ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის გაუმჯობესება საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2013 წლის პრიორიტეტებში წარადგინა. მისი განცხადებით, ამ მიმართულებით მუშაობა ბიზნესგარემოს გაუმჯობესების ერთ-ერთი მთავარი პრინციპი იყო. პრიორიტეტების წარდგენისას, მან ახსენა ბაზრიდან განდევნილი საშუალო ბიზნესიც:
“ეს გახლავთ ირიბი გზით დახმარება იმ საშუალო ბიზნესისთვის, რომელიც განდევნილი იქნა სხვადასხვა ბიზნესიდან. დაგეგმილია კონკურენციის სააგენტოს შექმნა, რომელიც არსებული მონოპოლიების დაშლასა და ბაზრის გახსნაზე იმუშავებს. შემდგომ ეს იქნება პრევენციული მუშაობა იმისთვის, რომ არ მოხდეს კარტელური შეთანხმებები”, – განმარტა კვირიკაშვილმა.
მიუხედავად ამისა, კანონპროექტის განხილვა პარლამენტში ჯერ არ დაწყებულა. “გურია ნიუსის” ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრო სათანადოდ არ არის მომზადებული. ფაქტია ისიც, რომ კანონში შესატან ცვლილებებს დიდი დებატები მოყვება.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ “რაც არ უნდა კარგი კანონმდებლობა შევქმნათ, თუ არ იქნა გენერალური პოლიტიკური ნება თავისუფალი ბაზრის არსებობის, დაშვებული იქნა სახელმწიფოს მხრიდან პრეცენდენტები პირდაპირი თუ არაპირდაპირი, ფორმალური თუ არაფორმალური პრივილეგიების თუ ლობირების თავისუფალი ბაზრის პრობლემა ყოველთვის იარსებებს. საქართველოში ბოლო წლებში სწორედ ეს იყო მთავარი პრობლემა”
_ ბატონო ირაკლი, რამდენად ეფექტურია კანონპროექტი, რომელმაც ანტიმონოპოლიური პოლიტიკა უნდა დაარეგულიროს საქართველოში და რა ხარვეზები აქვს მას?
_ კანონპროექტი, რომელიც უნდა შევიდეს პარლამენტში მოიცავს ყველა იმ მიმართულებას და საკითხს, რომელსაც ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს, მასზე პროფესიონალთა გუნდი მუშაობდა, კანონპროექტი არის პრობიზნესური და მათი უფლებები მაქსიმალურად არის გათვალისწინებული, რაც მთავარია კანონპროექტის მიზანი არ არის კომპანიების დაშლა და ზედმეტი რეგულაციები. ხარვეზებს რაც შეეხება, ეს ალბათ უფრო პრაქტიკიდან გამოჩნდება, რადგანაც ანტიმონოპოლიური ქმედებები ძალიან მრავალფეროვანია და კონკრეტულ ქეისებზეა აწყობილი. მე პირადად, არ ვისურვებდი კანონმდებლობაში 40%–იანი წილის მქონე კომპანიის მონოპოლიად დასახელების შესაძლებლობას, რომელზე უნდა განხორციელდეს მონიტორინგი, არღვევს თუ არა ის მომხმარებლის უფლებებს და ზღუდავს თუ არა კონკურენციას. კომპანიას შეიძლება ქონდეს 20% დაა ზღუდავდეს კონკურენციას და მომხმარებლის არჩევანს, ან პირიქით, ქონდეს ბაზრის 80%, მაგრამ არ იყენებდეს ამ დომინანტურ მდგომარეობას ბოროტად.
_ რომელი ქვეყნის მაგალითზე იხელმძღვანელა საქართველოს ხელისუფლებამ, როდესაც გააუქმა ყველაფერი, დაწყებული კანონით, დამთავრებული ანტიმონოპოლიური სამსახურის გაუქმებით? იყო თუ არა გაცხადებული პოლიტიკა იმის შესახებ, რომ ხელისუფლება მფარველობდა მონოპოლიას?
