებრივ დევნაზე, ეს საერთოდ აბსურდია, ამას უნდა დავუდგეთ მედგრად. არ უნდა მოხდეს დისციპლინური დევნის აღძვრის პრეცედენტიც კი. ერთხმად უნდა მოვითხოვოთ სოციალური პირობების გაუმჯობესება, ხელფასების გაზრდა და საპენსიო პოლიტიკის გაუმჯობესება“ _ განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.