შეიძლება, გაგიკვირდეთ ჩემგან შეხმიანება, რადგან დიდი ხანია, 2004 წლიდან პოლიტიკიდან წამოსვლის შემდეგ არ მითანამშრომლია არცერთ პოლიტიკურ ძალასთან, მითუმეტეს რაიონის ყოფილ თუ დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
ამ პერიოდში დამიგროვდა უამრავი მოსაზრება და შენიშვნა როგორც პიროვნებას, ამ რაიონის მოქალაქეს და ადამიანს, რომელსაც 1974 წლიდან სხვადასხვა თანამდებობებზე, საზოგადოებრივი დატვირთვის თუ პოლიტიკური მოღვაწეობის პერიოდში რაღაც მიკეთებია. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, აზრთა გაზიარებას ან პოლემიკას საჭირბოროტო საკითხებზე (თქვენი სურვილის შემთხვევაში) მივესალმები. შეიძლება გადაგღალოთ, მაგრამ საჭიროდ ვთვლი წარმოგიდგინოთ ჩემი, როგორც კონკრეტული დარგის სპეციალისტის შეხედულება და მოსაზრება საკითხზე, რომლით დაინტერესებამ და მიდგომამ ხელისუფლების მხრიდან სხვა განვითარება და მანიპულაციები გამოიწვია, რაც გულწრფელად მაწუხებს:
მოგეხსენებათ, ჩოხატაური მაღალმთიანი, სპეციფიკური რაიონია, სადაც ერთადერთ საკომუნიკაციო მიმოსვლის საშუალებას მხოლოდ საავტომობილო გზა წარმოადენს.
ამ დარგთან პირადად მე, როგორც ხელმძღვანელ პირს, ოფიციალური შეხება მქონდა 1981 წლის ივლისიდან 1991 წლის ივლისამდე (ზუსტად 10 წელი).
ვინც შედარებით ასაკოვანია, ახსოვს საგზაო ხაზით რაიონში მოქმედი ძველი ორგანიზაცია რას წარმოადგენდა 1981 წლამდე და რას _ 1991 წლის ბოლოს, როცა ის დავტოვე. 10 წელიწადში (ვერავინ შემედავება) პირადად ჩემი ძალისხმევით შევქმენი კოლექტივი და ორგანიზაცია, რომელიც ერთ-ერთი უძლიერესი იყო დასავლეთ საქართველოში. თუ რამდენი რამ გაკეთდა პროფესიონალიზმით, პიროვნული კონტაქტებით თუ სწორი ორგანიზაციით, ამის თვალხილული მაგალითია იმ წლებში დაგებული გზები, რომლებიც ათწლეულობით მოუვლელობის მიუხედავად, დღესაც ახერხებენ ფუნქციონირებას, მათ შორის ჩოხატაური-ბახმაროს გზა. ბევრს ახსოვს, ეს ორგანიზაცია იყო ყველა გაჭირვებულის დამხმარე და ქველმოქმედი, ხოლო პროფესიულ საქმიანობას მუდამ ასრულებდნენ დროულად და ხარისხიანად.
ზუსტად 10 წლის შემდეგ, ჩემი ინიციატივით დავტოვე ხელმძღვანელის თანამდებობა და ასპარეზი დავუთმე ახლებური ხედვის, პერსპექტივის მოლოდინით, ჩემს გვერდით გამოზრდილ ახალგაზრდებს. თუმცა, გულისტკივილით უნდა ვაღიარო, რომ მათ იმედები ბოლომდე ვერ გაამართლეს.
რთული იყო 1993-95 წლები, რომ შენარჩუნებულიყო ორგანიზაციის ბირთვი, სამეურნეო-ტექნიკური ბაზა, ეფექტური მართვის მექანიზმი, ჩამოყალიბდა ორი დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომლებმაც რამოდენიმე წელი შეძლეს შედარებით მობილიზებით მუშაობა.
ამ წლებში მთელ ქვეყანაში გახორციელდა საყოველთაო პრივატიზაცია. მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად (ნულიდან ძლიერ სამმართველომდე) ყველაფერი ჩვენი შექმნილი იყო და ყველაზე მეტი მორალური უფლება ჩემს ყოფილ თანამშრომლებთან ერთად მეც გამაჩნდა მოგვეხდინა სასურველი პრივატიზება. ეს შეგნებულად არ გავაკეთეთ. პირადი ინტერესები მთლიანად კოლექტივმა ერთობლივად გამოვრიცხეთ. ყველამ ერთად, იმ არეულ დროში _ სამოქალაქო ომის, ყაჩაღობების, მხედრიონის, ქურდობების პირობებში, გვევალებოდა თუ არა, ენთუზიაზმით და ზოგჯერ სიცოცხლის რისკით შევინარჩუნეთ ეს ორგანიზაცია სახელმწიფო საკუთრებაში. მუდამ მჯეროდა და ამ შეხედულებას ვინარჩუნებ დღესაც, რომ ჩოხატაურის რელიეფის პირობებში არსებულ საავტომობილო გზებს ვერცერთი კერძო ორგანიზაცია ვერ მოემსახურება იმ დანიშნულებით, როგორც სპეციალიზირებული საგზაო სამსახური (თუ რა სირთულეები გხვდებათ ყოველწლიურდ სტიქიის ან ზამთრის პირობებში, თქვენც კარგად მოგეხსენებათ).
მიუხედავად იმისა, რომ 1995 წლიდან დღემდე არანაირი სამართლებრივი შეხება არ მქონია ყოფილ სამსახურთან, ერთი დღეც არ დამიკლია მცდელობა, ცოდნა, გამოცდილება, კონტაქტები გამომეყენებინა მოკრძალებული წვლილი (შესაძლებლობის ფარგლებში) შემეტანა ჩემი რაიონის საკეთილდღეოდ. მუდმივად ვცდილობდი მათ გვერდში დგომას, მათი პროფესიონალიზმის და ღირსების შენარჩუნებას. ყოველთვის მტკიოდა მათი ნაკლი თუ პრობლემები. ამიტომ, შეხსენების გარეშე ვახერხებდი ყოველწლიურად მათ დახმარებას, რაღაც ახლის გაკეთება-შემომატებას ამ კუთხით (თუ რა და როგორ, ამის დაკონკრეტებას და აფიშირებას სხვებისაგან განსხვავებით, ჩვეულებისამებრ არ ვაპირებ).
