წინასწარი მონაცემებით, 2014 წლის არჩევნების შედეგად, ქალთა რადენობამ საკრებულოებში, 11.9% შეადგინა. მათ შორის 64% პროპორციული სიით აირჩიეს, 32.8% მაჟორიტარული სისტემით, 3.2% -საინიციატივო ჯგუფებმა.
ექსპერტი გენდერის საკითხებში, თამარ ბაგრატია "გურია ნიუსთან" საუბრის დროს ამბობს, რომ როგორც მოსალოდნელი იყო ქალთა რაოდენობა ადგილობრივ თვითმმართველობაში, მხოლოდ მცირედით გაიზარდა და 11.9% შეადგინა, იმ ცვლილებების ფონზე, რომელიც განხორციელდა საარჩევნო სისტემაში, (პროპორციული მანდატების ზრდა) ეს სავალალო შედეგია, რომ არა ეს ცვლილებები, ქალთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდებოდა.
"მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ არცერთი ქალი არ არის თვითმმართველი ქალაქის მერი და მხოლოდ ორიოდე საარჩევნო ოლქში დარჩა ქალი გამგებლობის კანდიდატი მეორე ტურისათვის. ჩვენ შეიძლება ითქვას, ერთადერთი ქვეყანა ვართ, ყოველ შემთხვევაში ევროპის მასშტაბით, სადაც ქალთა რაოდენობა პარლამენტში ტოლია ქალთა რაოდენობისა ადგილობრივ თვითმმართველობაში და ეს ტიპიური ძალაუფლების გენდერული პირამიდის ანომალიად შეიძლება ჩაითვალოს, ამ შედეგების მიხედვით, ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ, თუ რა ქმედებები იყო არაეფექტური და თავი უნდა დავანებოთ ისეთ ქმედებებისა და აქტივობების განხორციელებას, რომლებმაც ქალთა პოლიტიკური გააქტიურებაზე პოზიტიური გავლენა ვერ იქონიეს და მხოლოდ ამა თუ იმ ორგანიზაციის ჩათვლით საქმიანობის ფორმატში "მოიხარშა."
თუ არ მოხდება ახალი მიდგომებისა და რადიკალური ნაბიჯების გადადგმა, ქალები, ელექტორატის 54% კვლავ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღმა აღმოჩნდება, რაც პოლიტიკისათვის გაცილებით სავალალოა, ვიდრე -ქალებისათვის", _ თქვა ბაგრატიამ.