_ ასე ცალსახად ვერ ვიტყვით, არსებობენ მსოფლიოში ლიბერალური ქვეყნები, სადაც არ არსებობს ანტიმონოპოლიური სამსახური, მაგრამ იქ მაინც არსებობს კონკურენტული ბაზარი. მიზეზი მარტივია ხელისუფლება არ ლობირებს და არ ქმნის ხელოვნურ მონოპოლიებს. საქართველოში ეს ვერ იქნა მიღწეული. სახელმწიფო პირდაპირ ანიჭებდა პრივილეგირებულ მდგომარეობას რიგ კომპანიებს – მაგალითად საქართველოს ლატარიის კომპანია, მფარველობდა კარტელურ გარიგებებს, მაგალითად ნავთობპროდუქტების ბაზარი, თბილისის სამარშრუტო ხაზები, სადაზღვევო კომპანიები, რომლებსაც ქონდათ რეგიონები გადანაწილებული, ელიტარულ დონეზე ხდებოდა სხვადასხვა კომპანიების არაფორმალური ლობირება ტენდერებში, სადაც იმარჯვებდნენ რამდენიმე დღის წინ დარეგისტრირებული კომპანიები, საბაჟოზე პრივილეგიები არსებობდა ხორბლის, ასანთის, მარილის, ხორცის და სხვა რიგი პროდუქტების იმპორტიორი კომპანიების. ახალ კომ პანიებს კი ექმნებოდათ გარკვეული ბარიერები. ეს იყო მთავარი პრობლემა ანტიმონოპოლიური სამსახურის არარსებობის პირობებში. თუმცა, ვარდების რევოლუციამდე არსებობდა ეს სამსახური მაგრამ თავისუფალი ბაზრის პრობლემა ასეთი არაფორმალური მხარდაჭერის შედეგად მაშინაც იყო. ამიტომაც, ახალი ხელისუფლების მთავარი ამოცანა არის სამსახურის ამოქმედების პარალელურად არ დაუშვას არაფორმალური “მაკონტროლებლები”.
_ საქართველოს პრაქტიკაში მონოპოლიისა და კონკურენციის შეზღუდვის რა მაგალითები გახსენდება?
_ ასეთი მაგალითები საკმაოდ ბევრია, ნაწილი ჩამოგითვალეთ, საკმაოდ ცნობილია “აირზენას საქმე”, “ალდაგის საქმე” შევარდნაძის პერიოდიდან, “კავკასუს ონლაინის”, მობილური ოპერატორების და ნავთობკომპანიების ქეისები წინა ხელისუფლების პირობებში, ასევე ბოლო ცვლილება ფინანსთა სამინისტროს მხრიდან, რომელიც ექსპედიტორებთან მიმართებაში “საქართველოს ფოსტა” დგება უპირატეს მდგომარეობაში, თუმცა ეს შეზღუდვა 2014 წლის 1 იანვრიდან უნდა გაუქმდეს.
_ არსებობს თუ არა საქართველოში მონოპოლიური კომპანიები და ყველაზე თვალსაჩინო მაგალითები რომელია ამის?
_ძალიან მნიშვნელოვანია იმის განმარტება, რას ნიშნავს მონოპოლია, ვისთვის არის ის მონოპოლია და ვისთვის _ არა, რა გეოგრაფიულ და სასაქონლო ბაზართან გვაქვს საქმე.
მაგალითად, ძალიან ხშირად ისმის რომ “ბორჯომი” ან “საქართველოს რკინიგზა” მონოპოლისტები არიან. თუ განვიხილავთ მინერალური წყლების ბაზარს, “ბორჯომი” ვერანაირად ვერ იქნება მონოპოლისტი, რადგან მას ძალიან ბევრი შემცვლელი და კონკურენტი მინერალური წყალი ჰყავს. დიახ, “ბორჯომს” აქვს ექსკლუზიური უფლება, საბადოებიდან მხოლოდ მან მოიპოვოს ეს სასარგებლო რესურსი, მაგრამ ამ უფლების დანაწევრება რეალურად შექმნის ბევრად უფრო მეტ პრობლემას, ვიდრე მისი ერთ მფლობელობაში არსებობა. რადგან თუ მას პირობითად სამ კომპანიაზე გავანაწილებთ, არცერთს არ ექნება სტიმული არეკლამოს ბრენდი, რადგან ამით “უფასოდ” ისარგებლებს სხვაც – ეს ერთი, მარტივი მაგალითი.
რაც შეეხება “საქართველოს რკინიგზას”, ის ვერ იქნება მონოპოლისტი მგზავრისთვის, რომელსაც თბილისიდან ბათუმამდე გადაადგილება სურს, მიუხედავად იმისა რომ რკინიგზა ერთია. რადგან მას აქვს ალტერნატივები, თუნდა სხვა სატრანსპორტო საშუალებები, თუმცა გეოპოლიტური თვალსაზრისით, რკინიგზას უკვე აქვს სტრატეგიული დატვირთვა, რადგან თუ ეს კომპანია მოხვდება პირობითად რუსული კომპანიის ხელში, ის შეიძლება დაინტერესდეს მისი პარალიზებით და ტვირთანკადი შუა აზიიდან რუსეთის მიმართულებით გაუშვას. ამიტომ, კონკრეტული მიდგომებს კონკრეტული ქეისის შემთხვევაში, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, იზრდება შესაძლებლობებიც და ალტერნატივებიც, მაგალითად, ინტერნეტის და მობილური ტელეფონების შემოსვლამდე, სატელეკომუნიკაციო კომპანიები ექცეოდნენ რეგულაციის აუცილებლობის ქვეშ, დღეს კი ეს საჭიროება არ დგას.
