"ვცხოვრობ ჩოხატაურში, აღმაშენებლის ქუჩა #44-ში. რადგან მე არ მაქვს თქვენთან პირადად საუბრის შესაძლებლობა, გადავწყვიტე წერილობით მომემართა თქვენთვის და შეძლებისდაგვარად აგიხსნათ, რაში მდგომარეობს ჩემი პრობლემა და გთხოვთ დამეხმაროთ", – ასე იწყება 23 წლის ლია გოგოლაძის წერილი, რომელიც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს მიწერა.
ლია გოგოლაძემ დავით სერგეენკო ოზურგეთში ნახა და მისი მდგომარეობის შესახებ მოკლედ მოუთხრო. მინისტრის თქმით, ის აუცილებლად მოიკვლევდა ინფორმაციას მის შესახებ და შესაბამისად ჩაერთვებოდა სამინისტრო.
თუ რა ეწერა წერილში, ეს “გურია ნიუსის“ საშუალებით შეგიძლიათ წაიკითხოთ.
"7 წლის ასაკიდან მაქვს სისტემატიური ტკივილები, მიუხედავად ექიმების გულწრფელი მონდომებისა ვერ დამიდგინდა დიაგნოზი. ყოველი მკურნალობა მთავრდებოდა დიაგნოზის გარეშე, რაც უფრო და უფრო ართულებდა ჩემს მდგომარეობას, ნელ-ნელა დამიქვეითდა მხედველობა, გადაადგილების უნარი, რის გამო სკოლაში სიარულიც ვერ შევძელი ყოველი დღე დამოკიდებული იყო ანტიბიოტიკებისა და გამაყუჩებლების მოქმედებაზე, რაც უმეტეს წილად უშედეგოდ მთავრდებოდა.
ყველა ტკივილს გულის ტკივილიც ემატებოდა, როცა მშობლების ცრემლიან, უიმედო თვალებს ვხედავდი რადგან ვერ მეხმარებოდნენ.
2005 წელს დამიდგინდა დიაგნოზი, თავში თურქული კეხის სიმსივნე. ნეიროქირურგებმა უარი მითხრეს მკურნალობაზე საქართველოში სათანადო აპარატურის არ არსებობის გამო. ხოლო საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება ჩვენ არ გვაქვს. წლების მატებასთან ერთად სიმსივნეც იზრდებოდა და დამეწყო შეტევითი ტკივილები, დამიქვეითდა მხედველობა, დაერთო გონების დაკარგვა. ოპერაციაზე უარი მითხრეს, რადგან მისი მდებარეობა რთულია ოპერაციისთვის.
2013 წელს, თებერვალში ინგოროყვას კლინიკაში შემთხვევით ჩამოვიდა ავსტრიელი პროფესორი, ჰენრი კოსტრომი, რომელმაც გამიკეთა ოპერაცია, თუმცა ოპერაციის შემდეგ აღინიშნა, რომ მიუხედავად მისი მაქსიმალურად მცდელობისა, სიმვსივნის ბოლომდე ამოკვეთა შეუძლებელია მისი მდებარეობის გამო, რადგან ბოლომდე ვერ იქნა ამოღებული, იმისთვის, რომ კვლავ არ გაზრდილიყო, საჭიროებდა სასწრაფო სხივურ თერაპიას, რომელიც ვერ გავიკეთე უფულობის გამო. ოპერაციიდან 5 თვეში ისევ დაიწყო სიმსივნემ ზრდა, დავკარგე მარცხენა თვალში მხედველობა.
აუტანელი ტკივილების გამო, ამა წლის 20 მაისს, წმ. მიქაელ მთავარანგელოზის კლინიკაში მეორედ გამიკეთეს ოპერაცია და ამჯერადაც უშედეგოდ დასრულდა. მდგომარეობა ოპერაციამ კიდევ უფრო გაართულა და ექიმებმა აღნიშნა, მეტი ოპერაცია არ შეიძლება. სასწრაფოდ მჭირდება სხივური თერაპია, გერმანიაში, სხვა ქვეყანაში აზრი არ აქვსო. ვერ დამეხმარნენ თურქეთში. გერმანიაში მკურნალობა კი ძვირი ჯდება, რის საშუალებაც არ მაქვს. 40 000 ევროზე არის საუბარი, თუმცა ეს სავარაუდო თანხაა. გერმანიაში გაგზავნილია ყველა ჩემი მონაცემები და ველოდებით პასუხს.
მყავს ხუთი თვის გოგონა, ამ ტანჯვის მიუხედავად, ღმერთმა მომცა ბედნიერება, რომელსაც შვილი ჰქვია.
ეს ჩემი სიცოცხლის ერთადერთი აზრია, მაგრამ ჩემი ავადმყოფობა არ მაძლევს საშუალებას ცოტა ხნით მაინც დავტკბე დედობით და შვილის გაზრდის ბედნიერებით. ამიტომ, გთხოვთ მამაშვილურად დამეხმაროთ."
აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრამდე, გოგოლაძე "გურია ნიუსის" რედაქციაში მოვიდა, სადაც გურიის გუბერნატორის, გიორგი ჩხაძეს შეხვდა და დახმარება სთხოვა.
შეხვედრის მეორე დღეს ჩხაიძემ სამინისტოში შუამდგომლობა გააგზავნა და გოგოლაძეს დოკუმენტაციის წარდგენა მოსთხოვეს.
ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, ოპერაციის თანხის თანადაფინანსებისთვის გოგოლაძემ ექსპერტიზის დასკვნა უნდა წარადგინოს