ვინც უნდა მიისაკუთროს, მაგრამ ფაქტია: 1995 წლიდან დღემდე რაიონში არ გაკეთებულა არცერთი გზა, ხიდი თუ სხვა ამ სახის სამუშაო (გარდა სოფლის პროგრამებისა), ვისაც არ უნდა შეესრულებინა პრაქტიკულად სამუშაოები, ჩემგან მოქალაქეობრივი ან პროფესიონალური კუთხით დახმარება არ ფიგურირებდეს.
2004 წლიდან აშკარად დაეტყო ადგილობრივ საგზაო ორგანიზაციებს უკუსვლა, 2008 წლიდან კი საერთოდ ჩაკვდა ყველაფერი. პირდაპირ გეტყვით: ბოლო ოცი წელია ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან სრულად იქნა იგნორირებული ეს დარგი (მიენდნენ და მიეჩვივნენ, რომ ვიღაც, ყოველწლიურად, ინერციით გააგრძელებდა მათი გასაკეთებელი საქმის კეთებას). ამისი დასტურია ის, რომ 1991 წლიდან (შეგიძლიათ მოიკითხოთ ყოველწლიურ ბიუჯეტებში), არც ერთი თეთრი არ გამოყოფილა რაიონში არსებული ასფალტირებული გზების შეკეთებისათვის (გამონაკლისი იყო 2012 წელი, მაგრამ ჯობდა გაკეთებულის ხარისხზე გაემახვილებინათ ყურადღება).
ამ დარგის უგულებელყოფა, სამწუხაროდ, ჩვევად გადაექცა ამ წლების ყველა ხელმძღვანელს. მხოლოდ ჩვენ, მეგზევეებს გვაწუხებდა ჩვენი ნაშრომის გაფუჭება და როგორღაც, ხშირ შემთხვევაში საკუთარი ხარჯებითაც კი ვახერხებდით მათ შეკეთება _ შენარჩუნებას.
2008 წლიდან შეიცვალა საგზაოებთან რაიონის ხელმძღვანელობის მიდგომა, ზოგიერთ პირს გამოუჩნდა სურვილი რაიმე გზით დაპატრონებოდა მათ ქონებას და ბაზებს. “გეგმაზომიერად დაიწყო ამ მიზნით მუშაობა”.
ყოველ ადამიანს გააჩნია პიროვნული რწმენა და პრინციპი. მე ასე მწამდა, რომ ის, რაც ხალხს და რაიონს ეკუთვნის, პირველ რიგში მათ უნდა ემსახურებოდეს, იქ ხელი არავინ უნდა “აფათუროს”. სხვისი ნაშრომის “მუქთად” დასაკუთრებასაც ვერავინ უნდა ბედავდეს (სამწუხაროდ, ამ პრინციპს ბევრი უგულებელყოფდა ბოლო წლებში).
განსხვავებით ბევრისაგან, ნამდვილად ვამაყობ იმით, რომ ჩემი და ოჯახის ახლო თუ სხვა წევრების სახელზე ჩოხატაურის რაიონში ან სხვაგან (არც პირდაპირ და არც ირიბად) არ არსებობს საერთოდ, მითუმეტეს ამ გზით დასაკუთრებული მიწის ნაკვეთი ან შენობა _ ნაგებობები, არც რაიონთან დაკავშირებული ბიზნესის სახეობა, რასაც ვერ ვიტყვი 1990 წლიდან დღემდე, რაიონში მოქმედ ყოფილ და დღევანდელ ჩინოვნიკთა ნაწილზე, რომელთაგან ბევრს დღესაც მუდმივი პრეტენზიები გააჩნია რაიონის ბატონ-პატრონობაზე.
როცა დავრწმუნდი, რომ არაფერი იცვლებოდა, 2010 წლიდან შეგნებულად შევაჩერე ამ კუთხით ქველმოქმედება _ დახმარება. ამ პერიოდიდან მოყოლებული რამდენიმეჯერ, ორგანიზაციების შესანარჩუნებლად და დარგის ინტერესებიდან გამომდინარე, რაიონის ხელმძღვანელობას შევთავაზე დროულად გაეერთიანებინათ ორივე ორგანიზაცია სახელმწიფო ორგანიზაციის სტატუსით და მიეღოთ ზომები მათი გაძლიერება-გადაიარაღებისათვის მისი კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად. როცა მიხვდნენ, რომ “დაინტერესებულ” პირებს არ მივცემდით გაკოტრება-შესყიდვის უფლებას და ვერ დაისაკუთრებდნენ (მიითვისებდნენ) ორგანიზაციას და მის ქონებას, თითქმის ორი წელი მათი მხრიდან არანაირი რეაგირება არ ყოფილა მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ორგანიზაციების ასამუშავებლად. პირიქით, საერთოდ შეაჩერეს ყველანაირი დაფინანსება-მხარდაჭერა (ამ დროს მშენებლობის ბუმი იყო ქვეყანაში, მათ შორის, რამდენიმე ობიექტზე მიმდინარეობდა სამუშაოები ჩვენს რაიონშიც). მათი ყველა მოქმედებიდან ვრწმუნდები, რომ ეს კეთდებოდა შეგნებულად, საკრებულოს ზოგიერთი წევრის და გარკვეული ვიწრო ჯგუფის ინტერესებით: ეტყობა, “არ აწყობდათ” ორგანიზაციის გაცოცხლება, რათა მათ არ ჰქონოდათ სამოძრაო თანხობრივი ბრუნვა და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარი. ამ მიდგომებით შეგნებულად იქმნებოდა გაკოტრების პირობები, რასაც, სავარაუდოდ, რეალიზაცია გაუკეთდებოდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მოგების შემთხვევაში (სამწუხაროდ, მათ ამ სურვილს დროულად წინ ვერ აღუდგა ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელობა და კოლექტივი).
შედეგად მივიღეთ მძიმე სურათი:
2010-2011-2012 წლებში, არაკონკურენტუნარიანობის გამო, ვერ მიიღეს მონაწილეობა: “კოხნარი-საჭამიასერის”, “ჩოხატაური-ბუკისციხის”, “ჩოხატაური-ჩაისუბნის”, “ჩაისუბანი-ხიდისთავის”, “ქვაბღა-ჩხაკაურას” გზის მონაკვეთების სარეაბილიტაციო და უამრავი სხვა გზების შეკეთებით სამუშაოების ტენდერებში (ამ დროს რაიონში ხიდებსა და სხვა სპეციფიკურ საგზაო სამუშაოებსაც კი, არაკვალიფიციური ორგანიზაციები და პიროვნებები ასრულებდნენ).
