საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი, იმ ახალ საწარმოებზე საუბრობს, რომლებიც მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაიხსნა.
"მე ვიყავი სამცხე-ჯავახეთში და დღე-ნახევრის განმავლობაში ვნახე 7 ახალი საწარმო, რომელიც მოქმედებს და ადამიანებიც არიან დასაქმებულები. ვნახე მშენებარე საწარმოებიც. ეს ის საწარმოებია, რომლებმაც საერთაშორისო დონორი ორგანიზაცია „მერსი კორის“ დახმარებით უკვე ისარგებლეს დაბალპროცენტიანი სესხის კომპონენტით. ვნახე ის საწარმოებიც, რომლებსაც ჯერ არ აუღიათ სესხი, მაგრამ უკვე მოლაპარაკებული არიან ბანკებთან და გეგმავენ ისარგებლონ ამ სესხებით. მთავარია გინდოდეს დაინახო ის საქმე, რომელიც კეთდება, მაგრამ სხვა საქმეა როცა არ გინდა დაინახო და ხდება ულტრირება არაკეთილმოსურნეების მხრიდან. ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია ქვეყანაში შეიქმნას მცირე და საშუალო რამდენიმე საწარმო, ვიდრე ერთი გიგანტური ქარხანა და რომც აშენდეს, სად არის ნედლეული? არ უნდა ვიყოთ გიგანტომანიით შეპყრობილი, მთავარია ყველა ქმედება მიმართული იყოს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაზე".
კომიტეტის თავმჯდომარემ სკეპტიკურად განწყობილი ადამიანებისთვის რამდენიმე საწარმოს მაგალითი მოიყვანა და განაცხადა:
"ახალქალაქში არის კოოპერატივი "მზიური ჯავახეთი", რომელიც დღეში გადაამუშავებს 3000 ლიტრამდე რძეს, აწარმოებს ე.წ. შვეიცარიულს, ქარხნულს, ლორს, შებოლილ ყველს, სულგუნს. იგეგმება მაწვნის და არაჟნის წარმოება. დასაქმებულია 10 ადამიანი. საწარმო გაიხსნა დაბალპროცენტიანი სესხით და ისარგებლა 45000$-ით. კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან. ნინოწმინდის რაიონში ინდმეწარმე ცოლაკ გრიგორიანის საწარმო, რომელშიც დასაქმებულია 10 ადამიანი და დღეში საშუალოდ 3000 ლიტრ რძეს გადაამუშავებს".
მისივე თქმით, ახალი საწარმოების მიერ შექმნილი პროდუქტები თბილისში დოლიძის ქუჩაზე იყიდება და ყველას შეუძლია გასინჯოს ეს პროდუქცია.
უმრავლესობის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ კარგად არ არის ინფორმირებული საზოგადოება იმ საქმეებით, რომელიც კეთდება და საჭიროა უფრო მეტი პიარი.
აგულაშვილის განმარტებით, იმ რეგიონებში, სადაც არ გამოიყო სესხები, სახელმწიფო და დონორი ორგანიზაციები გაწევენ დახმარებას. როგორც გაირკვა, აგულაშვილი აგრძელებს საწარმოების მონახულებას და "ყველა ურწმუნო თომას" ეპატიჟება საკუთარი თვალით ნახონ არსებული რეალობა.