პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ ბეჟაშვილს პოლიტიკური წარსული შეახსენა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას რომ სახალხო დამცველის მაშინდელი დასკვნები ეკითხა კარგი იქნებოდა. კობახიძემ უმცირესობის სურვილი, დაეხმარონ საგამოძიებო პროცესს და შეიქმნას საგამოძიებო კომისია, საზოგადოების თვალში მოვლენებიდან გამიჯვნის ხერხად შეაფასა. ბეჟაშვილის თქმით კი ეს ფაქტები, რომელიც სამეგრელოს სამალავებში აღმოჩნდა და ის მოვლენები, რომელიც ბოლო დროს ამ ფაქტის ირგვლივ ტრიალებს, მძიმეა და ყველა, ვინც ამ საქმეშია გარეული, კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს.
,,ქვეყანაში საზოგადოებაში გავრცელებულ მასალებს, რომელიც წამების და არაადამიანური მოპყრობის კადრებს შეიცავს, ბუნებრივია, ძალიან მძიმეა. საკითხის სირთულე და დრამატიზმი მოითხოვს ამ საკითხისადმი ცივი გონებით მიდგომას. საქმე იმდენად მძიმე დანაშაულთან გვაქვს, რომ ყველა პირი, რომელიც დაკავშირებული იყო ამ ფაქტებთან, უნდა დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით. ეს არ არის, რომელიმე პოლიტიკური მმართველის მოთხოვნა, ან ჯგუფის. ეს ქართული სახელმწიფოს ინტერესია, რომ გამოიძიოს ეს საქმე. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს საგამოძიებო კომისიის შექმნას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საგამოძიებო კომისია ხელს შეუწყობს ამ ფაქტების დროულ გამოძიებას“, _ განაცხადა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უმცირესობის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა.
ბეჟაშვილმა პასუხი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილისგან იქვე მიიღო. მანანა კობახიძემ მას ის დრო შეახსენა, როცა მმაართველი გუნდის წევრი იყო და 9 წლის განმავლობაში ამ გუნდს სახალხო დამცველის არცერთი დასკვნა არ წაუკითხავს. მისივე განცხადებით, გამოძიება საკმაოდ სწრაფ ტემპში მიმდინარეობს და ამ ეტაპზე არ არის საჭირო საქმე დამატებით საპარლამენტო კომისიამ გამოიძიოს.
,,ეს საკითხი, ალბათ, ხვალ იქნება დებატების თემა. დარწმუნებული ვარ, ამ საკითხს ხვალაც დააყენებთ სესიაზე, მაგრამ მინდა, აქვე ჩემი მოსაზრება გამოვთქვა. გამოძიება დროულად უნდა ჩატარდეს. გეთანხმებით, რომ ყველა ის პირი, ვინც ამაში მონაწილეა, უნდა დაისაჯოს. პროკურატურა ზედამხედველობს ამ ყველაფერს. ეგებ დავაცადოთ გამოძიებას და გარდა ამისა მაპატიეთ, ბატონო ლევან, მე მესმის თქვენი სულისკვეთება, რომ გინდათ, საზოგადოების თვალში გაემიჯნოთ ამ მოვლენებს, მაგრამ ამ ცხრა წლის განმავლობაში რომ სახალხო დამცველის დასკვნები მაინც გეკითხათ, კარგი იქნებოდა“, _ ასე უპასუხა ბეჟაშვილის მოთხოვნას საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ.
ბეჟაშვილმა კობახიძის ბრალდებას უპასუხა, რომ ეს ფაქტისგან გამიჯვნის მცდელობა არ არის და საპარლამენტო უმცირესობას სურს, მონაწილეობა მიიღოს საქმის ძიებაში, რათა ყველაფერი დროულად იყოს გარკვეული. მისივე თქმით, ნებსით თუ უნებლიეთ, ამ საკითხზე პასუხისმგებლობა ყოფილი მმართველი ძალის ყველა წევრს ეკისრება.
,,გამიჯვნის სურვილი ეს არ არის, რაც არ უნდა გავემიჯნოთ ამ ფაქტს, ნებსით თუ უნებლიეთ, პასუხისმგებლობა ყველას ეკისრება. ჩვენი მთავარი სურვილი არის ის, რომ ჩვენ მივიღოთ მონაწილეობა ამ გამოძიებაში, დავეხმაროთ გამოძიების პროცესს, სადაც არ უნდა მიდიოდეს კვალი“, _ აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა ბიუროს სხდომაზე.