არასათანადო მზადყოფნის გამო, ამ გაზაფხულზე მონაწილეობა ვერ მიიღეს რაიონში არსებული სახელმწიფო გზების, მათ შორის ბახმაროს გზის მოვლა-შენახვის და გზის გახსნის სამუშაოების ტენდერში არათუ კონტრაქტორად, არამედ თანამონაწილედაც კი. საწყენია, რომ პრაქტიკულად გურიის რეგიონში მოქმედმა ერთ დროს ძლიერმა ორგანიზაციამ და ერთადერთმა, ჩოხატაურის ასფალტობეტონის ქარხანამ დაკარგა ფუნქცია და ბაზარი დაიპყრო გურიაში შემოსულმა სხვა რეგიონის ორგანიზაციებმა.
უპასუხისმგებლობა სახეზეა: დაიკარგა სულ მცირე 3,5-4,0 მილიონი ლარის სამუშაოები, რაც არც თუ ცოტა შემოსავლის და დასაქმების წყარო იქნებოდა ჩოხატაურისათვის, ხოლო კარგი საშუალება ორგანიზაციების რეაბილიტაციისათვის.
სამწუხაროდ, ვიწრო, ამბიციურ დაინტერესებას (რაიონის საზიანოდ) შეეწირა ბევრი რამ: შეგნებულად დაიბლოკა ორივე ორგანიზაცია, რათა მათ არ შეძლებოდათ კონკურენციის გაწევა სხვა რეგიონის კონკურენტი ორგანიზაციებისათვის. ამ დროს საჭირო იყო ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, სულ მცირე დოზით მაინც, სახელმწიფოებრივად აზროვნება, გათვლა და ყურადღება (რასაც მუდამ ვახსენებდი) საკმარისი იყო ყოველწლიურად მინიმუმ 60-70 ათ. ლარის ერთჯერადი დახმარების გამოყოფა (რომელიც იმავე წელსვე მოგებით უკან დაბრუნდებოდათ), რათა ორივე საგზაო ორგანიზაციას, საკრებულოს და გამგეობის სწორი პოლიტიკის შედეგად მოეთქვა სული, აეკრიფათ სიჩქარე თავისი ადგილის მოსაპოვებლად. ეს დროებითი დახმარება ან თანადგომა ძალიან მალე მოიტანდა უკუგებას. რაც მთავარია, შენარჩუნდებოდა და გაძლიერდებოდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი და კვალიფიციური მუშახელი, რომელიც იძულებული გახდა სხვადასხვა რეგიონებში ეძებნა სამუშაოები და ეშენებინა გზები ლუკმა-პურის შოვნის მიზნით.
ასე გრძელდებოდა 2012 წლის მაისამდე.
2012 წლის მაისიდან, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მკვეთრად გაიზარდა რაიონებისათვის სხვადასხვა გზებით დაფინანსების გამოყოფის და დახმარებების მიღების რეალობა. ადგილობრივი ხელმძღვანელობა დადგა ცდუნების და არჩევანის წინაშე: “დღევანდელი კვერცხი აერჩიათ თუ ხვალინდელი ქათამი”. რადგან პირველი, ფარული ან ძალადობრივი გზით ობიექტის ხელში ჩაგდება ამ პერიოდამდე ვერ მოხერხდა, თან მომავალ არჩევნებში გამარჯვება გარანტირებული ეგონათ, გადაწყვიტეს “ორივე კურდღლის” დაჭერა:
ორი წლის დაყოვნების შემდეგ და პირადად ჩემი წინადადებიდან გამომდინარე, რასაც ბუნებრივია წინ არ აღვუდგებოდით, აამუშავეს ორგანიზაციების ადრე ჩემგან შეთავაზებული გაერთიანების იდეა, რაც როგორც იურიდიულად, ასევე მორალურად კარგ საქმედ ჩაეთვლებოდათ. მეორეს მხრივ გათვალეს, რომ სულ რაღაც ოთხიოდე თვეში, წინასაარჩევნოდ მათთვის ნებადართული, ტენდერების გარეშე პირდაპირი ხელშეკრულებებით, მაღალ, სასურველ ფასებში აითვისებდნენ სოლიდური მოცულობის თანხებს იმ ორგანიზაციის ძალებით, ტექნიკით და მუშახელით, რომელსაც იგნორირებას უკეთებდნენ 2008 წლიდან 2012 წლის 4 მაისამდე (განკარგულების ამოქმედებამდე). ეს გადაწყვეტილება გაუხარდებოდა ორივე ორგანიზაციის უკვე იმედგადაწურულ კოლექტივს, მათ ხელმძღვანელებს და სპეციალისტებს, რომელთაც მიეცემოდათ თავიანთი ცოდნის და რესურსების რეალიზაციის შანსი. ხელისუფლება კი მზრუნველის იმიჯს შეიძენდა. თვითდაჯერებულად იმოქმედეს, მაგრამ ბოლომდე არ ეყოთ სიბრძნე და მოთმინება გაეთვალათ ზოგი რამ. ამ გადაწყვეტილებით მიღებულმა შედეგმა და საკადრო პოლიტიკამ ყველას დაანახა მათი ჭეშმარიტი ზრახვები, რომლის მიხედვით, დამფუძნებლებისათვის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისთვის, რომელიც თავისივე განკარგულებით პირადად ნიშნავს ახალდაფუძნებული, გაერთიანებული ორგანიზაციის დირექტორს, რატომღაც მიუღებელი დარჩა უაღრესად კვალიფიციური, სტაჟიანი პროფესიონალების, დიდი არჩევნის მქონე კოლექტივის კადრები ძალზე მარტივი მიზეზით: იმათგან არც ერთი არ დათანხმდებოდა უკანონობას და შესაძლო, წინასაარჩევნი ფინანსურ მანიპულაციებს (რაც შეიძლება ამ გადაწყვეტილების წინასაარჩევნოდ საჩქაროდ მიღების თვითმიზანიც იყო). ამიტომ, კონკურსის გარეშე გამოძებნეს რა არასპეციალისტი, ამ საქმეში გამოუცდელი კანდიდატურა (რომელსაც დარწმუნებული ვარ თუ დასჭირდათ, გადააბრალებენ ყველა შესაძლო ან რეალიზებულ დარღვევას), მთლიანად უგულებელყვეს დამსახურებული კოლექტივის და სპეციალისტების ღირსება და მათთან კონსულტაციის გაუვლელად (შეუკითხავადაც) მოახდინეს საკადრო ცვლილება. დაიწყო ორივე გეგმის რეალიზაცია: აქედან პირველი, საარჩევნოდ გამოყოფილი თანხების ათვისება 1 ოქტომბრამდე ოპერატიულად მოახერხეს, მეორეს ამუშავებას დრო სჭირდებოდა _ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ის დაიწყებოდა 2013 წლიდან.
