კომიტეტში განხილვაზე იმყოფებოდა ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი ზაზა ხატიაშვილი, რომლის განაცხადებით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ასოციაციის პოზიცია გაიზიარეს, თუმცა, იგივე პოზიციას არ იზიარებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, ხატიაშვილის თქმით, ადვოკატთა კორპუსი ყველა წინადადებას მოისმენს და საკუთარ პოზიციასაც დაიცავს.
_ “ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში, კარგად ჩაიარა განხილვამ. ყველაფერი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასარგებლოდ დაფიქსირდა. ყველა გამომსვლელი, ფაქტობრივად, აღიარებს იმას, რომ ადვოკატს უნდა ჰქონდეს უფლება, სასამართლოს მიმართოს ჩხრეკისა და ამოღების თაობაზე. ყველა გამომსვლელი აღიარებს იმას, რომ ადვოკატს უნდა შეუნარჩუნდეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლი, ანუ საგამონაკლისო მტკიცებულების წარდგენის უფლება, სასამართლო სხდომაზე. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ქალბატონ ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძის და ჩიორა თაქთაქიშვილის პოზიცია, რომლებიც მხარს უჭერენ ადვოკატთა ასოციაციის პოზიციას. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მძიმე განხილვა გველოდება წინ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში. იმიტომ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აზრი უკვე გავიგე ზაქარია ქუცნაშვილის კომენტარიდან _ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი არ ეთანხმება ადვოკატთა ასოციაციის პოზიციას. მე არ ვიცი, რა საკითხები წამოიწევს წინ, თუმცა ადვოკატთა კორპუსი მზად არის, ყველა წინადადება და შემოთავაზება მოისმინოს და ასევე ღირსეულად დაიცვას თავისი პოზიცია, _ განაცხადა “ადვოკატთა ასოციაციის” ხელმძღვანელმა ზაზა ხატიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ კანონპროექტს საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო.
კანონპროექტის თანახმად, 2014 წლის 1 სექტემბრიდან უქმდება “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში” ჩადებული, დაცვის მხარის საგამონაკლისო უფლება, რომლის თანახმადაც, დაცვის მიერ ერთი ისეთი მტკიცებულების წარუდგენლობა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაცვის უზრუნველსაყოფად, სასამართლოში არსებით განხილვაზე ამ მტკიცებულების დაუშვებლობას არ იწვევს.