შეხვედრაზე მოწვეული იყო ორმოცდაათამდე სხვადასხვა პროფილის არასამთავრობო ორგანიზაცია; მათ შორის, წარმოდგენილი იყვნენ ის ორგანიზაციები, რომლებიც საკუთარ საქმიანობას რეგიონებში ახორციელებენ. სამინისტრო, საკუთარი პროფილიდან გამომდინარე, ამ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.
შეხვედრაზე მინისტრმა და მისმა მოადგილეებმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს 2013 წლის პირველი კვარტლის ანგარიში, ასევე, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტებისა და დაგეგმილი თვითმმართველობის რეფორმის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
შეხვედრაზე განსაკუთრებულ ყურადღება საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში მყოფ საქვეუწყებო ორგანიზაციებში არსებულ ვითარებაზე გამახვილდა. წლების განმავლობაში აღნიშნული საკითხი სამოქალაქო სექტორისთვის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენდა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო არის პირველი უწყება, რომელმაც საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ ანგარიში მოამზადა და გამოაქვეყნა.
ანგარიში, რომელიც მინისტრმა არასამთავრობო ორგანიზაციებს წარუდგინა, ნათლად ასახავს, თუ რამდენად შეიცვალა ამ მხრივ ვითარება. ის ნათლად ადასტურებს, თუ რამდენად არის უწყება მზად, მისი საქმიანობა საჯაროდ და გამჭვირვალედ წარმართოს.
საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ ანგარიში 6 თვის – 2012 წლის პირველი ნოემბრიდან 25 აპრილის ჩათვლით მონაცემებს მოიცავს. საანგარიშო პერიოდში სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში მყოფ საქვეუწყებო დაწესებულებებში სულ 67 განცხადება შემოვიდა, საიდანაც სამინისტრომ რეაგირება ყველა შემოსულ წერილზე მოახდინა.
67 წერილიდან: 57 მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა; 4 ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; 1 მოთხოვნაზე უარი გაიცა; 2 მოთხოვნაზე განმცხადებელს ეცნობა, რომ სამინისტროს შესაბამისი ინფორმაცია არ მოეპოვება; 3 მოთხოვნაზე, სამინისტრომ უფლებამოსილ დამოუკიდებელ უწყებებს გადაუგზავნა წერილი, რის შესახებაც ეცნობათ განმცხადებელებსაც. თუმცა, ამ უწყებების მიერ გადამისამართებულ განცხადებებზე რეაგირების შესახებ სამინისტროს ინფორმაცია არ მიუღია.
მონაცემების შესწავლის შემდეგ გამოიკვეთა სურათი, სადაც გამოჩნდა, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემისას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი 10-დღიანი ვადა უმეტესწილად დაცულია, თუმცა აღინიშნა შემთხვევებიც, როცა 10-დღიანი ვადის გადაჭარბებასაც ჰქონდა ადგილი. საჯარო იფნორმაციის გაცემისას კანონით დადგენილი 10-დღიანი ვადის გადაცილების აღმოსაფხვრელად, სამინისტრო ინტენსიურად იმუშავებს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო აქტუალურ საკითხებზე დაესვათ კითხვები და სამინისტროს პირველი პირებისთვის მიეწოდებინათ შესაბამისი რეკომენდაციები.
შეხვედრის ბოლოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის ფასილიტატორ სამოქალაქო განვითარების სააგენტო “სიდასთან” ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.