ჩემს ამ მოსაზრებას და ეჭვებს ლოგიკურად ადასტურებს ბევრი რამ, მათ შორის 2012 წლის 4 მაისის #48 განკარგულების შინაარსი და პათოსი, რომელშიც აშკარად იკვეთება შეფარული ინტერესები და მიზნები. კერძოდ:
1) მუხლი 3. შპს “ქონება და საწესდებო კაპიტალი” _ 1 პუნქტში საეჭვოდ ხელოვნურადაა შემცირებული საწესდებო კაპიტალი 28397 ლარამდე, შეგნებულად არ არის მიწის ღირებულება შეტანილი, მაშინ როცა ორივე ორგანიზაციის ბალანსზე რეალურად არსებული ქონება _ მიწა, შენობა-ნაგებობები, მანქანა-მექანიზმები, დანადგარები, ლითონის კონსტრუქციები დაანგარიშებებით სულ მცირე აჭარბებდა 170 000 ლარს. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ნახოს და დარწმუნდება, რომ არსებული ქონების მხოლოდ ჯართად ჩაბარებით, რომელსაც “კბილებით” ინარჩუნებდა ორივე კოლექტივი ამდენი წლის განმავლობაში, მიღებული შემოსავალი გადააცილებს 100 ათას ლარს. 28-ათასლარიანი ორგანიზაციის გაკოტრების შემთხვევაში კი (თუ მოახერხებდნენ) სულ რომ არაფერი გაეკეთებინათ, მუქთად დარჩებოდათ დაინტერესებულ პირებს სოლიდური თანხა. მათი მეორე გეგმის (გაკოტრების რეჟიმის) ამუშავების მიზანი ნათლად გამოჩნდა 2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე გატარებულ ღონისძიებებში. არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ოპერაცია “საგზაოს” ინიციატორები გადავიდნენ ლოდინის რეჟიმში, ელოდებოდნენ რეაქციას მათ მიერ შესრულებულ სამუშაოებზე, ასევე საკადრო ცვლილებების მიმდინარეობას. არ არის გამორიცხული 30 აპრილის შემდეგ, როცა პირად შეხვედრებში გაჟღერდა ეს თემა, გაზრდილი ან დამატებული იქნას საწესდებო კაპიტალი, რაც კიდევ უფრო დაადასტურებს ჩემს ეჭვებს.
გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება: ახალი შპს-ს მუნიციპალურ დაქვემდებარებაში დატოვების მიზანი, პირველ რიგში, უნდა ყოფილიყო მისთვის გრძელვადიანი პროფილის შენარჩუნება და შემდეგ სხვა საქმიანობის უფლების მინიჭება.
საკრებულოს გადაწყვეტილების მე-4 მუხლი მიხედვით, საინტერესოა ახალი ორგანიზაციის დაფუძნების მოტივი და ჩამონათვალის ნუსხა: ლამის “კორპორაციის” დონეზე დეკლარირებული ახალი შპს-ს ძირითადი საქმიანობის 19 მუხლიდან ორი საგზაო სპეციალიზირებული ორგანიზაციის შერწყმის შედეგად დაფუძნებულ შპს-ს, პირველი რიგის ჩამონათვალში, მათი “ფანტაზიით” მიენიჭა უფლება:
საპროექტო-საკვლევაძიებო, სამშენებლო-სამონტაჟო, გაზიფიკაციის, ხე-ტყის დამუშავების, ავეჯის წარმოების და რეალიზაციის, ნავთობ-პროდუქტების შესყიდვა-რეალიზაციის, სატრანსპორტო, საექსპლოატაციო, სამგზავრო გადაზიდვების, საექსკურსიო _ სასტუმრო მომსახურეობის, ტურიზმის, კომერციული საშუამავლო საქმიანობის, უძრავ-მოძრავი ქონების, შენობების ყიდვა-გაყიდვის, სხვადასხვა ფილიალების, ფონდების შექმნის საქართველოში და საზღვარგარეთ, ვალუტის ყიდვა-გაყიდვა. რაც “მთავარია”, სახელმწიფო, სოციალური დაზღვევის, სამედიცინო მომსახურეობის ფუნქციები (ალბათ, აფთიაქის ქსელის გახსნაც!) და სხვა. ასეთი 19 “მრავალპროფილიანი” მუხლიდან მხოლოდ მე-13 და მე-19 პოზიციებში დააფიქსირეს (ზრდილობის გულისათვის) გაუგებარი, ზოგადი ფორმულირება საგზაო სპეციფიკასთან მიმართებაში: “გზების ტექნიკური პარამეტრების დაცვა და პერსპექტივაში გზების მახასიათებლების გაუმჯობესება, გარემოს გაჭუჭყიანებაზე ზრუნვა და შრომის უსაფრთხო პირობების” თემა (ესეც ფორმალურად, თვალის ასახვევად).