მაგალითად, საქართველოში იყო პერიოდი, როდესაც ყველა საკომუნიკაციო კომპანია სარგებლობდა “საქართველოს ელექტროკავშირის” ჭებით და მაგისტრალებით. იმ დროს ეს კომპანია ითხოვდა რეგულირებას, მაგრამ დღეს არსებობს ალტერნატიული “კავკასუს ონლაინის” ქსელი. შესაბამისად, ამის აუცილებლობა არ დგას. საინტერესოა, ასევე შესწავლილი იქნას “კარფურის” ქმედებები ბაზარზე, რამდენად დემპინგურია მისი საქმიანობა, როდესაც ის ხშირ შემთხვევაში არასახარბიელო მდგომარეობაში აყენებს მიმწოდებელ კომპანიებს, სხვა კონკურენტებსაც.
გარდა ამისა, არსებობს ბუნებრივი მონოპოლიები – მაგალითად გაზგამანაწილებელი, წყალგამანაწილებელი, ელექტროგადამცემი ხაზები, ცენტრალური მაგისტრალები, რომლებიც უნდა იყოს ან ერთი მფლობელის ხელში რეგულაციებით, რადგანაც ბევრი კომპანიის ჩართულობა აქ არაეფეტურია ხარჯების თვალსაზრისით, ან სახელმწიფო უნდა უწევდეს მართვას.
_ რამდენად ეფექტურად და სამართლიანად მიგაჩნიათ ის სანქციები, რომელსაც ამ კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში დაუწესებენ კომპანიებს, თუკი დამტკიცდება, რომ ისინი მონოპოლისტურ პოლიტიკას ეწოდნენ?
_ ეს დამოკიდებულია კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე. ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს კვლევას და მტკიცებას, რომ კომპანია ნამდვილად ზღუდავდა ბაზარზე კონკურენციას, მომხმარებლის არჩევანს და იყენებდა ბოროტად საკუთარ დომინანტურ მდგომარეობას, რომელ ბაზარზე ხდებოდა ეს, რა გეოგაფიულ და სასაქონლო საზღვრებში. პირდაპირი გადაწყვეტილება, რომ კომპანია ფლობს ბაზარზე 40%-ზე მეტს და ამიტომ უნდა დაჯარიმდეს, იქნება ძალიან უხეში შეცდომა და მე ვფიქრობ, ასეთ პრეცენდენტებს ადგილი არ ექნება.
_ წიგნების ბეჭდვის გახმაურებული ამბავი რომ ავიღოთ, როდესაც ძირითადად ერთ სტამბას აძლევდნენ დასაბეჭდად და მხოლოდ ერთი კომპანიის მაღაზიაში და ასევე ერთ კონკრეტულ აფთიაქში იყიდებოდა, არის თუ არა ეს მონოპოლიის თვალსაჩინო მაგალითი?
_ თუ სხვა კომპანიებს შეეძლოთ უკეთესი პირობებით გაეკეთებინათ იგივე, ან არ ჰქონდათ წვდომა ტენდერზე, ხარჯების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კომპანია იღებდა ზემოგებას, ამ ვერტიკალური სქემით – გამომცემლობა, სარეალიზაციო ქსელი ზღუდავდა მომხმარებლის არჩევანს, მაშინ ეს შეიძლება შეფასდეს მონოპოლიური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებად.
დღეს ბევრს საუბრობენ ფარმაცევტული კომპანიების ვერტიკალზეც – წამლის წარმოება, დისტრიბუცია, სარეალიზაციო ქსელი, სადაზღვევო კომპანია, კლინიკა, ბანკები, სადაზღვევო კომპანიები და სხვადასხვა არაპროფილური აქტივები. მე ვფიქრობ, ეს უნდა მოექცეს ანტიმონოპოლიური სამსახურის შესწავლის ობიექტივში და თუ დამტკიცდება, რომ ეს ვერტიკალები ზღუდავს კონკურენციას და მომხმარებლის არჩევანს, მათ საწინააღმდეგოდ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას. კვლევამდე, მათზე პირდაპირ ზემოქმედებას გაუმართლებლად მივიჩნევდი.