როდის გახდება გურული ევროპელი?
გურიაში სტუმრად მყოფ პარლამენტარებს ამ კონკრეტული კითხვით მივმართეთ:
თინათინ ხიდაშელი: ვფიქრობ, რომ მთავარი ის არ არის, ქაღალდზე რა წერია ან რა დაიწერება ხვალ, მთავარია, ჩვენ გონებით გავხდეთ ევროპის ნაწილი. ცხოვრების ჩვეულებრივ წესად უნდა იქცეს ის, რომ ვიცოდეთ, არსებობს ევროკავშირი და რა ღირებულებებზე დგას ის. ამის მერე რაღაც პროცედურის და ფორმალობის თემა იქნება, როდის გავხდებით წევრები, ხელშეკრულების ჰარმონიზაცია როდის მოხდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მეორეხარისხოვანი. პირველხარისხოვანი არის ის, რომ ჩვენ ყველა რეალურად, გულწრფელად ვიყოთ მზად ამ გამოწვევისთვის.
ზვიად კვაჭანტირაძე: გურულები, დიდი ხანია, ევროპელები ვართ და პირიქით, მოგვბაძონ დანარჩენმა ქართველებმა. უპირველესად, ევროპელები ვართ მენტალურად და ევროპელები ვართ პოლიტიკური კულტურით. ჩვენ ვართ ძალიან აქტიურები, დაინტერესებულები საქართველოს მომავლით. პატარა პრობლემები გვაქვს, მაგრამ იმედია, ყველაფერი გამოსწორდება.