მიუხედავად აღნიშნულისა (ოღონდ კი რაიმე გაეკეთებინათ), როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამ გადაწყვეტილებას მივესალმე და შეძლებისდაგვარად პირადად დავეხმარე მათ ტექნიკით, ხალხით, მასალებში შეღავათებით (ეს საქმე ჩემს რაიონში კეთდებოდა და არავის ვამადლი, მომავალშიც იმავეს გავაკეთებ). უფრო მეტიც: როცა იწყებდნენ მუშაობას, საქმის და მათივე ინტერესებიდან გამომდინარე, მივეცი რჩევა: როგორც ქალბატონ გამგებელს, ასევე ახალდანიშნულ დირექტორს, რომ რადგანაც 2011 წლიდან მოქმედი ნორმებით და მოთხოვნებით, ლაბორატორიული დასკვნების, სერთიფიკატების, მათთვის გადაცემული ასფ/ბეტონის ქარხნის გადაიარაღების გარეშე არ შეიძლებოდა გამოშვებული პროდუქციის რეალიზაცია ან საქმეში ჩადება (პროდუქციის ტექნიკური მაჩვენებლების და შემადგენლობის გამო). პირველ რიგში, უნდა მოეგვარებინათ ეს საკითხი, ისევ მათი პოზიციების გამყარების და თავის დაზღვევის მიზნით. სამწუხაროდ, გარდა არჩევნებამდე ფორსირებულად თანხების ათვისებისა, არცერთი, საქმისათვის აუცილებელი მოთხოვნა და ნორმები არ იქნა გათვალისწინებული, რაც აუცილებლად იმოქმედებს შესრულებული სამუშაოების ხარისხზე, რასაც შეიძლება მოყვეს საქმის შემსრულებელი უდანაშაულო პერსონალის პასუხისმგებლობის საკითხი.
როგორც ვიცით, ორგანიზაციები გადაიბარეს საბიუჯეტო დავალიანებების გარეშე. 2012 წლის წლიური დეკლარაციის მიხედვით (რაც ყველასათვის ხელმისაწვდომია) ოთხ თვეში მათთვის მომგებიან, შეთანხმებულ ფასებში შეასრულეს 600 ათ. ლარამდე მოცულობის საგზაო და სხვა სახის სამუშაოები, რაზეც რადგანაც არ გაუწევიათ მატერიალურ _ ტექნიკური ბაზის გადაიარაღების ხარჯები, არ უნდა დარჩენილიყვნენ ფინანსურ წაგებაში.
გულწრფელად გამიხარდა, როცა აამუშავეს ახალი ქვის სამსხვრევი დანადგარი, რომელსაც გარდა ორგანიზაციის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისა, შეუძლია დაეხმაროს რაიონის მოსახლეობას ახლო მანძილიდან სამშენებლო მასალის შეღავათიან შესყიდვა-ტრანსპორტირებაში (კარგი იქნება, თუ ეს დანადგარი დარჩება ორგანიზაციის მფლობელობაში ან მოიძებნება მისი გამოყენების იურიდიული ფორმა).
დადგა ახალი სამეურნეო წელი. არანაირი კითხვის ნიშანი არ დაისმებოდა, რომ არა 1 ოქტომბრის შემდგომ პერიოდში განვითარებული პროცესები, რაზედაც გვაინტერესებს დამფუძნებლის _ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განმარტება, თუ რატომ აღარ ფუნქციონირებს თითქმის 7 თვეა ახალდაფუძნებული ორგანიზაცია.
წლევანდელი მშრალი ზამთრის და გაზაფხულის პირობებში, ივნისის დასაწყისისათვის არანაირი სამზადისი არ შეინიშნება, მაშინ, როცა დამფუძნებლის და ამ დარგის ორგანიზაციას მათი ვალდებულებებიდან და პრაქტიკიდან გამომდინარე, მაქსიმუმ მარტის დასაწყისიდან უნდა მოესწროთ სეზონისათვის მზადყოფნა, რათა არ დაეკარგათ საგაზაფხულო სამუშაოების დროულად დაწყება-შესრულების შანსი. სამწუხაროდ, დღემდე თითიც არ გაუნძრევიათ, უფრო მეტიც, რამოდენიმე თვეა დაცვის და ელ. ენერგიის გარეშეა ორგანიზაცია და ბაზა მიტოვებული, მოუვლელობით ჩანგრეულია დამხმარე შენობების სახურავები.
ვეკითხებით დამფუძნებლებს: არჩევნების შემდეგ იფიქრა ვინმემ მათივე გადაწყვეტილებით შექმნილი ორგანიზაციის ბედზე ან მომავალზე, რომელსაც განკარგულებით ლამის რაიონის “გადამრჩენის” ფუნქციები დააკისრეთ? გვაინტერესებს: გაკეთდა ფინანსური ანალიზი ან 2013 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნა ელემენტარული ხარჯები მაინც სულ მცირე ორგანიზაციის საკონსერვაციო სამუშაოების ან დაზიანებული ასფალტირებული გზების შეკეთებისათვის?
მათი მხრიდან უპასუხისმგებლობის და მოუმზადებლობის შედეგად, 2012 წლის საგზაო სამუშაოების მოვლა-შენახვის ახალ ტენდერში კვლავ გაიმარჯვა სხვა ორგანიზაციამ. გადაიარაღების სამუშაოების ჩაუტარებლობით არ ამუშავებულა და ამ მიდგომით კვლავ ვერ გამოიყენებენ ასფალტის ქარხანას. თითქმის მთავრდება სხვა ორგანიზაციის მიერ საგაზაფხულო ასფალტბეტონის საფარის შეკეთებითი სამუშაოები ცენტრალურ გზებზე ოზურგეთიდან და ბათუმიდან შემოზიდული მასალებით, რაც შესაძლებელი იყო ადგილობრივი ძალებით შესრულებულიყო მათი მზადყოფნის შემთხვევაში. დაკარგეს მინიმუმ 200 ათ. ლარამდე შემოსავალი, რაც სხვებმა აითვისეს. ბოლო სამი წელია (ვერც 2012 წელს გააკეთეს ბოლომდე) არ შეკეთებულა ორმოები და დაზიანებები ასფალტირებულ გზებზე. ერთადერთი რაიონია საქართველოში ჩოხატაური, სადაც მ/წელსაც ამ კუთხით არაფერი გაკეთებულა. კვლავ ვიმეორებ: რაც მთავარია, ამ ბაზით და მდგომარეობით (რადგან არაფერი გაუკეთებიათ) ისევ ვერ მიიღებენ მონაწილეობას მომავალ ტენდერებში. ასეთმა შეგნებულმა უმოქმედობამ თუ გამიზნულმა ქმედებამ კიდევ უფრო დამარწმუნა ორგანიზაციის აღორძინების სურვილის არარსებობაში.
დამფუძნებლის ქმედებიდან და ლოგიკიდან თვალნათლივ სჩანს, რომ მათ ახალი “შპს”-ს დაფუძნება სჭირდებოდათ მხოლოდ წინასაარჩევნოდ, ოთხი თვის ვადით, რომლის შემდეგ (რადგანაც ვერ გაიმარჯვეს არჩევნებში) კვლავ “დააკონსერვეს” პროცესები, რათა საზოგადოება “დააჯერონ” ამ ორგანიზაციის არაეფექტურობაში.
ბატონებო, ის თემა და გულისტკივილი, რასაც ქვემოთ შემოგთავაზებთ, შეიძლება ბევრისათვის გაუგებარი აღმოჩნდეს, შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ პირადი ინტერესები მამოძრავებდეს (ვინც მიცნობს, იცის, რომ ეს გამორიცხულია). არც მე მსიამოვნებს სხვის საქმეებში ქექვა, მაგრამ ადამიანისათვის, რომელმაც ახალგაზრდული წლები, ცოდნა-გამოცდილება შეალია ამ ორგანიზაციის ჩამოყალიბებას, იმ ადამიანებთან ერთად (რომელთაც არ დაუფასეს წლობით ნაამაგარი და ისე მოისროლეს, მადლობაც კი არ უთქვამთ!), რომელთაც თავისი მორიდებით ვერ შეძლეს საკუთარი უფლებების დაცვა და თავზე წამოასხდნენ, სულერთი არ არის უყურო, თუ ბოლო წლებში, დაუსჯელობის სინდრომით შეპყრობილი ადამიანები როგორ ცდილობენ დაიბრიყვონ საგზაო დარგის, ჯერ კიდევ შემორჩენილი რამდენიმე ათეული ადამიანი და წაშალონ ისტორიიდან ცნობილი ორგანიზაცია. ამიტომ პირადად ჩემი, ამ ორგანიზაციის პირველი აგურიდან უძლიერეს სამმართველომდე, ამ ხალხის დახმარებით შექმნილი ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელის პროფესიონალური და მოქალაქეობრივი ვალია დავეხმარო მათ სამართლიანობის აღდგენაში.
მაქვს იმედი დღევანდელი საკრებულოს და გამგეობის ახალი ხედვის შემადგენლობის (ნაწილობრივ ძველი, ჩემთვის სამწუხაროდ, არცთუ ჩემი დახმარების გარეშე დაწინაურებული დღევანდელი ზოგიერთი წარმომადგენლების) რომ ჩაწვდებით ყველა იმ საკითხში, რაზეც ბევრ თქვენთაგანს ისე, რომ შეიძლება არც გიეჭვიანიათ და არც გაგიკონტროლებიათ შემოტანილი განკარგულებები, რომელზეც ხელი გაქვთ მოწერილი ან თანხმობა მიცემული 2-3 ადამიანის პირადი ინტერესების განხორციელებისათვის, ახლა მაინც შეასრულოთ ძირითადი მოვალეობა _ სამართლიანობის აღდგენა და კონტროლის უფლება.
არც ჩემი და არც თქვენი ფუნქცია და თვითმიზანი არ არის ვინმეს დასჯა. მაგრამ დროულად მათი გამოფხიზლება და შეჩერება, რომ ჩაჯდნენ სამართლებრივ და მორალურ ნორმებში, ეს ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა.
დიდი ხანი ვფიქრობდი წამომეჭრა თუ არა ეს თემა, შევეცადე კონფიდენციალური მიმართვებით მიმენიშნებინა მავანთათვის რა როგორ სჯობდა, როგორც ორგანიზაციის ასამუშავებლად, ასევე დარგის საჭიროებიდან გამომდინარე, მაგრამ ამისი ელემენტარული სურვილი და თანხვედრა ვერ დავინახე. საკითხისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება კვლავ გრძელდება. ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ ეს საკითხი გამხდარიყო საჯარო განხილვის საგანი.
ყველაფერს აქვს საზღვარი. დროა წერტილი დაესვას ფუჭი სიტყვებით დეკლარირებას და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი, დაიწყოს რეალურად საქმისადმი პროფესიონალური მიდგომა და პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა (ეს საკითხები დროულად უნდა დასმულიყო არა ჩვენგან, არამედ გამგეობის და საკრებულოს წევრებისაგან).
პატივცემულო ბატონებო! ფაქტები და ქმედებები სახეზეა:
მოსაძებნია გამოსავალი. ამიტომ, როგორც საკრებულოს, ასევე გამგეობას, კოლექტივთან ერთად მოგაწოდებთ ჩემს, როგორც ამ დარგის ერთ-ერთი სპეციალისტის და გულშემატკივრის მოსაზრებას მდგომარეობის გამოსწორების და დარეგულირების ჩემეული ხედვის კუთხით: (მიიღებთ თუ არ მიიღებთ, ეს თქვენი გადასაწყვეტია). დამთავრდა 2012 სამეურნეო წელი, დღემდე არ არის გაკეთებული ფინანსური ანალიზი.
თუ მართლა რეალურად სურს საკრებულოს და გამგეობას, რომ ორგანიზაციამ იფუნქციონიროს რაიონის საჭიროებისათვის ძირითადი პროფილით და აპირებთ ორგანიზაციის ფეხზე დაყენებას, მისი დანიშნულებისამებრ გამოყენებით (ბაზის გაძლიერება, სპეციალისტების დამაგრება და სხვა), საჭიროა კომპლექსური გეგმის შემუშავება:
1) ორგანიზაციის დაკომპლექტება გამოცდილი ინჟინერ-ტექნიკური პერსონალით, კონკურსით ან სპეციალისტებიდან შერჩევით, ერთიანი გუნდის შექმნა. ორგანიზაციის ხელმძღვანელებს ოდნავ მაინც უნდა ესმოდეთ დარგის პრიორიტეტები და მთავარია, იყვნენ კარგი მენეჯერები.
2) რადგანაც ორგანიზაცია მუნიციპალურ საკუთრებაშია, მის ასამუშავებლად გასათვალისწინებელია ერთჯერადი დოტაციით ან სესხით დახმარება (შემდგომი მოგებით დაბრუნებით) მატერიალურ _ ტექნიკური ბაზის გადასაიარაღებლად და სამუშაოების დასაწყებად, რათა ის გახდეს კონკურენტუნარიანი და პერსპექტივაში დაიბრუნოს დაკარგული პოზიციები.
3) გაცილებით უკეთესი ვარიანტი იქნება (რადგან, არ მგონია, საკრებულოს ამჟამინდელი შემართებით, ერთჯერადი დოტაციის თანხა გამოინახოს), თუ რომელიმე ძლიერი საგზაო ან სამშენებლო პროფილის ორგანიზაცია, კარგად მოფიქრებული ხელშეკრულების საფუძველზე, ინვესტიციის გათვალისწინებით, იჯარით გარკვეული ვადით ან შემდგომში გამოსყიდვით აიღებს დარჩენილ, ვარგის ტექნიკურ საშუალებებს ან მთლიანად გაერთიანებულ ორგანიზაციას, პროფილის სავალდებულო შენარჩუნებით. ხოლო მომავალში, შეთანხმების პირობების მიხედვით, გარკვეული ვადის შემდეგ, უკან დააბრუნებს გამართულ ორგანიზაციას ან გამოსყიდვის შემთხვევაში ამუშავებს მას გრძელვადიანი პროფილის და ვალდებულებების შენარჩუნებით.
4) თუ შემოთავაზებულმა ვარიანტებმა არ იმუშავა ჯეროვნად, მაშინ გარკვეული პრინციპებიდან და რაიონის საჭიროებიდან გამომდინარე, პირადად მე გთავაზობთ შემდეგ წინადადებას: ჩემთვის, როგორც ამ კოლექტივის ჩამომყალიბებელი პიროვნებისათვის, სულერთი არ არის კოლექტივის ღირსება და მასთან დაკავშირებული ადამიანების ბედი, ასევე რაიონის საგზაო ქსელის დღევანდელი მდგომარეობა (მე-4 წელია ნორმალური ორმოული შეკეთებაც კი არ ჩატარებია ჯერ კიდევ 1983-86 წლებში დაგებულ ასფალტირებულ გზებს და არათუ ახლის მოწყობა, ძველიც გამოდის წყობიდან).
მიუხედავად იმისა, რომ როგორც მენეჯერი ვხელმძღვანელობ სხვა ორგანიზაციას და ვაშენებ სერიოზულ ობიექტებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, მზად ვარ ორგანიზაციის და რაიონის საჭიროებისათვის ავიღო დამატებითი დატვირთვა, რათა აღსდგეს ერთ დროს ცნობილი კოლექტივის იმიჯი და კონკურენტუნარიანობა.
დარწმუნებული ვარ, ამ გადაწყვეტილებით რაიონისათვის კარგი საქმე გაკეთდება. ამიტომ, თქვენგან საკითხის დროულად განხილვის და შეჯერების შემდეგ, თუ თქვენ სასწრაფოდ ვერ აამუშავებთ ორგანიზაციას, ავიღებ პირად პასუხისმგებლობას: პროფესიონალური თავმოყვარეობიდან გამომდინარე, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, მაქსიმუმ ერთი წლის ვადით, ვიკისრებ ორგანიზაციის მენეჯერობას ჩემს მიერ შერჩეული კადრებით და საკრებულოს მხრიდან ფინანსური მოძრაობის სათანადო მონიტორინგით (არ გამოვრიცხავ ორგანიზაციის დღევანდელ ხელმძღვანელთან თანამშრომლობას მისი სურვილის შემთხვევაში შესაბამისი სპეციალობის კვალიფიკაციის ამაღლების ნიშნით).
5) საკრებულომ (დამფუძნებელმა) უნდა გამოძებნოს გარკვეული მიზნით ერთჯერადი სესხი მინიმუმ 70-80 ათასი ლარი 2012 წლის შეუსრულებელი მოდერნიზაციის სამუშაოებისათვის (შემდგომში, ამ წლის ბოლომდე დაბრუნებით). ჩვენი მხრიდან, ორგანიზაციის დროებითი მმართველობიდან ერთი წლის შემდეგ ჩაგაბარებთ გამართულ ორგანიზაციას (ეს პირადად ჩემი და ყოფილი კოლექტივის პრესტიჟის საქმეა) და მართვას უკვე აწყობილი მენეჯმენტით გააგრძელებს დამფუძნებელი და სხვა მენეჯერი.
ამ გადაწყვეტილებით დაგიმტკიცებთ, რომ ამის გაკეთება შესაძლებელი იყო 2012 წლამდე, 2012 წელსვე და შესაძლებელია მიმდინარე წელსაც, იმავე ვადაში, მონდომებით და პროფესიონალიზმით. კვლავ ვადასტურებ, რომ ეს ორგანიზაცია, პირველ რიგში, მუნიციპალურ საკუთრებაში აუცილებლად სჭირდება რაიონს და მის საგზაო ქსელს (სხვანაირად თქვენ ვერ მოუვლით და შეინახავთ მათ).
6) თუ არცერთი შემოთავაზება არ გაკმაყოფილებთ, არანაირი სურვილი ან დაინტერესება არ გაგაჩნიათ ამ დარგის, ორგანიზაციის და კოლექტივის შესანარჩუნებლად, მაშინ ჩვენც აღარ შევედავებით და მოვთხოვთ პასუხს იმ ხალხს, ვინც ამდენი წელია ცდილობს ორგანიზაციის გაკოტრება-შესყიდვას ჯართის საფასურად. ნუ გვაყურებინებთ როგორ იშლება და ნადგურდება ყველაფერი უპასუხისმგებლობით და მოუვლელობით. თქვენივე პასუხისმგებლობით გაიტანეთ აუქციონზე ობიექტი (როგორც უპერსპექტივო) და დაამთავრეთ ეს საქმე!
ბატონებო! პირდაპირ გეტყვით და კვლავ გავიმეორებ: ჩემი მიზანია ორგანიზაციის იმიჯის აღდგენა-ამუშავება რაიონის საკეთილდღეოდ და არა ვინმესთან “კინკლაობა”. მისი პირადი საკუთრებისათვის გამოყენების ან გაკოტრების მცდელობას მუდამ წინ აღვუდგები, ყოველთვის მხარს დავუჭერ კოლექტივს, რომელსაც იგნორირება გაუკეთეს. თუ თქვენ ვერ ან არ მოახერხებთ სამართლიანობის აღდგენას, მოიძებნება სხვა კანონიერი გზები და კოლექტივი ამას დამოუკიდებლად გააკეთებს. თუ მე შევცდები (ღმერთმა ჰქნას, რომ ვცდებოდე) და ჩემი ეჭვები არ გამართლდება, საჯაროდ მოვიხდი ბოდიშს. თუ ჩათვლით საჭიროდ საკითხის განხილვის პროცესში ჩემს და კოლექტივის რამდენიმე წევრის დასწრებას, (საკითხების დაზუსტების მიზნით), მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა.
ველოდებით საქმიან გადაწყვეტილებებს!
პატივისცემით, დავით ჟღენტი
P.S. როგორც მშენებელმა და პროფესიონალმა, კონკრეტულ საკითხზე ჩემი პოზიცია გამოვხატე. მეტი რომ არ შეგაწუხოთ, მინდა სათქმელი ბოლომდე დავასრულო:
არ მაქვს უფლება როგორც მოქალაქემ, რაიონის და ქვეყნის რიგითმა გულშემატკივარმა, ადამიანმა, ზედიზედ ორჯერ არჩეულმა ურთულეს წლებში რაიონიდან საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარად, რომელიც მიუხედავად პოლიტიკიდან ჩამოშორებისა, მუდმივად განვიცდიდი და დღემდე ვგრძნობ პასუხისმგებლობას რაიონის მოსახლეობის წინაშე, არ აღვნიშნო ის, რაც აშკარად ჩანს საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდში.
შვიდი თვე მიიწურა, საკადრო ამბიციები შედარებით ჩაცხრა; ქვეყნის და რაიონული მასშტაბით “კოჰაბიტაცია” შესდგა.
რამდენიმე ახალი, საქმიანი კადრის აქტიურობას და მონდომებას ანეიტრალებს რიგი, ჯერ კიდევ გავლენაშენარჩუნებული (მარადიული “ახალი-ძველი”) შემადგენლობა, რომელთაც არ ყოფნიდათ რაიონის ინტერესების დასაცავად საჭირო პრინციპული მიდგომა. მიჩვეულნი იყვნენ რა ზემდგომი და სამხარეო სამსახურების მორჩილებას (მათი ბრძანებებით და მითითებებით მუშაობას), რაიონმა დაკარგა ფუნქცია, რადგან მუდმივად იყო მართული გარეშე ძალებიდან. შედეგად, თვალნათლივ ჩანს, რომ ამ ორი განსხვავებული იდეოლოგიის ადამიანების “მოჩვენებით”, ერთობლივ თანამშრომლობაში არ იგრძნობა შედეგიანი, საქმიანი კოორდინაცია და საჭირო შემართება.
სამწუხაროდ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ქვეყანა ცდილობს მხოლოდ ერთი ადამიანის ყოვლისშემძლეობის იმედით განვითარებას.
ჩინოვნიკები გაურბიან პირადი პასუხისმგებლობით და ინიციატივით პრობლემების გადაწყვეტას, რაც საზოგადოების გაღიზიანებას იწვევს.
ბატონებო, შეიძლება ბევრი თქვენთაგანისათვის მიუღებელი იყოს როგორც პირველი თემა, ასევე მინაწერი, მაგრამ თავს მოვალედ ვთვლი მაინც მცირედი, მეგობრული, მოკრძალებული რჩევა _ მოსაზრება შემოგთავაზოთ რაიონის დღევანდელ ხელისუფლებას:
_ არჩევნებით დემოკრატიულმა ცვლილებებმა დაგვანახა, რომ მუდმივი არავინ და არაფერია;
_ ქვეყანაში რადიკალურ ცვლილებებს მუდამ თან სდევს სკამს გადევნებული (პოზიცია ცვალებადი) და მიტმასნილი პირები, რაც დროებითი მოვლენაა. (თავისით გაიშიფრებიან);
_ საყოველთაო რეპრესიების პირობებში შიშის დაძლევით მიღებულ ამომრჩეველთა ხმებს და ნდობის გამართლებას მეტი პრინციპულობა, მუხლჩაუხრელი შრომა სჭირდება.
ვისაც ხალხმა პასუხისმგებლობა დააკისრა, მათ პასიურობის უფლება არა აქვთ _ გამარჯვების შენარჩუნება გაცილებით რთულია, ვიდრე მისი მოპოვება;
_ გასააქტიურებელია კონსტრუქციული ოპოზიციური ხედვა და სამოქალაქო საზოგადოების როლი. გასათვალისწინებელია მათი სამართლიანი შენიშვნები.
ყველას აქვს შანსი, თავისი შესაძლებლობა დემოკრატიის დამკვიდრების პირობებში წარმოაჩინოს. სამართლიანობის აღდგენა, საქმისადმი პროფესიონალური მიდგომა მოგვცემს საშუალებას ტერიტორიულმა ერთეულებმა (მუნიციპალიტეტებმა) რეალურად აღიდგინონ დაკარგული ფუნქციები და ღირსება. მიმდინარე პოლიტიკური ცვლილებების ქვეყნის სასიკეთოდ არგამოყენება დანაშაულია. სასურველია გვახსოვდეს მთავარი: ჩვენს სახლში, რაიონში, ქვეყანაში, ჩვენს გასაკეთებელს სხვა არავინ გაგვიკეთებს!
და მთავარი გულისტკივილი, რაც ყველას გვაწუხებს: იქნებ, დროა, როგორმე ვისწავლოთ სახელმწიფოებრივად აზროვნება, შევეგუოთ ჩვენივე მოთხოვნით დაწყებულ დემოკრატიულ ცვლილებებს და ქვეყნის მართვის ბერკეტები რეალურად გადავაბაროთ არჩევნებით მოსულ ხელისუფლებას (ყველამ ერთად გვერდზე გადავდოთ ამბიციები), გამოვცადოთ ისინი საქმეში, ხელი არ შევუშალოთ, ვაკონტროლოთ და მოვითხოვოთ დანაპირების შესრულება. პროფესიონალმა ჩინოვნიკებმა პოლიტიკური შეხედულების გარეშე აკეთონ ქვეყნის საქმეები. 20 წელზე მეტია ვერ ჩამოვყალიბდით, უამრავი ცუდი რამ ვნახეთ და გადავიტანეთ, აღარ დადგა დრო, ვისწავლოთ ერთად დგომა და ქვეყნის სიყვარული?!
გისურვებთ წარმატებებს!
R